ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 16 ოქტომბერს თბილისში გამართული შეხვედრების შედეგებისა და უახლოესი გეგმების შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პროკურორმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებების გამოძიების პროცესში ჩართვის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, თბილისში კი საქმის შესახებ ისაუბრა როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
“ჩემი გამოძიება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, -განაცხადა 16 ოქტომბერს თბილისში გამართული შეხვედრების შეჯამებისას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დატრიალებულ მოვლენებში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო პალატა მას გამოძიების დაწყების ნებას მისცემს, პროკურორი მზადაა, რუსეთის დედაქალაქის გარდა, ვითარებას ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გაეცნოს. პროკურორს უჭირს იმის წინასწარ თქმა, რა დრო დასჭირდება ნებართვის საკითხის გარკვევას, თუმცა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ 3-4 თვეში გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
იმისათვის, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ პროკურორს საქართველოში გამოძიების დაწყების ნება მისცეს, უნდა გაეცნოს ფატუ ბენსუდას ვრცელ შუამდგომლობას, კონფიდენციალური დანართებით, რომელიც შეიცავს იმ პირების ან ჯგუფების სიას, რომელთაც, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სერიოზულ დანაშაულებებზე. ფატუ ბენსუდა ამბობს, რომ ამ მასალების გაცნობას დრო სჭირდება და ვადაც შეზღუდული არ არის. რაც შეეხება კონფიდენციალურ ინფორმაციას, კითხვაზე, არის ან არიან თუ არა ამ სიაში რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები, იგი პასუხობს:
“მე ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ყველა დანართი, რომელიც ახლდა შუამდგომლობას, წარედგინა მოსამართლეებს. ეს არის აბსოლუტურად კონფიდენციალური ინფორმაცია. მე ვერ მოგცემთ ვერანაირ ინფორმაციას, ვერც ვერანაირ მინიშნებას. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ თუ ჩვენ მივიღებთ ნებართვას გამოძიების დაწყების შესახებ, მაშინ, თუ ვინმე დასახელდება, დასახელდება მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე“.
ამჟამად, ჩვენი შეფასებით, სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან, აგრეთვე სავარაუდო დანაშაულები ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ, არის დასაშვები...
როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორი ამბობს, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ იდენტიფიცირებული არც ერთი ეჭვმიტანილი არ არის და კონკრეტულ პირებზე საუბარი გამოძიების ჩატარებამდე ვერ იქნება. რაც შეეხება მტკიცებულებების საკითხს, მან აგვისტოს ომში დაზარალებულებს სთხოვა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიმდინარე წლის 12 ნოემბრამდე წერილობით მიმართონ სასამართლოს.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დანაშაულებათა საქმეს, ფატუ ბენსუდა ლაპარაკობს ისეთ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ“, დანაშაულებებზე, როგორიცაა ეთნიკური ქართველების მკვლელობები, მათი იძულებით გადაადგილება და დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით). დანაშაულებათა რიგშია ასევე „სამხრეთოსური ძალების მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე და ქართული ძალებისა - რუს სამშვიდობოებზე“.
პროკურორი მათგან დასაშვებ საქმეებს გამოყოფს:
„ამჟამად, ჩვენი შეფასებით, სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვებასთან, აგრეთვე სავარაუდო დანაშაულები ქართველი სამშვიდობოების წინააღმდეგ, არის დასაშვები. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება, რომ განიხილოს ეს ორი ტიპის დანაშაულები, ვინაიდან საქართველოში ამჟამად ეროვნული შიდასახელწიფოებრივი სამართალწარმოება ამ საქმეებზე შეჩერებულია. რაც შეეხება სავარაუდო თავდასხმას რუსეთის სამშვიდობო ძალებზე, ამჟამად, ჩვენი აზრით, ეს საქმე დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ იქნება გამოძიებული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ აგრძელებს თავის შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებას ამ საქმეზე“.
ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობა დამოკიდებული იქნება კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობის ხარისხზე. ქართული მხარე კი იმედოვნებს, რომ საქმეში რუსული მხარის ბრალეულობის საკითხი მკაფიოდ გამოიკვეთება. იუსტიციის მინისტრი, თავის მხრივ, ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორს სთხოვს, ეთნიკური წმენდის გარდა, მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართველი სამხედროების წამების ფაქტებზე:
„დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის პროკურატურამ არ გამოიძია ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მათი მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ ამ გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა და ასევე 23 დანარჩენი ქართველი ტყვის მიმართ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები“.
ფაქტების შეგროვების საქმეში საქართველოს მთავრობა ერთ-ერთ პრობლემად მოწმეთა დაცვის საკითხს აყენებს, რაზეც ჰააგის პროკურორი პასუხობს, რომ სასამართლოს აქვს მოწმეთა დაცვის ვალდებულება და მუშაობს იმ მოწმეთა დაცვის მექანიზმზე, რომლებთანაც კონტაქტი ექნება.