Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია


კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს ”საყვირების” აქცია გამართეს საქართველოს პარლამენტთან.
კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს ”საყვირების” აქცია გამართეს საქართველოს პარლამენტთან.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში შეიტანეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის შესწორებას ითვალისწინებს. საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღების მოთხოვნა აისახა ასევე საგანგებო პეტიციაში, რომელსაც 200-მდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიცია, კანონპროექტთან ერთად, პარლამენტის კანცელარიას ჩაბარდა.

მოვლენების ეპიცენტრად პარლამენტი და მისი მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო კამპანიის ”ეს შენ გეხება” დაწყების მეხუთე დღეს იქცა. საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული პარლამენტის პაკეტის საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება საპროტესტო აქციის ფონზე მოხდა. აქციის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი ”პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის სადავო დებულებების განხილვას მიუბრუნდება.

” პერსპექტივაში ველი მინიმუმ საკომიტეტო განხილვას, დანარჩენს მერე მომავალი გვიჩვენებს. აქ მთავარია, რომ თუ არ დაწერე და არ შეიტანე, ისე არავინ არაფერს არ შეცვლის. ეს საზოგადოებრივი კამპანია იმისთვისაა მნიშვნელოვანი და საჭირო, რომ ამ ადამიანებმა, პარლამენტში მსხდომებმა, გაიგონ, რომ ეს არ არის ერთი და ორი ორგანიზაციის ან ერთი და ორი ადამიანის კერძო მოსაზრება. რომ ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი უმრავლესობის აზრი”, გვითხრა ირაკლი მელაშვილმა, ექსპერტმა კოალიციისა ”არჩევანის თავისუფლებისათვის”.
ბიურომ ხუთი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს ეს წინადადება ...

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი კი შენიშნავს, რომ საკანონმდებლო პაკეტის მომზადება საზოგადოებრივი კამპანიის ერთი შემადგენელია, ძირითადი ნაწილი კი მოქალაქეების ინფორმირებაა იმ საფრთხეებზე, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების ძალით გაჩნდა. როგორ დაიცვას თავი რიგითმა ამომრჩეველმა კანონის მანიპულაციებისგან - ეს არის მიმართულება, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები აპირებენ - მოკლე ვადით იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, ხანგრძლივი ვადით, თუ პარლამენტი ცვლილებათა მოთხოვნის იგნორირებას მოახდენს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე იმ პროცედურას განმარტავს, რომელსაც პარლამენტში შესული კანონპროექტი გადის:

”პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს აქვს ხუთდღიანი ვადა. ბიურომ ხუთი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს ეს წინადადება. ამის შემდეგ ბიურო დაადგენს საპარლამენტო კომიტეტს, რომელიც იქნება წამყვანი კომიტეტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს, ალბათ, იურიდიული კომიტეტი იქნება. კომიტეტს აქვს ოცდღიანი ვადა, რომ განიხილოს, დაეთანხმოს, მოიწონოს და შემდეგ გაგრძელდება უკვე პროცედურები ან უარყოფითი პასუხით შეჩერდება.”
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაისაჯოს პარტია, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით აკეთებს ამას და არა ამომრჩეველი ...
ნინო ლომჯარია

როგორც 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა გვითხრა, საკანონმდებლო ინიციატივის შინაარსის გაცნობამდე იმის თქმა, გახდება თუ არა კანონპროექტი განხილვის საგანი, ნაადრევია. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა კი უფრო ადრე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ მისი რომელიმე ნორმა პრაქტიკაში შექმნის პრობლემას. მისივე განმარტებით, ჯერ არც ნორმის გამოყენების და არც სხვადასხვაგვარად წაკითხვის პრობლემა ჩანს და, აქედან გამომდინარე, არც ცვლილებების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კანონპროექტი კი, თავის მხრივ, ძირითადად კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილებების შეზღუდვას და დაკავშირებული პირის განსაზღვრებას ეხება. კერძოდ, პროექტის მიხედვით, დაკავშირებული პირი უნდა იყოს მხოლოდ ის ორგანიზაცია და პირი, რომელსაც გაცხადებული პოლიტიკური მიზნები აქვს და ფინანსებს ამ მიზნებიდან გამომდინარე ხარჯავს. მოქმედი კანონით, კონტროლის პალატას ინფორმაციის გამოთხოვა ნებისმიერი პირისგან შეეძლო, კანონპროექტით კი, კონტროლის პალატის დასაბუთებული ვარაუდი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული და წარმოებაც მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა დაიწყოს. მთლიანობაში, კანონპროექტი ეხება პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის 10 და სისხლის სამართლის კოდექსის 1 მუხლს. ეს უკანასკნელი არის მუხლი, რომელიც დაპატიმრების საფრთხეს უქმნის პირს, რომელიც პოლიტიკური პარტიისგან დახმარებას მიიღებს ან მოითხოვს. განსხვავებულია კანონპროექტის ავტორთა მიდგომა. ”სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარია ამბობს:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაისაჯოს პარტია, თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით აკეთებს ამას და არა ამომრჩეველი, რომელიც ითხოვს ამ დახმარებას.”

ნინო ლომჯარიას თქმით, იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კანონმდებლობის ძალით შეზღუდულ უფლებებსა და საფრთხეებზე მეტი იცოდნენ, აქცია ”ეს შენ გეხება” მასშტაბებს გაზრდის და მთელ საქართველოს მოიცავს. 20 თებერვალს აქცია ბათუმში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG