Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა, გაუარესდა კიდეც


საცხოვრებელი პირობები, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, კომუნიკაცია საჯარო ინსტიტუტებთან - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), გამოკითხვაში პირველად მოხვდა. გამოკვლევამ ათი თვითმმართველი ქალაქი მოიცვა და 5 000-მდე პირი გამოიკითხა.

თუკი NDI-ის მიერ გავრცებეული პრეს-რელიზის სათაურსა და ქვესათაურს ჩავხედავთ, ასეთ შეფასებას ამოვიკითავთ: „ცხოვრების პირობები ადგილობრივ დონეზე არ გაუმჯობესებულა; მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან მინიმალური კონტაქტი აქვს. უფრო დეტალურად ამ შეფასებას NDI-ის საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი ახსნის: „კვლავაც პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი პირობები. ადამიანები ვერ ახერხებენ დანაზოგის გაკეთებას, რადგან ისინი საკმაოდ მწირ თანხას გამოიმუშავებენ. გარდა ამისა, მათთვის მთავარ წუხილის თემად რჩება ისეთი ინფრასტრუქტურული საკითხები, როგორიცაა წყალი, გაზმომარაგება, გარემოს დაბინძურება და გზები“.

კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი, გამოკვლევის საფუძველზე მიუთითებს, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობისთვის ცხოვრების პირობები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა და, რიგ შემთხვევებში, გაუარესდა კიდეც: „ასევე გამოიკვეთა, რომ შემოსავლები ოჯახებში არის ძალიან მცირე. დაახლოებით მესამედი მოსახლეობისა იღებს იმაზე ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე ეს არის საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები უარყოფითად აფასებენ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რასაც მათი საცხოვრებელი გარემო იძლევა“.

რეალურად, ბოლო ადგილობრივ არჩევნებზეც კი ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და არა პიროვნებებს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. თუ სადმე რამე ხიდი არ არის გასახსნელი, კაბინეტებიდან არ გადიან და არც კაბინეტებში იღებენ ხალხს...
გელა მთივლიშვილი

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუთითებს, რომ მათი საცხოვრებელი გარემო არის უსაფრთხო და ბავშვების აღსაზრდელად ხელსაყრელი. ამ თვალსაზრისით ლიდერობს ქალაქი ზუგდიდი, რომელსაც თელავი მოსდევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 80 %, იმასაც ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ დასაქმების შესაძლებლობები. თუკი კიდევ რამდენიმე პროცენტულ მაჩვენებელზე შევაჩერებთ ყურადღებას, მაშინ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის 47 %-ისთვის ცხოვრების დონე არ შეცვლილა, 43 %-ისთვის კი გაუარესდა. გამოკითხულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებად დასახელდა გზები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება. ეს უკანასკნელი, გამწვანებასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 45 პროცენტისთვის. ამ თემის წინ წამოწევას რადიო თავისუფლებასთან საუბარში მიესალმება „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე, რომელიც ფიქრობს, რომ გარემოსდამცველების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა: „ძალიან მიხარია, რომ ამ თემამ წამოიწია, რადგან საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, გაიაზრა, რომ გამწვანებული გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. კარგია, რომ ამ თემის ადეკვატური გააზრება მოხდა“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ეთმობა კომუნიკაციას საჯარო ინსტიტუტებთან. ამ მხრივ, ლიდერობენ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ასევე იუსტიციის სახლები. რაც შეეხება კომუნიკაციას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მოსახლეობის მიერ არჩეულ თანამდებობის პირებთან, უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, გამოკითხვის შედეგები არცთუ სახარბიელოა. მაგალითად, გამოკითხულ თელაველთა 48 %-ს არაფერი სმენია თელავის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ, ასევე არაფერი სმენია გამოკითხული გურჯაანელების 46 %-ს თავიანთი საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი საქმიანობის შესახებ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ამის მიზეზს შემდეგნაირად ხსნის: „რეალურად, ბოლო ადგილობრივ არჩევნებზეც კი ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და არა პიროვნებებს. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. თუ სადმე რამე ხიდი არ არის გასახსნელი, კაბინეტებიდან არ გადიან და არც კაბინეტებში იღებენ ხალხს“.

გამოკითხვის შედეგებს არ ეთანხმება გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, მას აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან: „მუნიციპალიტეტში მაქვს მოქალაქეებთან შეხვედრის გრაფიკი და მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მოსახლეობას, მოვისმინო მათი პრობლემები და შეძლებისდაგვარად დავეხმარო“.

აღსანიშნავია, რომ NDI-ის გამოკითხვაში პირველად მოხვდა კითხვები, რომლებიც ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს „პანორამა თბილისსა“ და ვერეს ხეობის ქვედა ნაწილის მომავალს ეხება. გამოკითხულთა 41 %-ისთვის პროექტი „პანორამა თბილისი“ არ არის მისაღები, დადებითად ამ პროექტს 32 % აფასებს. ვერეს ხეობის თაობაზე გამოკითხულთა 57 % მიიჩნევს, რომ იქ უნდა აიკრძალოს ყველანაიარი მშენებლობა და გაშენდეს რეკრეაციული პარკი.

რაც შეეხება NDI-ის მიერ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, ორგანიზაცია მას 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG