Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის ფოკუსი - ჰააგის პროკურორი საქართველოში, აბრეშუმის ფორუმი და ახალი პოლიტიკური რეიტინგები


ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა

გასულ კვირაში თბილისს სტუმრობდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელმაც 16 ოქტომბერს გამართული შეხვედრების შედეგებისა და უახლოესი გეგმების შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. პროკურორმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებათა გამოძიების პროცესში ჩართვის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, თბილისში კი საქმის შესახებ ისაუბრა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. “ჩემი გამოძიება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, - განაცხადა პროკურორმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებას აპირებს.

იმისათვის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ პროკურორს საქართველოში გამოძიების დაწყების ნება მისცეს, უნდა გაეცნოს ფატუ ბენსუდას ვრცელ შუამდგომლობას, კონფიდენციალური დანართებით, რომელიც შეიცავს იმ პირების ან ჯგუფების სიას, რომელთაც, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სერიოზულ დანაშაულებებზე. ფატუ ბენსუდა ამბობს, რომ ამ მასალების გაცნობას დრო სჭირდება და ვადაც შეზღუდული არ არის. რაც შეეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას, კითხვაზე, არის ან არიან თუ არა ამ სიაში რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები, იგი პასუხობს:

“მე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ყველა დანართი, რომელიც ახლდა შუამდგომლობას, წარედგინა მოსამართლეებს. ეს არის აბსოლუტურად კონფიდენციალური ინფორმაცია. მე ვერ მოგცემთ ვერანაირ ინფორმაციას, ვერც ვერანაირ მინიშნებას. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ მივიღებთ ნებართვას გამოძიების დაწყების შესახებ, მაშინ, თუ ვინმე დასახელდება, დასახელდება მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე“.

ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებები თუ ხელისუფლების გარეთ გადაწყვეტილების მიმღებები ცდილობენ, რომ უალტერნატივოდ დავახლოვდეთ რუსეთთან...
გიგა ბედინეიშვილი

როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორი ამბობს, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ იდენტიფიცირებული არც ერთი ეჭვმიტანილი არ არის და კონკრეტულ პირებზე საუბარი გამოძიების ჩატარებამდე ვერ იქნება. რაც შეეხება მტკიცებულებების საკითხს, მან აგვისტოს ომში დაზარალებულებს სთხოვა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე წერილობით მიმართონ სასამართლოს.

საქართველოს ხელისუფლება განმარტავს, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაღრმავება მხოლოდ კერძო სექტორს შეეხება, თუმცა ეს განმარტება შეშფოთების საფუძველს არ ხსნის: ზოგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება შეგნებულად დგამს ნაბიჯს რუსეთისკენ, ხოლო ზოგის შეფასებით, ხელისუფლება დაუფიქრებლად მოქმედებს და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს არ ითვალისწინებს.

„არავითარი გადახედვა არ იგეგმება: აზერბაიჯანთან ურთიერთობა იყო, არის და დარჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და აზუსტებს, რომ „დივერსიფიკაციაზე და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე არ არის ლაპარაკი“.

თუმცა ინფორმაცია „გაზპრომისთვის“ საქართველოსკენ უფრო ფართო გზის გახსნის თაობაზე შემაშფოთებლად მიაჩნია ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გიგა ბედინეიშვილს:

„მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებები თუ ხელისუფლების გარეთ გადაწყვეტილების მიმღებები ცდილობენ, რომ უალტერნატივოდ დავახლოვდეთ რუსეთთან, ანუ ისეთ დონეზე დავახლოვდეთ, როგორც, ვთქვათ, ბელორუსია და სომხეთი... რაღაც ასეთი მოდელისკენ ცდილობენ ჩვენს წაყვანას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, ეს სხვა საქმეა“.

„აბრეშუმის გზის ფორუმი"
„აბრეშუმის გზის ფორუმი"

გასულ კვირაში თბილისში გაიმართა ორდღიანი „აბრეშუმის გზის ფორუმი", რომლის 800-მდე მონაწილე აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავდა. ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მხარდამჭერი - აზიის განვითარების ბანკი. ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ აზიის, ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნისა და აშშ-ის სამთავრობო დელეგაციები, 20 საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტურიზმი, კულტურული თანამშრომლობა - ეს იყო იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა ირგვლივაც მსჯელობდნენ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შეკრებილი 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის სარგებლის მოტანა:

„საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობისა და ჩვენთან არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გამო. რამდენიმე კვირის წინ ჩინეთს ვსტუმრობდი, სადაც წარმოუდგენლად თბილი დახვედრა მომიწყვეს. ამ მოგზაურობისას ვნახე, თუ რამდენად ბევრი ბიზნესმენია დაინტერესებული საქართველოთი და იმით, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიციები. ეს ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს ტრანსფორმაციას მულტირეგიონალურ კომერციულ კარიბჭედ, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და ახლო აღმოსავლეთს“.

