ავტორი: ირინა გურული
სტატისტიკის სამსახურმა 2015 წლის პირველი 5 თვის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13 პროცენტით არის შემცირებული. ექსპორტის კლებამ 25, ხოლო იმპორტისამ 9 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებში ერთი პროცენტით არის გაზრდილი და 1 მილიარდ 179 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ეს ზრდა უმეტესად იმპორტის ხარჯზე მოდის. ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 4 პროცენტით არის შემცირებული. დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა საანგარიშო პერიოდში 22 პროცენტით ნაკლებია და ექსპორტი, ფაქტობრივად, განახევრებულია: კლებამ 46 პროცენტი შეადგინა. კლების მიუხედავად, დსთ-ს ქვეყნებს საქართველოს ექსპორტში მაინც 32,5 პროცენტი უკავია.
2015 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 105 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე კვლავ ფეროშენადნობების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 86 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
საექსპორტო პროდუქციიდან მონეტარულ გამოსახულებაში, ყველაზე მეტად იკლო მსუბუქი ავტომობილების (63 პროცენტით), ღვინის (55 პროცენტი) უალკოჰოლო სასმელების (42 პროცენტი), მინერალური წყლების (35 პროცენტით), ფეროშენადნობების (32 პროცენტით), აზოტოვანი სასუქების (32 პროცენტით) ექსპორტმა. მეორე მხრივ, ორნახევარჯერ გაიზარდა თხილის, 70 პროცენტით კი სამკურნალო საშუალებების ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 262 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი, 242 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტია. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 217 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).
საიმპორტო პროდუქციიდან 127 პროცენტით არის გაზრდილი სამკურნალო საშუალებების იმპორტი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მაჩვენებელი აშშ დოლარშია მოცემული და ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების რაოდენობრივ ზრდას, რადგან მხედველობაში მისაღებია კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული გაზრდილი ფასებიც. ნავთობზე ფასების კლების გამო, მონეტარულ გამოსახულებაში ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 პროცენტით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რეექსპორტმა 63 პროცენტით იკლო, ავტმობილების იმპორტის კლებამ მხოლოდ 17 პროცენტი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის მონაცემები კარგი ინდიკატორია ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და მოთხოვნისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შესაფასებლად.