საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერის შესწორებას, ანუ მისი შინაარსის დაზუსტებას, ითვალისწინებს. კერძოდ, შესწორების მიხედვით, ქორწინება და ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად განისაზღვრება. კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენის დაწყებას კი წინ უძღოდა საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი, რომელმაც თბილისი და ქვეყნის 12 ქალაქი - ძირითადად რეგიონალური ცენტრები - მოიცვა. როგორ ჩაიარა პირველმა საკომიტეტო განხილვამ და როგორ ასაბუთებენ საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობას კანონპროექტის ინიციატორები?
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტში კი წერია, რომ ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას. კანონპროექტი, 80 დეპუტატის ხელმოწერით, პარლამენტს 10 მარტს წარედგინა. როგორც კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმა იმ დღიდან გასული თითქმის ორი თვის თავზე, ადამიანის უფლებების კომიტეტის 5 მაისის სხდომაზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების დროში გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით, შესაძლოა ამ მოწვევის პარლამენტმა, ცვლილებისთვის აუცილებელი 113 დეპუტატის მობილიზების შემთხვევაშიც კი, ვერ მოასწროს შესწორების დამტკიცება. მაშინ რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება? - ეს კითხვა საკომიტეტო მოსმენის სხდომათა დარბაზში ოპონენტების მიერ არაერთხელ დაისვა. ზვიად ძიძიგურის პასუხი კი ასეთია:
“მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალზე მნიშვნელოვანი, ეს არის მესიჯი ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართაც, რომლებსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებასა და პატივისცემას, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნების ფონზე“.
ამ მოცემულობას, ზვიად ძიძიგურის თანახმად, ემატება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც, რაც მაინცდამაინც დამაჯერებელი არგუმენტი არ გამოდგა სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ. მათი განცხადებების თანახმად, კონსტიტუციაში ქორწინების ჩანაწერის დამაზუსტებელი ცვლილება თავისი არსით ჰომოფობიურია, უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიზნებს, გათვლილია ელექტორატის მხარდაჭერის მოპოვებაზე და სრულიადაც არ გამოირჩევა აქტუალურობით. ის, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის შესწორება გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, თავის მხრივ, დაადასტურა ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმაც“, თუმცა ის დეკლარირებულად კანონპროექტს მხარს უჭერს:
“მე არ მინდა არც ერთ შემთხვევაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სადებატო გახდეს ეს საკითხი. ეს საკითხი არ უნდა იყოს დებატების საკითხი, იმიტომ რომ ეს არ არის აქტუალური. მოვუწოდოთ სამართალდამცავებს და მოვთხოვოთ სამართალდამცავებს, რომ ყველას უფლების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი. მაგრამ დებატი 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა იყოს ეკონომიკა, უნდა იყოს ის რეალური საკითხები, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ“, განაცხადა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა.
იმ ფრაქციებს შორის კი, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების აღნიშნულ კანონპროექტს, „თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებით, მხარს არ დაუჭერენ, არის ფრაქცია „რესპუბლიკელები“. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ იმავე კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხების ჩამოთვლა შეიძლება, ვიდრე ქორწინების ჩანაწერია. ფრაქციის წევრი თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას საქართველოში საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება და პარლამენტი თითიდან გამოწოვილ საკითხზე მუშაობაში ხარჯავს დროს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელშიც მოქალაქე გიორგი ტატიშვილი ასაჩივრებს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, თამარ კორძაია განმარტავს:
“საკონსტიტუციო სარჩელი რომ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტი აქ პირდაპირ კავშირში არ არის ნამდვილად. და დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ ის ჩათვლის, რომ რომელიმე ნორმა არაკონსტიტუციურია, მერე მიუბრუნდეს. მერე უკვე ვალდებულნი ვიქნებით, რომ გავაკეთოთ, მაგრამ ამწუთას, წინასაარჩევნო პერიოდში, ამაზე საუბარი, მართლაც, წინასაარჩევნო პიარია, მეტი არაფერი“.
მე პირადად მაქვს ჩემი ოჯახი, რომელსაც თქვენ არატრადიციულს ეძახით. ეს აბსოლუტურად ტრადიციულია. სახელმწიფო ვერ მხედავს. შესაბამისად, მე მეზღუდება ძალიან ბევრი უფლება...კობა ბიწაძე
საკონსტიტუციო სასამართლოს კი, როგორც ირკვევა, გიორგი ტატიშვილის სარჩელზე გამწესრიგებელი სხდომა ჯერ არ ჩაუტარებია. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არ გამორიცხეს, რომ, შესაძლოა, ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი მიიღოს წარმოებაში. მათ მიერვე გამოთქმულ ზოგად და კონკრეტულ პრეტენზიებს კი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება ლახავს ლგბტ თემის უფლებებს და მათ მიმართ ძალადობის მაპროვოცირებელია, სკანდალისა და შეურაცხყოფის გარეშე არ ჩაუვლია.
“მე პირადად მაქვს ჩემი ოჯახი, რომელსაც თქვენ არატრადიციულს ეძახით. ეს აბსოლუტურად ტრადიციულია. სახელმწიფო ვერ მხედავს. შესაბამისად, მე მეზღუდება ძალიან ბევრი უფლება. მათ შორის, ჩემი მეუღლე არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება და არ აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს საქართველოს მოქალაქე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის, უბრალოდ, ვერ ქორწინდება ჩემზე. კიდევ ძალიან ბევრ რაღაცაში ვიზღუდებით და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემი უფლებები ირღვევა თუ არ ირღვევა?“
ასოციაცია „თემის“ წარმომადგენლის, კობა ბიწაძის, ამ შეკითხვას მოგვიანებით დეპუტატ მერაბ კაჭახიძის შემდეგი პასუხი მოჰყვა:
“რაც შეეხება ბატონს, - თუ არ ვიცი, როგორ მივმართო, - წვერს რომ ატარებს, ჩემდა გასაკვირად, და ოჯახი ვერ შეუქმნია, მე კობა ბიწაძეს ვურჩევდი, რომ თუ ასე გულმხურვალედ ხართ შეყვარებული თქვენს მეორე ნახევარზე და ვერ ახდენთ აქ მის ლეგალიზებას, წადით იმ ქვეყანაში. უცხოელიაო, ხო?“
“ჩემი მეუღლე არის რუსეთის მოქალაქე და რუსეთში გაცილებით უარესი სიტუაციაა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება, წავიდეთ რუსეთში და ვიქორწინოთ“.
საბოლოო ჯამში, კონფლიქტი მერაბ კაჭახიძისთვის იმის შეხსენებით განიმუხტა, რომ ამ ქვეყანაში ადგილი ყველასთვისაა და ყველას უფლებები დაცული უნდა იყოს. კომიტეტმა კონსტიტუციაში ქორწინების ჩანაწერის დაზუსტებას მხარი დაუჭირა. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ, საბოლოო ჯამში, მათ გარდა, საკითხის გადაწყვეტაში, რეფერენდუმის გზით, ქვეყნის მოსახლეობაც ჩაერთოს.