Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვინის ექსპორტის ტენდენციები 2016 წლის დასაწყისში


ღვინის ექსპორტი საქართველოსთვის ყოველთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, მოუხედავად იმისა, რომ ღვინის ექსპორტი ქვეყნის ჯამური ექსპორტის 10 პროცენტსაც არ შეადგენს და საექსპორტო პროდუქციის ხუთეულშიც არ შედის - მეტიც, სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციაშიც კი პირველ ადგილზე არ არის და ბოლო წლებია პოზიციებს თხილს უთმობს.

ღვინისადმი ეს განსაკუთრებული ინტერესი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - პირველ რიგში, ღვინო საქართველოსთვის ტრადიციისა და ისტორიული იდენტობის ნაწილია; გარდა ამისა, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მასშტაბზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ერთი კუთხის, კახეთის რეგიონის, ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

როგორც ცნობილია, გასული წელი ღვინის ექსპორტისთვის წარმატებული არ ყოფილა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა იყო. ღვინის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ წლევანდელი წლის დასაწყისში ღვინის ექსპორტი გაიზარდა, კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,5 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 56 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27 %-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1,4 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 165 %-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 137 %-ს აღწევს.

მთავარ ბაზრად ქართული ღვინისთვის კვლავ რუსეთი და უკრაინა რჩებიან. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 2 559 795, უკრაინა -651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038 და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი - 154 %, უკრაინა - 37 %, პოლონეთი - 46 %, ლიტვა - 26 %, ყირგიზეთი - 70 %, გერმანია - 68 % და სხვა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

XS
SM
MD
LG