ფორუმში მონაწილე სტუმრების განცხადებით, საქართველო საინტერესო ქვეყანაა თავისი სატრანზიტო პოტენციალით და ბიზნესის კეთების სიმარტივით. ამასთან, ქვეყანაში კორუფციის დაბალი მაჩვენელია, რაც, მთლიანობაში, მას საინვესტიციო პოტენციალით უცხოელი მეწარმეებისთვის საინტერესოს ხდის.

საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, კომუნიკაცია საჯარო ინსტიტუტებთან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), გამოკითხვაში პირველად მოხვდა. გამოკვლევამ ათი თვითმმართველი ქალაქი მოიცვა და 5 000-მდე პირი გამოიკითხა.

გამოკვლევის პრეზენტაცია
გამოკვლევის პრეზენტაცია

„ცხოვრების პირობები ადგილობრივ დონეზე არ გაუმჯობესებულა; მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან მინიმალური კონტაქტი აქვს. უფრო დეტალურად ამ შეფასებას NDI-ის საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ახსნის: „კვლავაც პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი პირობები. ადამიანები ვერ ახერხებენ დანაზოგის გაკეთებას, რადგან ისინი საკმაოდ მწირ თანხას გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, მათთვის მთავარ წუხილის თემად რჩება ისეთი ინფრასტრუქტურული საკითხები, როგორიცაა წყალი, გაზმომარაგება, გარემოს დაბინძურება და გზები“ .

კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი, გამოკვლევის საფუძველზე მიუთითებს, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობისთვის ცხოვრების პირობები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა და, რიგ შემთხვევებში, გაუარესდა კიდეც: „ასევე გამოიკვეთა, რომ შემოსავლები ოჯახებში არის ძალიან მცირე. დაახლოებით მესამედი მოსახლეობისა იღებს იმაზე ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე ეს არის საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები უარყოფითად აფასებენ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რასაც მათი საცხოვრებელი გარემო იძლევა“.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუთითებს, რომ მათი საცხოვრებელი გარემო არის უსაფრთხო და ბავშვების აღსაზრდელად ხელსაყრელი. ამ თვალსაზრისით ლიდერობს ქალაქი ზუგდიდი, რომელსაც მოსდევს თელავი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 80 %, იმასაც ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ დასაქმების შესაძლებლობები.

კვირის ბოლოს NDI-მ პოლიტიკური რეიტინგებიც გამოაქვეყნა. გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოსო, რესპონდენტთა 42-მა პროცენტმა აირჩია კატეგორია "არც ერთი პარტია".
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაასახელა 14%-მა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 13 %-მა, კატეგორიაზე "არ ვიცი" - მოდის 8 %, ხოლო გამოკითხულთა 7 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11 % დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13 %. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35 %-მა, "არც ერთი პარტია" – 14 %-მა, "უარი პასუხზე" – 13 %-მა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 13 %-მა, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11 %-მა, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" - 4-4 %-მა, "ლეიბორისტული პარტია" – 3 %-მა. ასევე 3 % მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლებითაც რელიგიური გაერთიანებებისთვის საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციული გარემო იქმნება. ლაპარაკია "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საგადასახადო კოდექსზე, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განსხვავებული საგადასახადო პირობები და გადასახადები მოქმედებს, მაშინ როცა იგივე საგადასახადო რეჟიმი არ ვრცელდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე, რითაც, სარჩელის ავტორთა აზრით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლი.

ამ სარჩელის მიზანი არის ის, რომ შეღავათები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს დღეს, ასევე გავრცელდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე და მათაც შეძლონ ამ შეღავათებით სარგებლობა...
ეკა ჭითანავა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია და ქრისტეს ეკლესია. როგორც რადიო თავისუფლებას ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ უთხრა, საკონსტიტუციო შეთანხმებისა და საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე სახის შეღავათით სარგებლობს:

„ერთი არის დღგ, მეორე - მოგების გადასახადი, რომლისგანაც გათავისუფლებულია, და მესამე - მიწის გადასახადი, რომელსაც ასევე არ იხდის. მსგავსი შეღავათები არ ვრცელდება არც ერთი სხვა რელიგიური გაერთიანებისათვის. ეს კი არღვევს თანასწორობის პრინციპს, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით“.

ყველა რელიგიური ორგანიზაცია, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსაგან, ვალდებულია ყოველი წლის 15 ნოემბრამდე გადაიხადოს მიწის გადასახადი, რაც მოსარჩელეთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის, ხელმძღვანელის ეკა ჭითანავას თქმით, ასევე დისკრიმინაციულია:

„შესაბამისად, ამ სარჩელის მიზანი არის ის, რომ შეღავათები, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს დღეს, ასევე გავრცელდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე და მათაც შეძლონ ამ შეღავათებით სარგებლობა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამ მოთხოვნას წლების განმავლობაში აყენებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია“.

სარჩელს განცხადებით მალევე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიაქრო. სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს არა მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას. საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კვების პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, სახელწოდებით „შეიარაღებული კონფლიქტი და შიმშილი“. კვლევა ასახავს მსოფლიოში შიმშილის კუთხით არსებულ მდგომარეობას - კერძოდ, თუ როგორ შეიცვალა ვითარება 2000 წლიდან დღემდე. კვლევის თანახმად, საქართველოში შიმშილის ინდექსი კლებულობს, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. 2000 წლიდან მოყოლებული, განვითარებად ქვეყნებში შიმშილის ინდექსი 27 პროცენტით შემცირდა. ამჯერად შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ფიქსირდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში 17-მა ქვეყანამ მოახერხა შიმშილის მაჩვენებლის 50 პროცენტით ან მეტით შემცირება. 10 ქვეყანა, რომელმაც ამ კუთხით ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია, არის აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ხორვატია, ყირგიზეთი, ლატვია, მონღოლეთი, პერუ, უკრაინა და ვენესუელა.

ეს არის თავიდან ბოლომდე სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართული ცენტრი. იქ ისწავლება თეთრი ხელჯოხის გამოყენება, სივრცეში ორიენტაცია, მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამების დაუფლება, ბრაილის შრიფტის გამოყენების შესწავლა, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ა.შ...
გია ჯვარშეიშვილი

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ მინიმალური საჭიროებების სასურსათო კალათის შემადგენლობა საქართველოში მუდმივად იცვლება და ეს იმაზეა დამოკიდებული, მოცემულ მომენტში ადამიანს რა სჭირდება. მაგალითად, ასე ჩაანაცვლა ნავთი და ლამპა ინტერნეტის გადასახადმა. მისივე თქმით, სასურსათო კალათის შემადგენლობა დაახლოებით 160 ლარია. არჩვაძე ასევე ამბობს, რომ ცხოველური წარმოშობის ცხიმები საქართველოს მოსახლეობის რაციონში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ნორმები ითვალისწინებს:

„მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ უფრო მეტად დაბალანსდება კვების რაციონი და მასში ცხოველური წარმომავლობის პროდუქტები უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მედიკოს-დიეტოლოგების რეკომენდაციების შესატყვისია“.

15 ოქტომბერს მსოფლიომ თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ მოითხოვეს უსინათლო და მცირემხედველთათვის სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რომელიც უსინათლოებს გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება.

როგორც „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ ხელმღვანელი გია ჯვარშეიშვილი ამბობს, საქართველოში დღეს, არაოფიციალური ინფორმაციით,12 ათასი უსინათლო ცხოვრობს. რეალურად მათი რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, გია ჯვარშეიშვილის თქმით, ეს ორი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უსინათლოთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო. მაგალითად, მისი თქმით, კონვენცია სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს შექმნას უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ისინი მათთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებას მიიღებენ და უნარებს გამოიმუშვებენ:

„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ეს არის მედიცინასთან დაკავშირებული დაწესებულება. ეს არის თავიდან ბოლომდე სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართული ცენტრი. იქ ისწავლება თეთრი ხელჯოხის გამოყენება, სივრცეში ორიენტაცია, მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამების დაუფლება, ბრაილის შრიფტის გამოყენების შესწავლა, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ა.შ.“

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG