Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TAP-ის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია


საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მასშტაბი ფართოვდება, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას აძლიერებს. სანამ მსოფლიო კვლავ დამოკიდებულია ენერგომატარებლებზე, მათი ტრანზიტი რუსეთის გვერდის ავლით მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპისთვის.

ცნობილი გახდა, რომ „შაჰ დენიზის“ კონსორციუმმა მიიღო გადაწყვეტილება, განხორციელდეს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტი, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირების მარშრუტის შერჩევას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის საბადოს მეორე ფაზის განვითარების ფარგლებში,

კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს ენერგომატარებლების ტრანსპორტირების მარშრუტის ნაწილს, საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე, დაახლოებით, 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა - 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. „შაჰ დენიზის“ პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში, საქართველოში სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება.

სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2 000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის.

ენერგოდერეფანი 2019 წელს ამოქმედდება და მისი მეშვეობით პირველ ეტაპზე წელიწადში 10 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, თუმცა რამდენიმე წელიწადში ამ მოცულობის გასამმაგებას ვარაუდობენ. პროექტში ფიქრობენ ჩართონ ყაზახეთიც, რომელიც ბუნებრივი აირის საბადოებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. TAP ევროპულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რუსეთის გარდა, რომელიც დღეს მონოპოლისტია და თავის მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები მოიძიონ. პროექტის დასრულების შემდეგ, 2019 წლიდან, საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. წესით, ამან საქართველოში ენერგომატარებლების ტარიფი უნდა შეამციროს.

XS
SM
MD
LG