ევროვიზიის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე უკრაინის წარმომადგენლის, ჯამალას, გამარჯვებას რუსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. რუსი კონკურსანტის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ უკრაინელი მონაწილის გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
სიმღერა, რომელმაც უკრაინელ კონკურსანტ ჯამალას 15 მაისს ევროვიზიაზე გამარჯვება მოუტანა, ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირიდან ყირიმელი თათრების მასობრივ დეპორტაციას. ბევრის აზრით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე ამ სიმღერას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ნაწარმოები ევროვიზიის წესებს არ არღვევს და ის არ შეიცავს ტექსტს, ჟესტებს ან სხვა სახის პოლიტიკურ განცხადებას.
როგორც ჯამალამ 16 მაისს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას თქვა, ეს იყო უკრაინის დამსახურებული გამარჯვება:
„ეს მედლის ან ჯილდოებისთვის არ გამიკეთებია. ძალიან გულწრფელად ხალხისთვის გავაკეთე, რადგან ამას ვიმსახურებთ. ბევრი ვიტანჯეთ. ჯერ რევოლუცია იყო, შემდეგ ანექსია, შემდეგ ომი. ამდენი ტანჯვის შემდეგ, ძალიან მინდოდა, ცოტა სიხარული მომეტანა უკრაინელი ხალხისთვის“.
ევროვიზიაზე გამარჯვებული ქვეყანა მომდევნო წელს კონკურსის მასპინძელი ხდება. ჯამალას გამარჯვებაზე საუბრისას რუსეთის ტელევიზიაში ილაპარაკეს იმაზე, თუ რამდენად გასწვდება ფინანსურად უკრაინა ამ ღონისძიებას.
კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა. მწყინს ჩვენი მესამე ადგილი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, უკრაინამ, გაიმარჯვა...ფიოდორ ოსიპოვი
ორგანიზატორების მცდელობის მიუხედავად, ეს კონკურსი მაინც არ არის თავისუფალი პოლიტიკური განცხადებებისგან. მაგალითად, წელს სომხეთის წარმომადგენელმა პირდაპირ ეთერში მთიანი ყარაბაღის დროშა ააფრიალა, რასაც აზერბაიჯანელების პროტესტი მოჰყვა.
თუმცა, რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებისგან უკრაინამ 10 ქულა მიიღო, ხოლო უკრაინელებისგან რუსეთმა - მაქსიმალური, 12.
ჟიურის უკრაინელმა და რუსმა წევრებმა კი ერთმანეთის ქვეყნებს ქულები არ დაუწერეს.
რუსი კონკურსანტი სერგეი ლაზარევი 2016 წლის ევროვიზიაზე, მაყურებლების ხმებით, პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა, საერთო ჯამში, კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
„რა უნდა ვთქვა? გრძნობები გაორებული მაქვს. ამდენი გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის კარგად წარმოსაჩენად და, მგონი, გამოგვივიდა. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპელმა ტელემაყურებელმა უმაღლესი შეფასება მოგვცა. ამით მათ გვაჩვენეს, რომ კომპეტენტურ ჟიურის შეუძლია უკან ჩააჩოჩოს [ესა თუ ის კონკურსანტი]“.
შედეგებით იმედგაცრუებულები არიან რუსი გულშემატკივრები. მოსკოველი პენსიონერი ანა პენკოვა მიიჩნევს, რომ ჯამალას გამარჯვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა:
„რა თქმა უნდა, ჩვენს კონკურსანტს ვუჭერდი მხარს, თუმცა, ხომ იცით, პოლიტიკა უკვე შეიჭრა მუსიკაში. პოლიტიკა მუსიკით მანიპულირებს და ეს ძალიან საწყენია. 2 საათამდე ვერ დავიძინე. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, ბოლოს მაინც მუსიკა გაიმარჯვებდა“.
ასევე ფიქრობს მოსკოველი მარია ბუხაროვა:
„ცხადია, რომ მთელი ევროპა მხარს უჭერს უკრაინას. ეს ნათელი იყო. ჩემი აზრით, - ზედმეტად ნათელი და გასაგები. ყველას ესმის, რომ ნამდვილი გამარჯვებული ჩვენი ბიჭია“.
თუმცა რუსეთში არიან ისეთებიც, რომლებსაც უკრაინის გამარჯვება გაუხარდათ. ერთ-ერთი მათგანი ჯარისკაცი ფიოდორ ოსიპოვია:
„კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა. მწყინს ჩვენი მესამე ადგილი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, უკრაინამ, გაიმარჯვა“.
ჯამალა, რომლის სრული სახელიც არის სუსანა ჯამალადინოვა, ყირგიზეთში დაიბადა - ქვეყანაში, სადაც მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმიდან გადაასახლეს. მოგვიანებით ისინი უკან დაბრუნდნენ, თუმცა ჯამალა ყირიმის ანექსიის შემდეგ იქ აღარ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ მისი ნათსავები.
ჯამალას სიმღერის ინგლისურ ტექსტში მისამღერი ყირიმელ თათართა ენაზეა და შეიცავს სიტყვებს: „როდესაც უცხოები შენთან სახლში მოდიან, გკლავენ და ამბობენ, „არ ვართ დამნაშავე“.
15 მაისს უკრაინაში დაბრუნებისას, როდესაც მომღერალს ბორისპოლის აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა, მან თქვა:
„ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი შესაძლებლობა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ევროპა გვენდო“.
რუსმა კონკურსანტმა ლაზარევმა, რომელიც აუდიტორიის რჩეული მონაწილე გახდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გააკრიტიკა რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია. ის ასევე გამოვიდა რუსეთის მთავრობის ჰომოფობიური პოლიტიკის წინააღმდეგ, როდესაც რუსეთში გამოსცეს კანონი „გეი პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.