17 მაისს საფუძველი ჩაეყარა ახალი, ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP-ის) მშენებლობას: საბერძნეთში, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე ჩაიდო პირველი მილი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პროექტში ჩართული სხვა ქვეყნების ლიდერებთან - მათ შორის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან - ერთად. თუ ზოგად კონტექსტს არ გავითვალისწინებთ, უშუალოდ TAP-ის პროექტში საქართველო არ მონაწილეობს, რამდენადაც მილსადენი საბერძნეთზე, ალბანეთზე გაივლის და სამხრეთ იტალიაში დასრულდება. და მაინც, ზოგადი სურათის, კონტექსტის გათვალისწინებით, TAP-ი დიახაც რომ არის კავშირში საქართველოსთან და, მეტიც, მიჩნეულია ძალიან მნიშვნელოვან პროექტად ქვეყნისთვის, რადგან საქართველოსათვის ითვალისწინებს ევროკავშირში კასპიის გაზის იმპორტისას სატრანზიტო ქვეყნის როლს. TAP-ი მოასწავებს ეკონომიკურ სარგებელს და უსაფრთხოების გაუმჯობესებას საქართველოსთვის. რატომ არის ასე? ამ საკითხზე სასაუბროდ ტელეფონით დავუკავშირდი ენერგეტიკის საკითხების ექსპერტს, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელს, გიორგი ვაშაყმაძეს.