საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8 %-მდე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს გადაწყვეტილება მზარდ ინფლაციას უკავშირდება, რომელმაც მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა. მოსალოდნელია თუ არა ფასების კიდევ უფრო მეტად მომატება და რა შედეგს მოიტანს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?
მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პერიოდულად ზრდიდა რეფინანსირების განაკვეთს. ბოლო თვეებში ასეთი გადაწყვეტილებები გახშირდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ჯერ კიდევ გასულ თვეში 50 პუნქტით გაზარდა და ის 7,5 % გახდა, 16 დეკემბერს კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ ერთხელ გამოცხადდა და რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკი ასეთ ნაბიჯებს ინფლაციური პროცესების შესაკავებლად დგამს. სამომხმარებლო ფასების ზრდა საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში ინფლაციამ 6.3 პროცენტს მიაღწია - უკანასკნელი 4 თვის მანძილზე ის გასცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, 5 პროცენტს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მან შესაბამისი პროგნოზი ჯერ კიდევ აგვისტოში გააკეთა:
„ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5 %, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5 %-დან 6 %-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6 %-ზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ ინფლაციის კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“.
გიორგი ქადაგიძის მიერ ნახსენები ფასების ზრდა ძირითადად შეეხო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ქვეჯგუფს, საცხოვრებელს, წყალს, ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, ჯანდაცვას და სხვა. სამომხმარებლო კალათის ძირითად ჯგუფზე ფასების ზრდა მოქალაქეთა უმრავლესობას შეეხება და მათთვის მოკლევადიანი პროგნოზი ნაკლებად საიმედოა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევარში მიაღწევს:
„ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში (პუბლიკაციებში ან ინფლაციის მიმოხილვაში) აღვნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია მცირედ ზრდას მომდევნო წლის პირველ კვარტლამდე გააგრძელებს და სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც, ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლის შემდგომ 3 %-მდე ჩამოიწევს და საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3 % იქნება“.
ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განმარტა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ:
„მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ითვალისწინებენ ინფლაციის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ასწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეიზღუდოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე“.
ნინო ევგენიძის მიერ აღწერილი მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა. მისი განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ეროვნული ბანკის მხრიდან უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს, ვიდრე რეალურად ვითარებაზე გავლენის მოხდენის ეფექტი:
„ეს არის, უბრალოდ, დეკლარაციის დონე. ინფლაცია ეროვნულ ბანკს 2011 წელს გაექცა 14,5 პროცენტამდე, 2002 წელს იყო მინუს 3,3 %-მდე. ანუ რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, საქართველოში არის არაეფექტიანი, მისი ეფექტი არის 0-ის ტოლი“.
თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯები მაინც გავლენას ახდენს საკრედიტო ბაზარზე, კერძოდ, ძვირდება ლარში გაცემული კრედიტები და არა მარტო ისინი.
ეროვნული ბანკის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში 15.4 პროცენტი იყო. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.2 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე წლიური 19.9 პროცენტი გახდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებმა ფიზიკური პირებისთვის შეადგინა 23.3 პროცენტი, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე -წლიური 13.6 პროცენტი.
ეს რიცხვებიც მეტყველებს, რომ ინფლაციის ზრდასთან ერთად იზრდება კრედიტების პროცენტები, დაკრედიტების რაოდენობა კი მცირდება, რაც, თავის მხრივ, იწვევს ერთობლივი მოთხოვნის შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის კლებას.
ამ „მოჯადოებული წრიდან“ გამოსავალი, სპეციალისტების აზრით, არა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლაშია.