სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი ფატუ ბენსუდა ელოდება მოსამართლეების ნებართვას, რათა დაიწყოს გამოძიება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსავლენად 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების დროს, 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. მოსამართლეებს მან 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის განმარტებით, გამოძიების ინტერესი ორ მიმართულებას უკავშირდება - ესენია ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა და თავდასხმა ქართველ და რუს მშვიდობისმყოფელებზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს ყველაზე ნაკლები სავარაუდო ბრალდება უკავშირდება, თუმცა სპეციალისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ, ქართული მხარის კვალიფიციური აქტიურობის პირობებში, შესაძლებელი იქნებარუსი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამტკიცება.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ინფორმაციით, 2008 წელს გამოვლინდა ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნის მასშტაბური პროცესი, რაც წინასწარი განზრახვით განხორციელდა და, შედეგად, დევნილად იქცა 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. „ზემოთ აღნიშნულ და სხვა სამართლდარღვევებს, როგორიცაა მაროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს“, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე სამშაბათს გამოქვეყნებულ ტექსტში.
საქართველოს მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბოლომდე გამოვიძიოთ და გამოვაძიებინოთ მათ, ჩვენთან ერთად, ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ გავხდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს...თეა წულუკიანი
თუმცა, თუკი ამ ტექტს ყურადღებით გავეცნობით და პროკურორ ფატუ ბენსუდასაც მოვუსმენთ, დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებში რუსეთი ყველაზე ნაკლებად არის მიჩნეული სავარაუდო დამნაშავედ და სავარაუდო ბრალდებები ძირითადად ოსებისა და ქართველების მისამართით ისმის. ასე მაგალითად, როცა ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნაზეა ლაპარაკი, პროკურორის ოფისი, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ეს პროცესი განახორციელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, „რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით“.
ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო მყარდება გამოძიების ინტერესის მეორე სფეროსთან მიმართებით, სადაც მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმაზეა ლაპარაკი. პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელთ არსებული მასალების მიხედვით, რუსეთის მხარე მხოლოდ დაზარალებულად წარმოჩნდება:
„მივაგენი გონივრულ საფუძველს, რათა ვირწმუნო, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ კუთვნილ ობიექტებზე თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოზიციებზემრავალჯერ განხორხციელდა მძიმე შეიარაღებული შეტევა სამხრეთ ოსეთის პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, 10 რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და კიდევ 30 დაიჭრა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა განადგურდა, მასში არსებული სამედიცინო დაწესებულების ჩათვლით“.
იმას, რომ ამ ეტაპზე გამოქვეყნებულ მასალებში რუსეთი და მისი მაღალჩინოსნები სავარაუდო დამნაშავეებად იმ დოზით არ არიან წარმოჩენილი, როგორც ამას სამართალი და ქართული მხარე ისურვებდა, სწორედ ქართული მხარის საგამოძიებო ორგანოების პრობლემად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ვითარება სერიოზულია და, განსაკუთრებით, რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის ბრალდებასთან დაკავშირებით სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოს „ბეწვის ხიდზე“ მოუწევს გავლა:
„ქრონოლოგია, რომელიც დღეს პროკურორის ხელთ არის და რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტშია ასახული, არ იძლევა დარწმუნებით იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქართული მხარე პასუხობდა რუსეთის ფედერაციის მიერ გახსნილ ცეცხლს, ამიტომ ამ ნაწილში საჭირო იქნება აქტიური მუშაობა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროსი, რომ ყველა არსებული მტკიცებულება იქნეს წარდგენილი, რათა დადასტურდეს ქართული მხარის მიერ მხოლოდ საპასუხო საომარი მოქმედებების განხორციელება და არა ის, რომ ქართულმა მხარემ თვითინიცირებით დაიწყო მოქმედებები, რის დადასტურებასაც რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს“.
სიძნელეების მიუხედავად, დავით ჯანდიერი მაინც დარწმუნებულია, რომ თუკი ქართული მხარე ყველა რესურსს აამოქმედებს და, ადგილობრივ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებისთვის უცხოელ სპეციალისტებსაც მოიწვევს, მას სიმართლის დამტკიცება არ გაუჭირდება, რაც ასე სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის საერთაშორისო სარბიელზე.
მართალია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის მოვლენების გამოძიების განზრახვა საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ბოლო წლებში შეფერხებით ახსნა, მაგრამ გასულ კვირაში, როცა ჰააგის პროკურორის განზრახვის პირველი სერიოზული ნიშნები გამოვლინდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაქსიმალურად აქტიურობის პირობა დადო. აქცენტი ეთნიკურ წმენდაზე კეთდება:
„ჩვენი მიზანი, საქართველოს მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბოლომდე გამოვიძიოთ და გამოვაძიებინოთ მათ, ჩვენთან ერთად, ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ გავხდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომის სტატუტის თანახმად, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლოთ“.
პროკურორი ფატუ ბენსუდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ესტუმრება საქართველოს. მანამდე კი, ოფიციალური წყაროს ცნობით, სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, მან აცნობა დაზარალებულ პირებსა თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ აქვთ შესაძლებლობა 30 დღის განმავლობაში მიმართონ სასამართლოს პალატას. თუკი გამოძიება დაიწყება და გამოძიების მსვლელობისას დანაშაული გამოიკვეთება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განმარტების თანახმად, პროკურორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ ეჭვმიტანილი დაიბარონ სასამართლოში ანდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების სავარაუდოდ ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თანახმად, პროკურორის ოფისი უფლებამოსილია აწარმოოს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და ომის დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წინასწარი შესწავლა, გამოძიება და ცალკეული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა.
თუკი რუსეთის ლიდერებს საქართველოში ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო სამართლის ექსპერტის დავით ჯანდიერის განმარტებით, სასჯელი მათზეც გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა.