საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 2015 წლის 16 დეკემბერის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება საქართველოშიც და რეფინანსირების განაკვეთი, 50 საბაზისო პუნქტით, 8.0 პროცენტამდე გაიზრდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისათვის. გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ, მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად.
მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ითვალისწინებენ ინფლაციის პროგნოზირებულ მაჩვენებელს, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება.
თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ასწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეიზღუდოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე.
საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა - შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.
როგორც იცით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით არ იყო მოულოდნელი.
ბანკში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად უნდა აისახოს ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. მათივე ცნობით, თუ სხვა დამატებითი შოკები არ გამოიკვეთა, პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მომდევნო პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და 5-პროცენტიან მიზნობრივ ნიშნულამდე წლის მეორე ნახევარში შემცირდება.
რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება კი, როგორც ზემოთ ითქვა, საბაზრო განაკვეთებზეც აისახება. საუბარია ლარში დენომინირებულ სესხებზე, უფრო მეტად მათზე, ვინც ახლა აპირებდა სესხის აღებას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დათქმა ადრე დადებულ ხელშეკრულებებშიც იყო, სესხი ლარში, შესაძლოა, ძველ მსესხებლებსაც გაუძვირდეთ.