Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ აჩქარებს არჩევნებს?


მიხეილ დევდარიანი
მიხეილ დევდარიანი
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლას მოითხოვს. შესაბამისი შინაარსის სარჩელით ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ლაპარაკია უახლოესი საპარლამენტო არჩევნების 2012 წლის მაისში, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების 2013 წლის იანვარში გამართვაზე. რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივაზე და რა საფუძველი აქვს არჩევნების ვადის შესაძლო შეცვლას?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" მიიჩნევს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების 2012 წლისა და 2013 წლის შემოდგომაზე ჩატარებით უხეშად დაირღვევა კონსტიტუცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ დევდარიანის თქმით, კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლებს, რომელთა მიხედვითაც არჩევნები იმართება პარლამენტისა და პრეზიდენტის ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 28-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პარლამენტს ოთხი, ხოლოდ პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ:

„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, როცა არჩევანი გააკეთა, აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხი წლით და არა ოთხ-ნახევარი წლით, პრეზიდენტიც აირჩია 5 წლით და არა 5 წლითა და 10 თვით. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ მივმართოთ სასამართლოს აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, შევიდეს კონსტიტუციაში ცვლილება და არჩევნები ჩატარდეს იმ მანდატით, რა მანდატითაც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი და პარლამენტი.“
99,9 პროცენტით გეუბნებით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. მიმაჩნია, რომ სარჩელი უფრო იმიტომ გაკეთდა, რომ ამით ისარგებლებს ხელისუფლება ...
მამუკა კაციტაძე

ცვლილებები, რომელთა შესახებაც მიხეილ დევდარიანი ლაპარაკობდა, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში 2006 წლის დეკემბერში შეიტანა. შესაბამისად, ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არ მიმართა ორგანიზაციამ სასამართლოს ერთი არ რამდენიმე წლის წინ. ამ გარემოების გათვალისწინებით, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ მმართველი პარტიის სურვილს ახმოვანებს. დეპუტატის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მაისში გადმოტანის შემთხვევაში, ვერ მოხერხდება ამომრჩეველთა სიის გასუფთავება, რაზეც, შეთანხმებული გეგმის მიხედვით, საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ 2012 წლის 1 აგვისტომდე უნდა იმუშაოს. ვადების ამგვარი შემჭიდროვების გამო რომ სიის სრულყოფა და „კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით“ გასუფთავება ვერ მოხერხდება, ამას თავად კომისიის თავმჯდომარეც არ უარყოფს, თუმცა მამუკა კაციტაძე იქვე შენიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი არაფერს შეცვლის:

„99,9 პროცენტით გეუბნებით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. მიმაჩნია, რომ სარჩელი უფრო იმიტომ გაკეთდა, რომ ამით ისარგებლებს ხელისუფლება და წერტილს დაუსვამს დროზე ადრე შესაძლო მითქმა-მოთქმასა და პერიპეტიებს საქართველოს პარლამენტში, რომელიც შეიძლება განვითარებულიყო აპრილში. ვერავინ ვერაფერს იტყვის იმის გამო, რომ საკონსტიტუციო კომისიას სათქმელი უკვე ნათქვამი ექნება.“

არჩევნების ვადების შეცვლას არც მმართთველი პარტიის წარმომადგენლები ვარაუდობენ. რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა, განუცხადა, რომ უსაფუძვლოა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა, ასევე მისი დაკავშირება მმართველი პარტიის გეგმებთან:
მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები, რომ ჩვენ რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ვართ ...
მაია ფანჯიკიძე

„ეს არის პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციური ნორმა, რომელიც წლებია ძალაშია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია სარჩელის შეტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ ოქტომბერში საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.“

რადიო თავისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელის თაობაზე განმარტება სთხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელს ავთანდილ დემეტრაშვილსაც, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი უსაფუძვლოა.

თუმცა, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ცესკო მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ირკვევა, რომ არჩევნების ვადის გადმოწევა არც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს აფრთხობს. მაია ფანჯიკიძის თქმით, არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებით ხელისუფლებას სურს მთავარ ოპონენტს საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო დრო მოჰპაროს, თუმცა ტყუილად ირჯება.

„მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები, რომ ჩვენ რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად ვართ. ჩვენ ამას ველოდით და გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული გეგმა და ყველაფერს ამ გეგმის მიხედვით გავაკეთებთ“, უთხრა მაია ფანჯიკიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG