6 თებერვალს გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს უკავშირდება. უკრაინულ ვებპორტალზე (Українська революція) ატვირთული ჩანაწერის თანახმად, ნიკა გვარამია იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, მილიონებზე ელაპარაკება და იკვეთება კონკრეტული მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებული კონტექსტი. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი თვლის, რომ მსგავსი დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნებით ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტების გადაფარვას ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი „რუსთავი 2“-სა და მის გენერალურ დირექტორს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტირებაში ადანაშაულებს. პოლიტიკური ოპოზიცია მოსამართლე ნაზღაიძის საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.
უკრაინულ ვებპორტალზე გამოქვეყნებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში ლაპარაკია სამ მილიონ დოლარზე და ამ ფულის მოსაპოვებლად ნიკა გვარამიად დასახელებული პირი შუამავლობას სთხოვს ზურაბ ადეიშვილად დასახელებულ პირს. აქვე ლაპარაკია მოსამართლეების, ახვლედიანისა და ალავიძის, დამსახურებებზე და კონტექსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფული დასახელებული პირებისთვის გადასაცემად არის გამიზნული. გავიხსენოთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა.
როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა 6 თებერვალს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, გამოქვეყნებული ჩანაწერი წარმოადგენს წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩაწერილი სატელეფონო საუბრების მონტაჟს და ამ ყველაფრის უკან სპეცსამსახურები დგანან. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო წლებში მას არ ჰქონია სატელეფონო კონტაქტი იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან:
„რაც ვიცანი, არის 4-5 საუბარი, ხოლო რაც ვერ ვიცანი, საერთოდ ვერ ვხვდები, როდის ვისთან ვილაპარაკე. ეს კიდევ მეორე საკითხია... ბატონ ადეიშვილთან ჩემი საუბარი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ არ გვისაუბრია მე და მას უკვე ძალიან დიდი ხანია... უფრო სწორად, ბუნებაში შეიძლება არსებობს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ, მინიმუმ ბოლო ორი წელია ჩვენ ტელეფონით არ გვისაუბრია. ჩვენი საუბრები, რა თქმა უნდა, შემდგარა, მაგრამ პირადად - კიევში... მე არაერთხელ ვყოფილვარ კიევში ამ პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ იქ ჩვენი დამფუძნებლები ცხოვრობენ და ცხოვრობდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ბატონი ადეიშვილიც“.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული პროცესები და კონკრეტული ფაქტები: ტელეკომპანიის საქმეში ჩართული მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, სახელმწიფოს მიერ მოსყიდვა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსამართლეების ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც ასევე ფიგურირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე.
მოსამართლეთა ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება 14 იანვრით თარიღდება, ხოლო მთავარი პროკურატურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის, წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ხსენებული მოსამართლეებისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა წარმოადგინეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები“.
საქმის შინაარსთან დაკავშირებული სხვა დეტალები გამოძიებას არც მანამდე დაუკონკრეტებია და არც მას შემდეგ, თუმცა, როგორც 3 თებერვლის პრესკონფერენციაზე განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, დასახელებული მოსამართლეები ამხელდნენ არა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ შექმნილ სისტემას და მათზე ხორციელდებოდა დიდი წნეხი - ჩვენებების შეცვლის მოთხოვნით. გვარამია 3 თებერვალს დარწმუნებით აცხადებდა იმასაც, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესები ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის „ორკესტრირებული“ და რომ ერთადერთი, ვინც ამ პროცესებში არ არის ჩართული - ეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია.
რაც შეეხება მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებულ ამბავს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში 5 თებერვალს გასული სიუჟეტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, ძმამ, რომელიც მოსამართლეს ოჯახის წევრად ჰყავს მითითებული და რომელთან ერთადაც ცხოვრობს, თბილისის მერიისგან საგანგებო წესით მიიღო მილიონი ლარის ოდენობის სარგებელი, 13 ივნისის სტიქიის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. სახელმწიფოს ამ ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას სთხოვენ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ვიცე-მერის, ირაკლი ლექვინაძის, განცხადებით, კომპენსაციის საკითხი, მართლაც, 13 ივნისის სტიქიას უკავშირდება და მოქალაქე ნაზღაიძესთან დაკავშირებით კანონი არ დარღვეულა, ხოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია, სხვა თანაგუნდელების მსგავსად, სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ლაპარაკობს:
ძალიან ბევრი სიბინძურე განხორციელდა სასამართლოს მხრიდან „რუსთავი 2“-თან მიმართებით, რაც ჩემი თვალით ვნახე. მე ვესწრებოდი ერთ-ერთ პროცესს და პროტესტის ნიშნად დავტოვე სასამართლოს შენობაზაზა ხატიაშვილი
„უკვე ძალიან ღიად, დაუფარავად, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც არ ერიდება მოსამართლეების მიმართ პირდაპირი შეტევის განხორციელებას. ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე ზეწოლის განხორციელების“.
საპირისპირო აზრისაა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტთან დაკავშირებით პირადად მისთვის სავსებით დამაჯერებელია და აშკარაა ისიც, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების ძლიერი სურვილი ამოძრავებს:
„ძალიან ბევრი სიბინძურე განხორციელდა სასამართლოს მხრიდან „რუსთავი 2“-თან მიმართებით, რაც ჩემი თვალით ვნახე. მე ვესწრებოდი ერთ-ერთ პროცესს და პროტესტის ნიშნად დავტოვე სასამართლოს შენობა. სასამართლო ასეთ დავას ასეთი სისწრაფით რომ იხილავს... - თქვენ იცით, რომ ერთ თვეში განსახილველი საქმეები წლობით არ იხილება?! ეს ხომ პირდაპირ ხელისუფლების ისტერიას აჩვენებს ტელეკომპანიასთან მიმართებაში... ყველაფერი ხელში ჩაიგდეს, დარჩა მარტო „რუსთავი 2“ და ისიც ხელში უნდათ რომ ჩაიგდონ“.
„რუსთავი 2“-ის სიუჟეტს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით 6 თებერვალს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება და ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში „ამომწურავი“ პასუხი უნდა გასცეს ამ ეტაპზე არსებულ ყველა შეკითხვას.
„რუსთავი 2“-ის საქმე ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პირველ და მეორე ინსტანციებზე საქმის წაგების შემდეგ, ტელეკომპანიის ადვოკატები ითხოვენ, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ”რუსთავი 2”-ის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა.