საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 2015 წლის ნოემბერში გაიზარდა და 6,3%-ია. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 5.8 % იყო, სექტემბერში კი - 5,4 %. სტატისტიკური მონაცემებით, ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2011 წლის შემდეგ.შემცირებულია ინფლაციის დონე თვიური თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემებით, თვიური ინფლაციის დონე 2015 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, 0,8 %–დან 0,3 %–მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 3,8 % შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,2 % შეადგინა, ივლისში – 4,9 % შეადგინა, ივნისში – 4,5 %, მაისში ინფლაციამ 3,5 % შეადგინა, აპრილში – 2,5 %, მარტში - 2,6 %, თებერვალში – 1,3 %, იანვარში – 1,4 %.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია პიკს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიაღწევს და სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, ინფლაცია მცირედით გადასცდა სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ეს პროგნოზირებადი იყო.
გიორგი ქადაგიძე განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც, ანგარიშებისა და პროგნოზების მიხედვით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან 3 %-მდე ჩამოიწევს და საშუალოვადიანი მაჩვენებელი 3 % იქნება.
"ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5 %, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5 %-დან 6 %-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6 %-ზე ცოტა მეტი", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა დღეს ამის საჭიროებას ვერ ხედავს. აქვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლარზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები არის წელს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამოძახილია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ოქტომბრის ანგარიშის თანახმად, საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში 15.4 პროცენტი დაფიქსირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 10.2 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე წლიური 19.9 პროცენტი დაფიქსირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთებმა ფიზიკური პირებისთვის შეადგინა 23.3 პროცენტი, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე წლიური 13.6 პროცენტი შეადგინა.