Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს საქართველოსათვის TAP-ის არჩევა?


ტრანს-ადრიატიკის მილსადენის რუკა
ტრანს-ადრიატიკის მილსადენის რუკა
მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ნავთობკომპანიამ - მათ შორის, აზერბაიჯანის „სოკარმა“ - შექმნა კონსორციუმი ახალი გაზსადენის - ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (Trans-Adriatic Pipeline, ანუ TAP-ი) - გასაყვანად. მისი გავლით უნდა მიეწოდოს ევროპას აზერბაიჯანში მოპოვებულ გაზი. ამდენად, ტრანს-ადრიატიკის მილსადენი „სამხრეთის დერეფნის“ ნაწილი გახდება. როგორ ფასდება ტრანს-ადრიატიკის მილსადენზე არჩევანის შეჩერება და რას ნიშნავს ეს არჩევანი საქართველოსათვის?

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ განცხადებით, ის პარტნიორებთან - ბრიტანეთის კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმთან“, ნორვეგიის „სტატოილთან“, საფრანგეთის „ტოტალთან“, ბელგიის „ფლუქსისთან“, გერმანიის „ეონთან“ და შვეიცარიის „აქსპოსთან“ - ერთად ააშენებს 870-კილომეტრიან მილსადენს. სრული ძალით ამოქმედების შემდეგ, ტრანს-ადრიატიკის მილსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გადაქაჩავს ევროპაში აზერბაიჯანიდან, კერძოდ, კასპიის ზღვის „შაჰ დენიზის“ საბადოდან. მილსადენი გაივლის საბერძნეთის, ალბანეთის ტერიტორიებზე და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიაში დასრულდება.
სამხრეთის დერეფანი, რომელმაც უნდა მოიცვას, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, და ტრანს-ანატოლიის მილსადენი, თურქეთის გავლით, გაზით მომარაგების ახალ წყაროს შესძენს ევროპას. ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები მტკიცედ ემხრობა. ის ასახავს ევროპის მისწრაფებას თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისაკენ...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ცნობების თანახმად, ეს მარშრუტი უფრო მოკლე და იაფია, ვიდრე „ნაბუკო ვესტი“, რომელიც ტრანს-ადრიატიკის მილსადენის კონკურენტად განიხილებოდა. „ნაბუკო ვესტიც“, ისევე როგორც ტრანს-ადრიატიკის მილსადენი, მარტო ევროპის ქვეყნებზე გადის. წელს, ივნისის ბოლოს, გავრცელდა ცნობა, რომ კონსორციუმმა, რომელიც აზერბიჯანში „შაჰ დენიზის“ გაზისა და ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას ახდენს, უარი თქვა მილსადენ "ნაბუკო ვესტით" სარგებლობაზე და ტრანს-ადრიატიკის მილსადენი აირჩია.

„ნაბუკოზე“ ჩვენს გადაცემებში ბევრჯერ გვისაუბრია. „ნაბუკოდ“ წოდებული გაზსადენის შექმნისა და მისი მეშვეობით კასპიის გაზის ევროპისთვის მიწოდების გეგმა ჯერ კიდევ 2002 წლით თარიღდება. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - „ნაბუკოს“ გარდა „სამხრეთის დერეფნის“ ცნება გაჩნდა, გაჩნდა „ნაბუკო ვესტიც“... მათზე და ტრანს-ადრიატიკის მილსადენზე, ანუ TAP-ზე განმარტება ვთხოვეთ ენერგეტიკის საკითხების ექსპერტს, გიორგი ვაშაყმაძეს.

„თავიდან სამხრეთის დერეფნის სტრატეგია იყო, ასე ვთქვათ, „ნაბუკოს“ სტრატეგია. მაგრამ შემდეგ, რადგან ვერ მიდიოდა ეს წინ და მისი განხორციელება პრობლემებს აწყდებოდა, ევროკომისიამ შეიმუშავა სამხრეთის დერეფნის სტრატეგია, რომლის ნაწილიც იყო „ნაბუკო“ და შემდეგ, როდესაც საუბარი იყო უკვე „ნაბუკო ვესტზე“- რომელი უნდა აერჩია კონსორციუმს, „ნაბუკო ვესტი“ ან TAP-ი - რეალურად, განსხვავება არავითარი არ იყო, ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მიესალმა ევროკომისიაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, იყო, რომ პროცესი დაიძრა“, განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტმა გიორგი ვაშაყმაძემ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დადებითი რეაქცია ახსენა. მართლაც, ტრანს-ადრიატიკის მილსადენზე არჩევანის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას 28 ივნისს, გამოცხადების დღესვე, გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და მას „აზერბაიჯანის დიდი მიღწევა“ უწოდა, „დიდი ნაბიჯი, გადადგმული სამხრეთის დერეფნის პროექტის განხორციელებისაკენ“.

„სამხრეთის დერეფანი, რომელმაც უნდა მოიცვას, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, და ტრანს-ანატოლიის მილსადენი, თურქეთის გავლით, გაზით მომარაგების ახალ წყაროს შესძენს ევროპას. ეს არის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები მტკიცედ ემხრობა. ის ასახავს ევროპის მისწრაფებას თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისაკენ“, - ვკითხულობთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც მოჰყვა გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის გაზის ევროპაში საექსპორტოდ ტრანს-ადრიატიკის მილსადენით სარგებლობის შესახებ. ამდენად, საქართველო ამ მარშრუტის შემთხვევაშიც რჩება სატრანზიტო ქვეყნად.

„ყველაფერი, რაც ეხება სამხრეთის დერეფანს გარდა, ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვის გაზისა, ისრაელის და კვიპროსის, და ერაყის გაზისა, ყველაფერი დანარჩენი ეხება (საქართველოს). ძირითადი და ყველაზე მთავარი: თურქმენეთის გაზი პირდაპირ ეხება საქართველოს. ის ფაქტი, რომ მოხდა შერჩევა ერთ-ერთი ვარიანტისა, თუ როგორ იქნება გაზი გადაზიდული ევროპის შიგნით (რადგან „ნაბუკო ვესტიც“ და TAP-იც, ორივე არის ევროპის შიგნით), მაგას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა! დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მოხდა შერჩევა, შეთანხმება, რასაც მოჰყვება პირველი გაზის საბადოს, „შაჰ დენიზის“ და ინვესტიციის საბოლო გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თვეში. და ეს არის მნიშვნელოვანი!“ - გვითხრა ექპერტმა გიორგი ვაშაყმაძემ.

ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. ცნობების თანახმად, კონსორციუმში იმედი აქვთ, რომ კასპიის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიც - თურქმენეთი, ყაზახეთი და, შესაძლოა, უზბეკეთიც - დაინტერესდებიან სამხრეთის დერეფანში შემავალი მარშრუტებით, ევროპაში თავიანთი ენერგორესურსების საექსპორტოდ. ყოველ შემთხვევაში, ის გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანის გაზი ევროპას მიეწოდება ტრანს-ადრიატიკის მილსადენით, რომლის ამოქმედებასაც 2018 წლისთვის მოელიან.
ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ევროპის მომხმარებლებმა მიიღონ გაზი ახალი წყაროებიდან, ახალი დამოუკიდებელი მარშრუტებით. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ითვლება სასარგებლოდ ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებისთვის. არავის არ ჰქონდეს მონოპოლია, არავინ არ გამოიყენოს გაზი, როგორც პოლიტიკური ბერკეტი...
გიორგი ვაშაყმაძე

„სამხრეთის დერეფანს“ რაც შეეხება, ეს არის, ექსპერტების განმარტებით, „მეგაპროექტი“, რამდენიმე პროექტის კონგლომერატი. კონცეფცია ევროკომისიას ეკუთვნის და არის არა მარტო სტრატეგია ენერგომომარაგების დივერსიფიცირების მიზნით, არამედ უკვე დაფინანსებითაც უზრუნველყოფილია. ცნობილია, რომ „სამხრეთის დერეფნით“ დასახულ მიზნებს შორის არის გვერდის ავლა რუსეთის ტერიტორიისათვის და რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირება.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთ წინა გადაცემაში, რომელიც კასპიის ენერგორესურსების ევროპაში ექსპორტს მიეძღვნა, ენერგეტიკის ექსპერტმა გიორგი ვაშაყმაძემ განმარტა:

„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ევროპის მომხმარებლებმა მიიღონ გაზი ახალი წყაროებიდან, ახალი დამოუკიდებელი მარშრუტებით. ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ითვლება სასარგებლოდ ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებისთვის. არავის არ ჰქონდეს მონოპოლია, არავინ არ გამოიყენოს გაზი, როგორც პოლიტიკური ბერკეტი... კასპიის გაზი არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე სხვა მომწოდებლების, იმავე რუსეთის. რუსული კონტრაქტები დაკავშირებულია ნავთობის ფასთან, რაც არ არის სწორი და არ უნდა იყოს. კასპიის გაზი არ იქნება დაკავშირებული ნავთობის ფასის მერყეობასთან და, შესაბამისად, იქნება სტაბილური“.
XS
SM
MD
LG