Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილის ინდექსი საქართველოში


უსახლკაროთა საცხოვრებელი კარავი თბილისში
უსახლკაროთა საცხოვრებელი კარავი თბილისში

კვების პოლიტიკის კვლევის საერთშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, სახელწოდებით - შეიარაღებული კონფლიქტი და შიმშილი. კვლევა ასახავს მსოფლიოში შიმშილის კუთხით არსებულ მდგომარეობას - კერძოდ, თუ როგორ შეიცვალა ვითარება 2000 წლიდან დღემდე. კვლევის თანახმად, საქართველოში შიმშილის ინდექსი კლებულობს, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

კვლევის მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული, განვითარებად ქვეყნებში შიმშილის ინდექსი 27 პროცენტით შემცირდა. ამჯერად შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ფიქსირდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში 17-მა ქვეყანამ მოახერხა შიმშილის მაჩვენებლის 50 პროცენტით ან მეტით შემცირება. 10 ქვეყანა, რომელმაც ამ კუთხით ყველაზე დიდ შედეგს მიაღწია, არის აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბრაზილია, ხორვატია, ყირგიზეთი, ლატვია, მონღოლეთი, პერუ, უკრაინა და ვენესუელა.

მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ უფრო მეტად დაბალანსდება კვების რაციონი და მასში ცხოველური წარმომავლობის პროდუქტები უფრო მეტ ადგილს დაიკავებს...
იოსებ არჩვაძე

რაც შეეხება საქართველოს, ის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც შიმშილის მაჩვენებელი ასევე შემცირდა, მაგრამ ნაკლები პროცენტით. თვალსაჩინოებისთვის, თუ შიმშილის ინდექსის ქულები 1995 წელს 31.8 იყო, 2015 წელს 8.5 გახდა.

68 წლის ელზა ცდილობს ქუჩაში მზესუმზირა და თხილი გაყიდოს. ნავაჭრი ფულით წამლებისა და ბოსტნეულის ყიდვას ახერხებს, ხორცის ფული არასდროს რჩება.

„ორ-ორ „ტაბლეტს“ ძლივს ვყიდულობ. აი, დაღამდა, რომელი საათია? ალბათ, ოთხი ხდება და სამი ლარიც არ გამიკეთებია, ვზივარ ამ „სკვაზნიაკში“. აბა, ეს რა ცხოვრებაა, მითხარი. პენსიონერს რომ ასე გაუჭირდება...“

ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ამბობს, რომ მინიმალური საჭიროებების სასურსათო კალათის შემადგენლობა საქართველოში მუდმივად იცვლება და ეს იმაზეა დამოკიდებული, მოცემულ მომენტში ადამიანს რა სჭირდება. მაგალითად ასე ჩაანაცვლა ნავთი და ლამპა ინტერნეტის გადასახადმა. მისივე თქმით, სასურსათო კალათის შემადგენლობა დაახლოებით 160 ლარია. არჩვაძე ასევე ამბობს, რომ ცხოველური წარმოშობის ცხიმები საქართველოს მოსახლეობის რაციონში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ნორმები ითვალისწინებს.

„მოსახლეობის შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ უფრო მეტად დაბალანსდება კვების რაციონი და მასში ცხოველური წარმომავლობის პროდუქტები უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მედიკოს-დიეტოლოგების რეკომენდაციების შესატყვისია“.

ელენე რუსეცკი
ელენე რუსეცკი

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი, რომელსაც დევნილებთან მუშაობა უწევს, ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები სათანადოდ ვერ იკვებებიან. მშობლები იძულებულნი არიან გაყიდონ რძე, ყველი თუ სხვა პროდუქტები, რომელსაც სოფელში აწარმოებენ, რათა ამ ფულით ბავშვებს ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები შეუძინონ.

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა წლის ბავშვი 5 კილოგრამს იწონიდა“.

ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე ამბობს, რომ საშუალოდ დღე-ღამეში ქალმა 2 500, მამაკაცმა კი 2 800-3 000 კალორია უნდა მიიღოს, ამასთან, ისეთი პროდუქტებისგან, რომლებიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. თუ ადამიანი კარგად ვერ იკვებება, თავს იჩენს სხვადასხვა სახის დაავადებები.

„პირველ რიგში, იმუნიტეტის დაქვეითება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები... შეიძლება ეს შეეხოს თმას, კანს, ფრჩხილებს, სასუნთქ სისტემას“.

მისივე თქმით, შეუძლებელია არასწორმა კვებამ ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს. უბრალოდ, ეს დროის საკითხია და სხვადასხვა ადამიანი მწარე რეალობის წინაშე სხვადასხვა დროის შემდეგ დგება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG