Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაისჯება პარტიების დაფინანსებისთვის


კონტროლის პალატას გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დაახლოებით ბოლო 6 თვეში მიღებულ შემოწირულებას უკავშირდება. საუბარია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებულ მონაცემებზე, რომელთა მიხედვითაც ყველაზე მსხვილი მასშტაბის შემოწირულება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სათვალავზე მოდის. როგორ დადგინდება თანხების წარმომავლობა და ვინ დაისჯება პარტიული შემოწირულებისთვის?

იმის გამო, რომ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შემოწირულების განხორციელების უფლება, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ ფიზიკურ პირებს აქვთ, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული სიებიც მხოლოდ კონკრეტულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ მონაცემებს მოიცავს. ეს არის: სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი.

კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიკური პირისთვის განსაზღვრული შემოწირულების მაქსიმალური ზღვარი 60 ათას ლარს შეადგენს და ერთბაშად ამ მოცულობის თანხა ყველაზე მეტ შემთხვევაში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზეა ჩარიცხული. ხოლო ერთად აღებული, 1 იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მმართველმა პარტიამ შემოწირულების სახით 1 768 492 ლარი მიიღო. აქვეა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებათა მონაცემებიც: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 43 923 ლარი, რესპუბლიკური პარტია - 147 456 ლარი, ეროვნული ფორუმი - 171 249 ლარი, ”თავისუფალი დემოკრატები” - 208 179 ათასი ლარი, ახალი მემარჯვენეები - 116 451 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 50 000 ლარი. კონკრეტული ჩამონათვალის ხილვა შესაძლებელია კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია შემოწირულებებისა, რომელთა დასაბუთებულობა საჭიროებს დამატებით შემოწმებასა და გამოკვლევას ...
ნატო ზაალიშვილი

ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა, როგორც კონტროლის პალატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საგანგებო ყურადღება უკვე მიიქცია გარკვეულმა ინფორმაციამ 20 ივნისს გამოქვეყნებული ნუსხებიდან. ზაალიშვილი მონაცემთა გადამოწმების პროცესში ჩართვისკენ საზოგადოებასაც მოუწოდებს:

”გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია შემოწირულებებისა, რომელთა დასაბუთებულობა საჭიროებს დამატებით შემოწმებასა და გამოკვლევას. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას და ასევე მოუწოდებს საზოგადოებას მეტი ჩართულობისაკენ, რათა მათ ხელთ არსებული მონაცემები და ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე მიაწოდონ მონიტორინგის სამსახურს.”

თუკი ამ პროცესში რომელიმე ფიზიკურ პირს უკანონო ქმედებები დაუდასტურდება, მას ჯარიმის სახით ამა თუ იმ პარტიისთვის გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს. თუმცა, ვიდრე კამპანია ”ეს შენ გეხებას” ძალისხმევით კანონით ადრე გათვალისწინებული ათმაგი ოდენობის განახევრება მოხერხდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ აშკარად დაიჩაგრა დაჯარიმებულთა პირველი ნაკადი. საუბარია, მაგალითად, თამაშა ჩიტაიაზე, ბესიკ მუმლაურზე, მარიამ მეტრეველსა და ვახტანგ ედიშერაშვილზე, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართულ ოცნების” სახელზე შემოწირულება თებერვლის დასაწყისში განახორციელეს.

დაკითხვის საფუძველზე კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ ხსენებულმა პირებმა შემოწირულება კანონის გვერდის ავლით განახორციელეს და რომ ვერც შეწირული თანხის წარმომავლობა დაადასტურეს. აქვე ვთქვათ, რომ სამ შემთხვევაში ჯარიმა - 100 ათას ლარს, ხოლო ერთ შემთხვევაში - 50 ათას ლარს შეადგენს. მართალია, ამ ეტაპზე ხსენებული პირების უძრავი ქონება დაყადაღებას გადაურჩა, მაგრამ ყადაღა ადევს მათ საბანკო ანგარიშებს.
საერთო სასამართლოების ორი ინსტანციის გავლის შემდეგ, ადვოკატი ალა კახნიაური ოთხივე დაზარალებულის ერთიან სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს.

ვიდრე კონტროლის პალატა დააყადაღებს პირის ქონებას, მან უნდა ცნოს ეს პირი პარტიასთან დაკავშირებულ პირად; უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება ...
ნინო ლომჯარია

”დღეს არ უნდათ აღსრულება ქონების გაყიდვის, მაგრამ ხვალ რომ მოინდომონ?! მერე ეს ოთხივე ადამიანი, თავიანთ ოჯახებთან ერთად, ქუჩაში აღმოჩნდება. ჩინოვნიკებისა და სასამართლოს უკანონო ქმედებების გამო ეს ადამიანები ქუჩაში არ უნდა დავტოვოთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა კახნიაურმა.

დაჯარიმებულთა პირველი ნაკადი გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში რომ აღმოჩნდა, ამას ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საეთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაც ადასტურებს. საჯარიმო თანხის ხუთმაგ ოდენობამდე შემცირების გარდა, მისი თქმით, სამოქალაქო კამპანიის ”ეს შენ გეხებას” აქტიურობის შედეგად, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით ვითარება შედარებით იმის გამოც გაუმჯობესდა, რომ უფრო ზუსტად გაიწერა კონტროლის პალატასთან დაკავშირებული პროცედურები:

”ვიდრე კონტროლის პალატა დააყადაღებს პირის ქონებას, მან უნდა ცნოს ეს პირი პარტიასთან დაკავშირებულ პირად; უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, სადაც უნდა მონაწილეობდნენ მხარეები; შემდეგ უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, რომელიც შემდეგ სასამართლოს ეგზავნება და ასე შემდეგ. კონტროლის პალატას შეეზღუდა თვითნებური ქმედებებისა და თვითნებური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები. ”

თუმცა, ლომჯარიას თქმით, ერთია კანონმდებლობის დახვეწა და მეორეა მისი აღსრულება პრაქტიკაში. ფაქტია, რომ სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში გაერთიანებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს არცთუ იშვიათად უჩნდებათ მწვავე შეკითხვები კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG