Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ნიკა გვარამია დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ავთენტურია ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 2016 წლის ოქტომბერში. შსს-ს ცნობითვე, ნიკა გვარამია დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. ჩანაწერის თანახმად, ახვლედიანი საუბრობს სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე, აკრიტიკებს კონკრეტულ მოსამართლეებს და ამბობს, რომ თუ რაიმე სხვა გამოჩნდება და ოჯახი მშიერი არ დარჩება, სამსახურს დატოვებს. საპასუხოდ, გვარამია აღნიშნავს, რომ „ეგ რთული არ არის.“ 2016 წლის ოქტომბერში, ინტერნეტსივრცეში ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მან ჩაწერა მამუკა ახვლედიანთან საუბარი, თუმცა, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში დაადანაშაულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თავად მამუკა ახვლედიანმა მაშინ განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული საუბრის ჩაწერის შესახებ და ნიკა გვარამიასგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა. მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

XS
SM
MD
LG