დოლართან მიმართებაში ლარი 20 აგვისტოს კიდევ უფრო გაუფასურდა. ეს პროცესი ბოლო სამი დღის განმავლობაში გრძელდება. გუშინ, 19 აგვისტოს, ეროვნული ბანკის კურსით, 1 დოლარი 2,3214 ლარი ღირდა, ხოლო დღეს 2.3245 გახდა. ეროვნული ბანკისა და მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ლარის კურსი დარეგულირდება, ეკონომისტების ნაწილი კი ასე არ ფიქრობს. ვალუტის მერყეობა ფინანსურად დაეტყო მოსახლეობასაც.
თბილისის ქუჩებში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან, ბანერებზე, ერთი დოლარის ფასი 2.32-დან 2.33 ლარამდე მერყეობს. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ უფრო გაუფასურდა. ქუჩაში გამვლელები კითხვას, რამდენად შეეხო მათ ფინანსებს ლარის გაუფასურება, უკმაყოფილოდ პასუხობენ. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ფასების მატებაა:
„ძალიან ცუდია საწყალი ხალხისთვის. საჭმელი გაძვირდა, ფასებმა ორჯერ და სამჯერ მოიმატა და ხალხი ვერაფერს ყიდულობს“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და დასძენს, რომ მის პატარა მაღაზიაში, რუსთაველის გამზირზე, უფრო და უფრო ნაკლები მყიდველი შემოდის. „საქონელი გაძვირდა, მყიდველიც ნაკლებია - ხალხი ნაკლებფასიანს დაეძებს“.
ასე ფიქრობენ სხვა გამვლელებიც: „ცხოვრება გაძვირდა. მით უმეტეს, როდესაც ზაფხულია, სადმე წასვლა გინდა და დოლარში ან ევროში გიწევს ანგარიში. გამოდის, რომ იმის ნახევარი ბიუჯეტი გაქვს, რაც, მაგალითად, შარშან გექნებოდა იგივე ხელფასით“.
ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები მთელი აგვისტოს განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დარეგულირდებოდა. 19 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კრიზისულმა პერიოდმა გადაიარა და სექტემბრიდან ეროვნული ვალუტა გამყარდება:
„მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", - ასე ახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურება და დასძინა, რომ, ექსპერტების ვარაუდით, ამ კუთხით სექტემბრიდან პრობლემები აღარ იქნება.
ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე - 12 აგვისტოს - გამართულ ბრიფინგზე ამ თემაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც ისაუბრა. ლარის გაუფასურების მისეული ახსნაც დაახლოებით ისეთივე იყო, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილისა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავლენას ახდენს, არის საზოგადოების უარყოფითი მოლოდინები შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კომპანიები და სხვა აქტორები დღეს დოლარს აგროვებენ, რაც კურსზე დამატებით ზეწოლას იწვევს“.
იმაზე, რომ ლარის კურსის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც ისაუბრა, თუმცა ფაქტია, რომ პირველი აგვისტოს შემდეგ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მერყეობს, საერთო ჯამში კი, ამ დროის განმავლობაში 2.27- 2.32-მდე გაუფასურდა.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძისთვის ეს გასაკვირი არ არის. მისი აზრით, ლარის გაუფასურება მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია და სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი მიმოქცევაში ლარის ნაცვლად დოლარის შემოსვლაა:
„გადავცვალოთ დოლარის რეზერვი ლარზე. ამოვიღოთ ლარი მიმოქცევიდან და ჩვენვე მივხედავთ ჩვენს თავს. არაფერი საწუწუნო არ იქნება. ეკონომიკა განვითარდება ეროვნული ბანკის ნებელობითი პოლიტიკის, მთავრობის მიერ ეროვნული ბანკიდან წაღმა-უკუღმა აღებული სესხების გარეშე“.