Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის შეხვედრა ჩინეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის შეხვედრა ჩინეთში

გასულ კვირას საქართველოს მთავრობის პირველი პირები ჩინეთში იმყოფებოდნენ. ამ ვიზიტზე საქართველოში საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებდნენ, პირველ რიგში, ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდის მიმართულებით. ვიზიტის შედეგები გუშინ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც ჩინეთიდან ჩამოიტანა, ჩინეთის ხელისუფლების მზაობაა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს. „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელ რეგიონში, - არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ ფართო რეგიონში, მათ შორის, ევროპაში, - რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ჩინეთის ბაზარი რასაც ნიშნავს, ეს ალბათ მეწარმეებმა ჩემზე კარგად იციან. ეს არის მილიარდ ოთხას მილიონიანი ბაზარი, ეს არის უზარმაზარი პოტენციალის მქონე და ჩვენს მეღვინეებს, მეწარმეებს ეხსნებათ ახალი ბაზარი. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ ევროკავშირთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა და გავხსენით ბაზარი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბიზნესმენებს მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

საინტერესოა, რომ ვიზიტამდე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სცადა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგები კვლევითი ორგანიზაციების დახმარებით დაეთვალა.

პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის კვლევის თანახმად, შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ერთი მხრივ, მოკლევადიან პერიოდში საქართველოს საქონლის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება დაახლოებით 9 %-ით - მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის (28.5 %-ით) და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი (36.7 %-ით). მეორე მხრივ კი, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი მხოლოდ 1.7 %-ით გაიზრდება. ეს ხელშეკრულება, დასკვნის თანახმად, დიდ შესაძლებლობებს შექმნის მომსახურებით ვაჭრობის ნაკადების გაზრდის, მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის და ტურიზმის თვალსაზრისით. კვლევა ასევე ამბობს, რომ, ჩინეთის მთავრობის ახალი კონცეფციის ფარგლებში, მოსალოდნელია ჩინური ინვესტიციების გაზრდა მთელ რიგ სექტორებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს აზია-ევროპის სავაჭრო ნაკადების გაზრდას, სამედიცინო და ფინანსურ სექტორებში.

ცხადია, ამ ხელშეკრულებას ექნება რისკებიც, რომელიც ასევე დეტალურად დასათვლელია.

საინტერესოა, რომ დღეისთვის ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - ქვეყნებს შორის მთლიანი ბრუნვა $800 მილიონს ოდნავ აღემატება. ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად ფოლადის ნაწარმი, კომპიუტერები და მობილურები შემოდის, საქართველოდან კი ჩინეთში ძირითადად სპილენძის მადანი, ჯართი და ღვინო გადის. ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიოს 32 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის: ჩილესთან, ახალ ზელანდიასთან, სინგაპურსა და პაკისტანთან. ექსპორტი ჩინეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება.

XS
SM
MD
LG