საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირები მოითხოვენ "შრომის კოდექსში" ცვლილებების მეორე ეტაპის დაჩქარებას. მათი აზრით, შრომის კოდექსში ერთი წლის წინ შეტანილი ცვლილებები ქალთა შრომითი უფლებების დაცვის თაობაზე საკმარისი არ არის. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ორსულობის და ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ“, - ასე იწყება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის განცხადება, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა და რომლითაც პროფკავშირების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მეორე ეტაპის დაჩქარება.
თუკი ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ერთი წლის წინ, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და დეკრეტული ანაზღაურება. უფრო ზუსტად კი, ნაცვლად 477 დღისა, ბავშვის მოსავლელად შვებულება 730 კალენდარულ დღემდე ავიდა. აქედან ანაზღაურებადი შვებულება, ნაცვლად 126 დღისა, 183 კალენდარული დღით განისაზღვრა. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს 1000 ლარს შეადგენს. ამასთან, კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.
შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დეკრეტული შვებულებიდან გამოსული ქალის დაცვის მექანიზმს. შრომის კოდექსი არ კრძალავს, რომ არ შეიძლება ამ ქალის სამსახურიდან გათავისუფლება...ეთერ მათურელი
თუმცა ქალთა შრომითი უფლებების დამცველებისათვის შრომის კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეთერ მათურელი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის მოადგილე, ამბობს, რომ სამსახურში აყვანისას ორსულობა კვლავაც შემაფერხებელ გარემოებად რჩება და ორსულებსა და მრავალშვილიანებს პრაქტიკულად არ ეძლევათ სამსახურებრივი წინსვლის პერსპექტივა. ეთერ მათურელი შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პირველ ეტაპს ეხმაურება და ცვლილებების მეორე ეტაპის დაწყებას მოითხოვს:
„აიკრძალა ფეხმძიმე დასაქმებული ქალის გათავისუფლება სამსახურიდან, მაგრამ შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დეკრეტული შვებულებიდან გამოსული ქალის დაცვის მექანიზმს. შრომის კოდექსი არ კრძალავს, რომ არ შეიძლება ამ ქალის სამსახურიდან გათავისუფლება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ არ შეიძლება მოხელე ქალის გათავისუფლება, თუ მას ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი. გვინდა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდეს შრომის კოდექსში“, - ამბობს ეთერ მათურელი.
კონკრეტული ცვილებების მიხედვით, უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს და კოდექსში ჩაიდოს გარანტიები, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს ქალის დისკრიმინაცია და ეს ეხება როგორც სამუშაოზე აყვანას, ასევე სამუშაო ადგილს...ბაია პატარაია
ბაია პატარაია, ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, მიმდინარე წლის ოქტომბერში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციას იხსენებს, სადაც მან საზოგადოებას გააცნო შრომის კოდექსში დაგეგმილი ის მომდევნო ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, მთლიანად უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ქალთა უფლებებზე. ბაია წუხს, რომ მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი ძვრა არ განხორციელებულა და ქალთა შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დღესაც მოლოდინის რეჟიმში არიან. ბაია პატარაია იმ კონკრეტულ პუნქტებზე საუბრობს, რომლებიც შრომის კოდექსში მეორე ეტაპის განხორციელების შემდეგ უნდა ამოქმედდეს:
„კონკრეტული ცვილებების მიხედვით, უფრო დეტალურად უნდა გაიწეროს და კოდექსში ჩაიდოს გარანტიები, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს ქალის დისკრიმინაცია და ეს ეხება როგორც სამუშაოზე აყვანას, ასევე სამუშაო ადგილს და სამსახურიდან გათავისუფლების პირობებსაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ორსულობას, დეკრეტულ შვებულებას და დეკრეტული შვებულებიდან ქალის სამსახურში დაბრუნების საკითხებს“, - ამბობს ბაია პატარაია.
24 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროში, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე გვესაუბრებოდა. რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში ცვლილებების ახალი პაკეტი არ შესულა. გიგი წერეთელს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული რესურსების ფონზე შესაძლებელია ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების კიდევ მეტად გაზრდა. რაც შეეხება კოდექსში ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად დამატებითი გარანტიების ჩადებას, დეპუტატი ფიქრობს, რომ არსებულ კოდექსში საკმაოდ ნათლად არის განმარტებული, რომ სამუშაო ადგილებზე ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია:
„მით უმეტეს სქესობრივი ნიშნის მიხედვით, მით უმეტეს ორსულების და ა.შ.. კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ ორსულობა და მშობიარობა არ შეიძლება გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამიტომ თუკი ამ თვალსაზრისით რაიმე კიდევ არის დასახვეწი, ჩვენ, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში“, - ამბობს გიგი წერეთელი.
და კიდევ ერთი: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მოითხოვს, რომ საქართველომ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირება დედობის დაცვის შესახებ. მათი აზრით, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქალთა შრომითი უფლებების მდგომარეობის რეალური გაუმჯობესებისკენაა მიმართული.