Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძვირდება თუ არა პური


ქვეყანაში პურის გაძვირება პურის მწარმოებელი კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ივარაუდა. ამას მალევე მოჰყვა შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპასუხო განცხადებები, შაქრო ბაკურაძის ვარაუდი უსაფუძვლოაო. არის თუ არა პურის გაძვირება მოსალოდნელი, რატომ გაჩნდა მსგავსი ვარაუდი და, ზოგადად, რა მდგომარეობაა ამ კუთხით ქვეყანაში?

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ეხმაურება ვარაუდს საქართველოში პურის გაძვირების შესახებ და ამბობს, რომ ფასის მომატების საფუძველი არ არსებობს:

„საქართველოში ხორბლის ძალიან მაღალი მოსავალია. ამასთან, საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი გაიაფებულია. ამიტომაც, ფქვილის ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს“.

პურის გაძვირება კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელმა შაქრო ბაკურაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ 17 აგვისტოს ინტერვიუში ივარაუდა. მისი თქმით, ფქვილის მაქსიმალური ფასი 10 ივნისს 37 ლარი და 50 თეთრი იყო და ერთ ღამეში 40 ლარი გახდა, საბოლოოდ კი, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 44 ლარს მიაღწია:

„ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება“, - აღნიშნავს შაქრო ბაკურაძე ინტერვიუში და ამბობს, რომ ქვეყანაში ფქვილის ალტერნატიული გზებით შემოტანა ხელოვნურად იზღუდება:

„... ამ ერთი მანქანის შემოყვანა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, მაინტერესებდა, დამბლოკავდნენ თუ არა. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ფქვილის სხვა შემომტანებიც - მათი ფქვილით დატვირთული ტრაილერები ტერმინალზე თვეობითაა გაჩერებული და ტვირთის დაცლის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ“.

შემოსავლების სამსახურმა ამ თემაზე 17 აგვისტოსვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქამია, რომ ხორბლის იმპორტი ქვეყანაში არ ბრკოლდება და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა 1 დღეში სრულდება.

„იანვარ-ივლისის მონაცემებით, ხორბლის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 240 მილიონ 600 ათას ტონამდე.ზრდის ტენდენცია აღინიშნება ფქვილის იმპორტთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ხორბლისა და ფქვილის განბაჟებისას საქონლის ხელოვნური შეფერხების შესახებ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხორბლის და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა განმარტავს, რომ არასწორია პურის ფასის მომატება ვივარაუდოთ მხოლოდ ფქვილის ფასის მიხედვით. მისი თქმით, ერთი ტომარა ფქვილის კრიტიკული ფასი 45-46 ლარია, ხოლო დღეს ფქვილი 43-44 ლარი ღირს და, მეტიც, პურის ფასის განსასაზღვრად ფქვილის ღირებულების წილი მხოლოდ 35 %-ია, დანარჩენი კი - დაახლოებით, ორი მესამედი - სხვა ხარჯებზე მოდის:

„ელექტროენერგია, გაზი, საფუარი, მარილი, ზეთი, ხელფასები და, რაც მთავარია, ტრანსპორტირება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსპორტირება მათ გაუიაფდათ - საწვავი გაიაფდა“.

როგორც ლევან სილაგავა ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის ფასი მუდმივად იცვლებოდა - შესაბამისად, ფქვილი იაფდებოდა და ძვირდებოდა. ის იხსენებს, რომ 2009 წელს ფქვილი 31 ლარი ღირდა, თუმცა პური არ გაიაფებულა. იგივე ხდებოდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც:

„პურისა და ფქვილის გაძვირების არგუმენტს იმ შემთხვევაში დავეთანხმებოდით, მათ რომ ფასი დაეწიათ მაშინ, როდესაც ხორბლის ფასი 47-დან 37 ლარამდე გაიაფდა“.

ხორბლის და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ საქართველოს ხორბლის დიდი მოსავალი აქვს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ საკვებად ვარგისი ხორბლის რაოდენობა, საერთო მოთხოვნასთან შედარებით, ბევრად დაბალია და საქართველო ამ კუთხით თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG