Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ითხოვს კონტროლის პალატა შემოწირულების დაბრუნებას


ნათია მოგელაძე
ნათია მოგელაძე
საქართველოს კონტროლის პალატა სავარაუდო კანონდარღვევაზე საუბრობს და შემოწირულების სახით მიღებული თანხების უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ გაერთიანება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას”. თუმცა თუკი ”ქართული ოცნების” შემთხვევაში ფინანსური მონიტორინგის სამსახური ”უკანონო სქემის” დეტალებზე ლაპარაკობს, პრაქტიკულად არაფერი კონკრეტდება მმართველ პარტიასთან დაკავშირებით. ”ქართული ოცნება” შემოწირულების დაბრუნებას არ აპირებს და ისევ სახელისუფლებო წნეხზე საუბრობს.

”საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილ იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა”, - უთხრა ჟურნალისტებს 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ და იქვე განმარტა, რომ საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირის მიერ განხორციელებულ შემოწირულებას. მოგელაძის თქმით, მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილმა 2012 წლის 6 თებერვალს კომპანია ”ქართუ მშენებელისგან” პრემიის სახით მიიღო 40 ათასი ლარი, ”რაც, ფაქტობრივად, მის 4 წლის ხელფასს შეადგენს” და რომლის ნახევარიც ”პრემიის მიღებიდან 3 დღეში” მან ”შემოწირულების სახით გადაურიცხა ბიძინა ივანიშვილისავე დაფუძნებულ მოძრაობა ‘ქართულ ოცნებას’.”

ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ქმედება კონტროლის პალატის მხრიდან, რომელიც ახორციელებს ხელისუფლების დაკვეთას ...
მაია ფანჯიკიძე
”ვფიქრობთ, რომ სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობა და შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იწვევს შესაბამის სანქციებს - პარტიის დაჯარიმებას და ასევე შემოწირული თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება პოლიტიკური მიზნების დაფინანსება”, - აცხადებს ნათია მოგელაძე.

კონტროლის პალატა მოუწოდებს ”ქართულ ოცნებას”, რომ ნუგზარ ხუციშვილის მიერ უკანონოდ შემოწირული 20 ათასი ლარი უკან დაუბრუნოს ”ქართუ მშენებელს”.

თუკი რამდენიმე კვირის წინ კონტროლის პალატის მსგავს მოწოდებას შპს ”ელიტა ბურჯთან” დაკავშირებით, უსამართლობის განცდის მიუხედავად, მაინც დაჰყვა ”ქართული ოცნება”, ამჯერად უკვე საზოგადოებრივი მოძრაობა უარს ამბობს მიღებული 20 ათასის დაბრუნებაზე. როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, რომელიც 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ წაიკითხა, პრემიის სახით მიღებული თანხა რამდენიმე კომპანიაში დასაქმებული ნუგზარ ხუციშვილის არა წლების, არამედ რამდენიმე თვის ხელფასს უტოლდება და რომ ის, როგორც ფიზიკური პირი, შემოწირულების განხორციელებისას კანონის სრული დაცვით მოქმედებდა. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნის უკან ხელისუფლების უცვლელი განზრახვა იკვეთება:

”ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ქმედება კონტროლის პალატის მხრიდან, რომელიც ახორციელებს ხელისუფლების დაკვეთას, შეკვეთას (თუ... რაც გნებავთ, ის დაარქვით) მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეზღუდოს მუშაობის უფლება, მუშაობის თავისუფლება.”

კონკრეტული შემთხვევების გარდა, ”ქართული ოცნება” უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნევს კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მოძრაობა მონიტორინგის სუბიექტად იქნა აღიარებული. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

”ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, 95 848 ლარის დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა მმართველმა პარტიამ და ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში დაადასტურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა:
ეს თანხა, რომელიც შესაძლოა კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით იყოს მიღებული, გადარიცხოს უკან სახელმწიფო ბიუჯეტში ...
ნათია მოგელაძე

”მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულება, გარკვეული კონსულტაცია გავმართეთ პარტიის შიგნით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თანხები, რომელზეც კონტროლის პალატამ გამოთქვა ვარაუდი და მიიჩნევს აღნიშნულ თანხას პრობლემურად, რომ ეს თანხები მივმართოთ, წინადადების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში.”

ზურაბ მელიქიშვილმა არ დაგვიკონკრეტა, თუ რა წარმოშობის თანხებზეა საუბარი და რა სქემის მიხედვით გადაერიცხა ის თავის დროზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. დეტალებზე არც ნათია მოგელაძე საუბრობს, მმართველ პარტიასთან მიმართებით ის არც კომპანიებს ასახელებს და არც კონკრეტულ გვარებს:

”ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მივიჩნიეთ, რომ რეალური შემომწირველი არის ერთი წყარო, მაგრამ რადგანაც კანონს ზღვრული ოდენობა აქვს დაწესებული, ეს ფინანსური საშუალებები გადანაწილებულია სხვა პირებზე. სწორედ ამიტომ, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მივმართავთ წინადადებით, რომ ეს თანხა, რომელიც შესაძლოა კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით იყოს მიღებული, გადარიცხოს უკან სახელმწიფო ბიუჯეტში.”

ნათია მოგელაძე ამბობს, რომ 20 თებერვალს მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ დასაბუთებულ ვარაუდს წარმოადგენს, თუმცა კონტროლის პალატის დაუსაბუთებელი მიდგომები ამ შემთხვევაშიც გაუგებარია მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისთვის მიუღებელია, როცა კონტროლის პალატა ვარაუდების დონეზე მსჯელობს, რადგანაც ამან შესაძლოა დაუმსახურებლად შელახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის იმიჯი.

ეკა გიგაურის თქმით, შეკითხვებს აჩენს როგორც თავად კანონმდებლობის ბუნდოვანი მოთხოვნები, ასევე ის ფაქტი, რომ კონტროლის პალატას არ გააჩნია გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი, გარკვევით გაწერილი რეგულაციები. ეს ის პრობლემებია, რომლებიც გაპროტესტებულია არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციების მიერ წამოწყებული აქციის ”ეს შენ გეხება” ფარგლებში.

ამ აქციის ეგიდით, 17 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა პეტიცია, რომელზე ხელმომწერებიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს, საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შარშან შეტანილ ცვლილებებს აფასებენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევად. პეტიციაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა საარჩევნო გარემო, ხოლო ხელისუფლებას მანიპულირების საშუალება მისცა.

ასევე 17 თებერვალს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიც, რომელიც მოამზადეს კოალიციამ - ”არჩევანის თავისუფლებისთვის”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG