Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როზეტა“ კომეტაზე დასაჯდომად ემზადება


"როზეტას" მიერ 285 კილომეტრიდან გადაღებული კომეტის ფოტო
"როზეტას" მიერ 285 კილომეტრიდან გადაღებული კომეტის ფოტო

"ამერიკის ხმის" რუბრიკა „გალილეო“ დღეს კოსმოსურ ხომალდ „როზეტაზე“ მოგითხრობთ. პირველად კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური ხომალდი 405 მილიონ კილომეტრში მოძრავი კომეტის ორბიტაზე გავიდა.

„ძრავის წვა დასრულდა. „როზეტა“ კომეტა 67-P-ზე ჩავიდა. ჩვენ ორბიტაზე ვართ“! - სოციალურ ქსელ ტვიტერზე განთავსებული ამ განცხადებით ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ამბიციური პროექტის წარმატებით განხორციელების შესახებ გვაუწყა.

2014 წლის 6 აგვისტო კოსმოსის შესწავლის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად შევა. ათი წლის წინ დაწყებული ვოიაჟის შემდეგ, კოსმოსური ხომალდი „როზეტა“ კომეტის -67P-ჩურიუმოვ-გერასიმენკო- ორბიტაზე გავიდა. ასტრონომები და ასტროფიზიკოსები ამ ფაქტს კოსმოსის შესწავლის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტს და ტრიუმფალურ ეტაპსაც კი უწოდებენ. თავად ევროპის კოსმოსური სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ მზის სისტემის შესწავლაში სრულიად ახალი ქვეთავი გადაიშალა.

კომეტები ასტეროიდებისგან განსხვავებით, რომლებსაც დედამიწასავით ქვისმაგვარი მყარი სხეული აქვთ, ყინულითაა დაფარული. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე წყალი და შესაბამისად სიცოცხლეც შესაძლოა სწორედ კომეტებიდან გაჩნდა. კომეტა 67-P პირველად 1969 წელს შენიშნეს და მას მისი აღმომჩენების, კიეველი კლიმ ჩურიუმოვის და ალმაატელი სვეტლანა გერასიმენკოს სახელი დაარქვეს. ის დედამიწისგან 405 მილიონი კილომეტრის მანძილზე, დაახლოებით მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. 67-P სიგრძეში 3.2 კილომეტრია და მისი სიგანე 4 კილომეტრს აღემატება.

კოსმოსური ხომალდი „როზეტა“ კომეტის კვლევას მისი ატმოსფეროს შესწავლით, შემდეგ ზომების აღებით და ზედაპირის რუკების შექმნით იწყებს. ნოემბერში კომეტაზე მცირე ზომის კოსმოსური ზონდის -„ფილის“- დასმა იგეგმება, რომელიც ფოტოებს კიდევ უფრო ახლო მანძილიდან გადაიღებს და ზედაპირიდან პირველ სინჯებსაც აიღებს. თუმცა, „როზეტას“ მისია ამით არ შემოიფარგლება. მისი შვილობილი „ფილი“ კომეტასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში იმოგზაურებს. მეცნიერებს აინტერესებთ, თუ რამდენად შეიცვლება კომეტის ზედაპირი და მისი ატმოსფერო მზესთან მიახლოების შემდეგ და ტემპერატურის ზრდის პირობებში. „როზეტას“ შემქმნელი რალფ კორდი, ორგანიზაციის -„აერობუსის თავდაცვა და კოსმოსი“- ბიზნეს-მენეჯერი, ამბობს, რომ სარადარო სისტემებით აღჭურვილი „ფილი“ მშობელ ხომალდს ინფორმაციას არამარტო კომეტის ზედაპირის და მისი ატმოსფეროს შესახებ მიაწვდის, არამედ კომეტის გულს, მის სტრუქტურასაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლის.

საინტერესოა თავად „როზეტას“ თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიაც. მისიის იდეა ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაჩნდა. გადაწყვეტილების მიღებას ორ ათეულ წელზე მეტი დასჭირდა, 1.7-მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი 1993 წელს დაამტკიცეს. ღია კოსმოსში ის პირველად 2004 წლის 2 მარტს გავიდა. ამასობაში მან დედამიწას 3-ჯერ და მარსს ერთხელ შემოუარა. ვოიაჟის განმავლობაში „როზეტამ“ დედამიწაზე უპრეცედენტო ფოტოები გამოაგზავნა, მათ შორის ორი შემხვედრი ასტეროიდის, შტეინის და ლუტეციასი.

ბოლო რამდენიმე წელიწადი „როზეტა“ ენერგიის დაზოგვის მიზნით გამორთული იყო და მისი სისტემები ე.წ. ძილის რეჟიმში იმყოფებოდა. ორწლინახევრიანი პაუზის შემდეგ „როზეტა“ გამოაღვიძეს. ხომალდზე სისტემების გამართულად მწყობრში ჩადგომას სათაო ოფისში, გერმანიის ქალაქ დარმშტადში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. „ათი წლის, 5 თვის და 4 დღის მოგზაურობის შემდეგ, მზის ირგვლივ 5 წრის გაკეთების და 6.4 მილიარდი კილომეტრის გავლის შემდეგ, მოხარული ვართ გაუწყოთ, რომ ბოლოს და ბოლოს მიზანს მივაღწიეთ... ევროპული „როზეტა“ ისტორიაში პირველი ხომალდია, რომელიც კომეტასთან ერთად იმოგზაურებს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ისტორიის და წარმომავლობის კვლევაში“ - განაცხადა 6 აგვისტოს ჟან-ჟაკ დარდენმა, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

XS
SM
MD
LG