Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონტროლის პალატის ხუთმილიონიანი ჯარიმა ”მენეჯმენტ სერვისს”


საქართველოს კონტროლის პალატა კომპანია ”მენეჯმენტ სერვისს” პოლიტიკური პარტიებისათვის უკანონო შემოწირულებების განხორციელებაში ადანაშაულებს და მას 5 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდას აკისრებს. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი კონტროლის პალატის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევაა. ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლების შეფასებით, კონტროლის პალატის დადგენილება ოპოზიციური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობაა. თავად კონტროლის პალატა კი ამ დრომდე შპს ”მენეჯმენტ სერვისის” 5 მილიონიანი ჯარიმის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.

მათი თქმით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გაურემონტა სამ პოლიტიკურ სუბიექტს საოფისე ფართები ...
ალექსანდრე ბარამიძე
შპს ”მენეჯმენტ სერვისს” კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი გასული კვირის ბოლოს ჩაბარდა. კომპანიის ადვოკატის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, კონტროლის პალატისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, შპს ”მენეჯმენტ სერვისმა” განახორციელა უკანონო შემოწირულებები სამი პოლიტიკური სუბიექტის -რესპუბლიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ - სასარგებლოდ, რამაც, საბოლოოდ, 476 ათასი ლარი შეადგინა. უფრო ზუსტად კი, როგორც ალექსანდრე ბარამიძე გვიხსნის, კონტროლის პალატის დასკვნით, კომპანიამ პოლიტიკურ პარტიებს შეღავათიან ფასებში გაურემონტა ოფისები, რაც კომპანიას შემოწირულებაში ჩაეთვალა. 14 მაისს კონტროლის პალატაში შპს ”მენეჯმენტ სერვისის” საქმესთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა და, სამსაათნახევრიანი განხილვის შემდეგ, კომპანიას ჯარიმის გადახდა დაეკისრა:

​”პარტიების ფინანსური სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გამოიტანა დადგენილება შპს ”მენეჯმენტ სერვისის” 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმების თაობაზე. მათი თქმით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გაურემონტა სამ პოლიტიკურ სუბიექტს საოფისე ფართები”, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

ხუთმილიონიანი ჯარიმა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00
გადმოწერა
რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა კონტროლის პალატისგან კომპანია ”მენეჯმენტ სერვისის” შესახებ კომენტარის მოპოვებას, თუმცა, როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დღის ბოლოს განგვიმარტა, მზადდება განცხადება, რომელიც საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ პარტიებთან ურთიერთობის ჩვენი მოტივაცია რომ მოგების მიღება იყო, დასტურდება იმ ხელშეკრულებებით, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან დაიდო ...
ბესიკ დემეტრაშვილი
ვთქვათ რამდენიმე სიტყვა თავად შპს ”მენეჯმენტ სერვისის” შესახებ. ის 2006 წელს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანიამ ”ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედმა” დააფუძნა. კომპანია კომერციულ საქმიანობას ეწევა და მისი მმართველობის ქვეშ იმყოფება ბათუმის დელფინარიუმი და ნატანების გასართობი პარკი ”ციცინათელა”. როგორც კომპანიის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კომპანია მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბიზნესით დაინტერესდა - კონკრეტულად კი, უძრავი ქონების ქირავნობა-გაქირავებით - და მალევე მიიღო პოლიტიკური პარტიებისგან თხოვნა, რომ კომპანიას მათთვის საოფისე ფართები მიექირავებინა. ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიამ საქართველოს მასშტაბით 60 საოფისე ფართი აიღო იჯარით, რომელიც მოგვიანებით, მოგების მიღების მიზნით, სამ პოლიტიკურ პარტიას - „თავისუფალ დემოკრატებს“, რესპუბლიკელებსა და „ეროვნულ ფორუმს“ გადასცა.

”ამ პარტიებთან ურთიერთობის ჩვენი მოტივაცია რომ მოგების მიღება იყო, დასტურდება იმ ხელშეკრულებებით, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან დაიდო. დასტურდება გადარიცხვებითა და ანგარიშფაქტურებით, რომლებიც ჩვენს ბუღალტერიაში ინახება. ჩვენ გავარემონტეთ მხოლოდ ის ოფისები, რომლებსაც ეს ესაჭიროებოდათ და ეს თანხები ჩადებული იყო ხელშეკრულებაში და პოლიტიკური პარტიები ამ თანხებს იხდიდნენ ყოველთვიურად. გადახდილია ორი თვის თანხა, რამაც, ჯამში, 40 ათასი ლარი შეადგინა”, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

როგორც ბესიკ დემეტრაშვილი გვეუბნება, მისთვის კარგად არის ცნობილი გასული წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, თუმცა, მისი თქმით, კონტროლის პალატის 14 მაისის გადაწყვეტილება გაცილებით შორს მიდის:

კონტროლის პალატის გადაწყვეტილებით, იკრძალება პოლიტიკურ პარტიებთან ნებისმიერი ფორმით, მოგების მიღების მიზნით, სამოქალაქო ურთიერთობაში შესვლა.”

ეს არის ყველაზე მასშტაბური საქმე, რაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში კონტროლის პალატამ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის საფარქვეშ განახორციელა ...
თეა წულუკიანი

შპს ”მენეჯმენტ სერვისის” დირექტორი ირწმუნება, რომ კონტროლის პალატას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა კომპანია პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში დაედანაშაულებინა, რადგან კომპანიისა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის ფინანსურ მოგებაზე იყო ორიენტირებული. როგორც ბესიკ დემეტრაშვილი ამბობს, პოლიტიკური პარტიების მიერ გადახდილ თანხას წლის ბოლოს კომპანიისთვის დაახლოებით ნახევარმილიონიანი მოგება უნდა მოეტანა. მისი თქმით, კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული 5 მილიონიანი ჯარიმა ბიზნესში უხეში ჩარევაა, რაც, საბოლოოდ, მის კომპანიას სრულ გაკოტრებამდე მიიყვანს.

”ეს არის ყველაზე მასშტაბური საქმე, რაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში კონტროლის პალატამ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის საფარქვეშ განახორციელა”, - ასე აფასებს კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას შპს ”მენეჯმენტ სერვისის” თაობაზე თეა წულუკიანი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, და ამბობს, რომ ამ დარტყმით კონტროლის პალატა ”ქართული ოცნების” შეჩერებას გეგმავს:

”ნათია მოგელაძეს აქვს დავალება, რომ ჩვენი ოპოზიციური საქმიანობა საბოლოოდ მოგუდოს და მთავარი დარტყმა ამ ეტაპზე მიაყენა ”მენეჯმენტ სერვისს”, რომელიც ამ ჯარიმას ვერ გადაიხდის, გაკოტრდება და შემდეგ ალბათ მათ მიზნად აქვთ დაყადაღება იმ მოძრავი ქონების, რომელიც ჩვენს ოფისებშია განლაგებული. „ქართული ოცნების“ ოფისების დახურვით ისინი ჩვენთვის სერიოზული ზიანის მოყენებას ცდილობენ. ეს არის შორსგათვლილი ნაბიჯი, რომ ”ქართულ ოცნებას” აღარ ჰქონდეს ოფისები რეგიონებში”, - ამბობს თეა წულუკიანი.

როგორც შპს ”მენეჯმენტ სერვისის” დირექტორი და მისი ადვოკატი აცხადებენ, კონტროლის პალატის გადაწყვტილებას ისინი გააცნობენ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პარალელურად კი, 5 მილიონიან ჯარიმას 10 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG