Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი ტრამპს აქებს და უკრაინის ომს „წითელ აბს“ უწოდებს


ხალხი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გამოსვლას უსმენს რუმინეთის ქალაქ ტუსნადში. 27 ივლისი, 2024.
ხალხი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გამოსვლას უსმენს რუმინეთის ქალაქ ტუსნადში. 27 ივლისი, 2024.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუმინეთში ყოველწლიურ საზაფხულო ბანაკში მხარდამჭერები შემოიკრიბა ნაცნობ თემებზე გამოსვლით: დონალდ ტრამპის ქებითა და ევროკავშირის კრიტიკით.

უნგრეთის საკამათო რეპუტაციის ეროვნულ-კონსერვატიული ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისთვის, მისი მმართველი პარტია Fidesz-ის მხარდამჭერების ყოველწლიური შეკრება, რომელიც რუმინეთის რეგიონ ტრანსილვანიაში იმართება, აშკარად ის ადგილია, სადაც ის თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

ჩვეულებრივ ლურჯ-თეთრ, ზოლებიან პერანგში გამოწყობილი ორბანი, რომელსაც მანჟეტები აკაპიწებული ჰქონდა და ნარინჯისფერი სამაჯური უჩანდა, ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ბერძნულ all-inclusive სასტუმროში გამოდიოდა სიტყვით სადილის დროს.

ხუთდღიანი ბალვანიოსის თავისუფალი საზაფხულო უნივერსიტეტი და სტუდენტური ბანაკი საკურორტო ქალაქ ტუსნადში, რომელიც 23 ივლისს დაიწყო და ხალხში ტუსვანიოსის სახელით არის ცნობილი, მასპინძლობს კონცერტებს, კულტურულ პროგრამასა და სპორტულ ღონისძიებებს.

მაგრამ ბანაკი, რომელიც ეწყობა რეგიონში, სადაც დიდი რაოდენობით ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ, ძირითადად ცნობილია ორბანის საკამათო გამოსვლებით, რომლებიც გასულ წლებში გამოიყენებოდა მისი საარჩევნო ბაზის გასაძლიერებლად, მისი პოლიტიკური ხედვის გადმოსაცემად და მისი კრიტიკოსების პროვოცირებისა და გამოწვევისთვის.

წელს მწვანე ტყეებისა და აღმოსავლეთ კარპატების მთების გარემოცვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბევრ ჩვეულ თემას შეეხო, აკრიტიკებდა ევროკავშირს და ადიდებდა დონალდ ტრამპს - აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს.

მისი თქმით, ტრამპი ცდილობს, „ამერიკელი ხალხი პოსტნაციონალისტური ლიბერალური სახელმწიფოდან ნაციონალურ სახელმწიფოში დააბრუნოს“. ორბანის სიტყვებით, ტრამპს უსამართლოდ სდევნიან, რათა ხელი შეუშალონ მის სააჩევნო კამპანიას.

რესპუბლიკელი კანდიდატის მისამართით გამოთქმული თბილი სიტყვები არ იყო გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორბანმა რვა წლის წინ, 2016 წლის საპრეზიდენტო რბოლისას, ტუსვანიოსის შეკრებაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპს. ორბანი, რომელიც მრავალი კონსერვატორი პოპულისტის სიმბოლოა მთელს მსოფლიოში, ევროპაში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა. ორ ლიდერს ერთნაირი ხედვა აქვს სხვადასხვა საკითხში, მათ შორის იმიგრაციასა და უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე.

27 ივლისის გამოსვლაში ორბანმა ასევე დაგმო იმიგრაციის დონე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და გაიმეორა თავისი განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი დაცემას განიცდის. მან თქვა, რომ ემხრობა „ქრისტიანულ იდეალებს“ და დაგმო კანონები სხვადასხვა დასავლურ ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ ან იცავენ ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებებს.

2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის მოწინააღმდეგეები მას ბრალს სდებენ უნგრეთის დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლაში, მედიის ხელში ჩაგდებაში და ქვეყნის საარჩევნო სისტემის მანიპულირებაში. დემოკრატიის უკანდახევის, ევროკავშირის თანხების მითვისებისა და უმცირესობების უფლებების დაუცველობის ბრალდებების გამო ევროკავშირმა შეაჩერა ბუდაპეშტის დასახმარებლად განკუთვნილი მილიარდობით ევროს გამოყოფა.

"წითელი აბების" მიღება

ორბანი მაგიდას უჯდა სხვებთან ერთად, რომელთაგან ბევრს ჩალის თეთრი ქუდი ეხურა, და მათთან საუბარში იცავდა თავის ბოლოდროინდელ „სამშვიდობო მისიას“ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. უნგრეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის ორივე მხარის სასტიკი დანაკარგები, რაც დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელეს, ხაზს უსვამს, რომ მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია გარედან ჩარევა.

პეკინსა და მოსკოვში უნგრეთის ლიდერის ვიზიტები ფართოდ გააკრიტიკეს ევროკავშირის ხელმძღვანელობამ და ბლოკის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებმა.

თითქმის ორსაათიან გამოსვლაში ვიქტორ ორბანმა (ცენტრში) მისთვის ჩვეულ მრავალ საკითხზე ისაუბრა. ტუსნადი, 27 ივლისი, 2024.
თითქმის ორსაათიან გამოსვლაში ვიქტორ ორბანმა (ცენტრში) მისთვის ჩვეულ მრავალ საკითხზე ისაუბრა. ტუსნადი, 27 ივლისი, 2024.

ორბანმა უკრაინის ომი ასევე შეადარა „წითელ აბს“ ფილმიდან „მატრიცა“. ესაა მემი, რომელიც პოპულარული გახდა ბოლო წლებში და მას იწონებენ ალტერნატიული მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები.

1999 წლის ფილმში მთავარი გმირი ნეო დგება არჩევანის წინაშე, დალიოს წითელი აბი, რომელიც საშუალებას მისცემს დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც ის არის, ან ლურჯი აბი, რომლის მეშვეობითაც დარჩება ბოროტი ძალების მიერ დაფარული რეალობის შესახებ არცოდნის ნეტარებაში.

ორბანის თქმით, „წითელი აბების“ მიღება „გვაძლევს სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას“. მისი მტკიცებით, უკრაინასაც და რუსეთსაც ამოძრავებთ თავად მათ მიერ აღქმული ჭეშმარიტება და ამბიციები. „თუ ეს ამ ორ მხარეზე იქნება დამოკიდებული, მშვიდობა არ დამყარდება. ის გარედან უნდა იქნეს მოტანილი“, - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.

„არალიბერალური სახელმწიფო“

ტუსვანიოსში შეკრებები 1989 წლის ანტიკომუნისტური რევოლუციების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად ბანაკი იყო ადგილი, სადაც რუმინეთისა და უნგრეთის ლიბერალური ელიტები ერთმანეთს უზიარებდნენ მოსაზრებებს დემოკრატიაზე გადასვლის რთული პროცესის შესახებ. მაგრამ 2010 წლისთვის, როდესაც ორბანი უნგრეთში ხელისუფლებაში დაბრუნდა, რუმინელები აღარ მიუწვევიათ და ღონისძიება გადაიქცა Fidesz-ის „საზაფხულო ბანაკად“.

„ტუსნადი ორბანისთვის ხსოვნის ადგილია: ის ყველა [შეკრებაში] მონაწილეობდა... 1990 წლიდან მოკიდებული. მისთვის ეს არის სიმბოლური მნიშვნელობის ადგილი, პირად დონეზეც კი“, განუცხადა რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს ისტორიკოსმა სტეფანო ბოტონიმ.

ორბანისთვის ტუსვანიოსი დიპლომატიური ეტიკეტების ადგილი კი არ არის, არამედ ესაა ადგილი, სადაც ის უფრო თავისუფლად საუბრობს. 2014 წელს ორბანმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, უნგრეთში შექმნას „არალიბერალური სახელმწიფო“ და მაგალითად მოიტანა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი. 2022 წელს ორბანმა მწვავედ გააკრიტიკა ევროპაში ემიგრანტების მიღება სხვა კონტინენტებიდან და „რასების შერევის“ იდეის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ეს გამოსვლა ფართოდ გააკრიტიკეს ევროკავშირის მასშტაბით, როდესაც აწ გარდაცვლილი სოციოლოგი ჟუჟა ჰეგედუსი, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო თავად ორბანის მრჩეველი, გადადგა და ორბანი ნაციზმში დაადანაშაულა. ევროპარლამენტის შვიდი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ორბანის გამოსვლა ერთობლივად დაგმეს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში მემარჯვენე ძალები გაძლიერდნენ. პოპულისტებმა გააღვივეს შიშები ეკონომიკის, იმიგრაციისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ ფართო იმედგაცრუების შესახებ, რამაც ულტრამემარჯვენე პარტიებს საშუალება მისცა, ფეხი მოეკიდათ ეროვნულ ასამბლეებსა და ევროპარლამენტში.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, მეორეში კი მემარცხენე ალიანსთან წააგო. იტალიას ამჟამად მართავს მკაცრად მემარჯვენე კოალიციური მთავრობა, რომელმაც ისარგებლა ფართოდ გავრცელებული ევროსკეპტიციზმითა და ანტიმიგრანტული სენტიმენტებით.

ორბანი სხვა სახის გამოწვევის წინაშე დგას, ალბათ ყველაზე სერიოზულისა თავისი 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში. 43 წლის პეტერ მადიარმა, Fidesz-ის ყოფილმა ინსაიდერმა, რომელიც საკუთარი პარტიის წინააღმდეგ გამოვიდა და დააფუძნა კონკურენტი პარტია სახელად Tisza, ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების დაახლოებით 30 პროცენტი მოიპოვა.

მადიარმა გამოაცოცხლა მიმქრალი პოლიტიკური ლანდშაფტი, მანამდე აპათიურად განწყობილი ბევრი ახალგაზრდა უნგრელი გამოეხმაურა მის ენერგიულ მესიჯს ცვლილებების შესახებ და შეიკრიბა მის და მისი პარტიის მხარდასაჭერად.

მაგრამ ტუსნადში, Fidesz-ის ერთგულთა შორის, ორბანი მეფე იყო. როგორც ისტორიკოსი ბოტონი განმარტავს, უნგრელი ნაციონალისტების წარმოსახვაში ტრანსილვანია მითური ადგილია. „ეს არის მწვანე და ველური ტერიტორია არქაული შტრიხებით, სადაც შეიძლება რომანტიკული ნაციონალიზმი გამოიხატოს დედაქალაქებისგან შორს“, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG