Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 წელი კოსმოსში


პირველი კოსმონავტი იური გაგარინი
პირველი კოსმონავტი იური გაგარინი
50 წელი ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენის შემდეგ. რა როლს თამაშობდა კოსმოსურ აღმოჩენებში ცივი ომი და რა მდგომარეობაშია კოსმოსური მისია დღეს. ჩვენი თემაა: პოლიტიკა, იდეოლოგია და კოსმოსი.

კოსმონავტიკის ბუმი მაშინ იყო, როცა ორი დიდი სუპერსახელმწიფო ერთმანეთს, ასე ვთქვათ, კუნთებს უთამაშებდა. მახსოვს, ამერიკაში სწავლის დროს უნივერსიტეტში ერთ-ერთ ფილოსოფიურ ნაშრომს ვკითხულობდი, სადაც გადავაწყდი იდეას, რომლის თანახმადაც, როცა სახელმწიფოები კოსმოსს იპყრობდნენ, ისინი საკუთარ მიწიერ იდენტობას ძერწავდნენ და აძლიერებდნენ და ეს რეალურად არა კოსმოსის შეცნობის სურვილი, არამედ მიწაზე ძალაუფლების განსამტკიცებლად საჭირო ინსტრუმენტი იყო. სტატიაში მოყვანილი იყო კონკრეტული არგუმენტები ამ თეზისის გასამყარებლად. თუმცა, არგუმენტაციის მიუხედავად, თეზისის „ყიდვა“, როგორც ამერიკელები ამბობენ, გამიჭირდა. ძნელია ამ მოსაზრების მიღება მაშინ, როცა კოსმოსის დაპყრობა რეალურ, ფიზიკურად ხილვად სამყაროში რაკეტების გაფრენით აღინიშნება.

თუმცა, მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიკითხოთ: საიდან ვიცით ეს? დიახ, რეალურად რამდენს გვინახავს რაკეტის გაფრენა? იქნებ ეს ყველაფერი ისეთივე ვიდეოინსტალაციაა, როგორიც მატრიცა ან სხვა დიდბიუჯეტიანი ჰოლივუდის ფილმი, რომელიც მასაუდიენციაზეა გათვლილი?… დიდბიუჯეტიანი სანახაობა, სუპერსახელმწიფოთა ბრძოლა დომინაციისთვის… სკეფსისი ამ სფეროსთან დაკავშირებით ერთი სამეცნიერო სტატიით არ შემოიფარგლება. ამაზე დისკურსი დღეს დასავლურ სამყაროში საკმაოდ ცხარეა. დღეს, როცა იდეოლოგიური ფრონტი კოსმოსიდან მიწაზე ეშვება, დედამიწაზე პირველობის რაციონალიზაციიდან, გლობალურ დათბობასთან ერთად, ბრძოლის რაციონალიზაციისკენ ინაცვლებს, რაც, ბუნებრივია, ინდივიდუალურ დაპირისპირებაზე მეტად საერთო საფრთხეებზე დაშენებულ საერთო ინტერესებს წარმოაჩენს. თუმცა ამასვე ამბობდნენ კოსმოსზეც. ამბობდნენ, შემეცნების ეს სურვილი მთელ პლანეტას აერთიანებსო. მოდით, იური გაგარინს მოვუსმინოთ გაფრენის წინ… 12 აპრილი, 1961 წელი, ვოსტოკ 1-ის(Vostok 3KA-3) კაბინიდან მიმართვა სამყაროს:

”ძვირფარო მეგობრებო, ახლობლებო, უცნობებო, თანამოქალაქენო, ყველა ქვეყნისა თუ კონტინენტის წარმომადგენლებო, რამდენიმე წუთში მძლავრი კოსმოსური ხომალდი წამიღებს მე დიად კოსმოსურ სამყაროში. რა შემიძლია გითხრათ ამ უკანასკნელ წუთებში სტარტის წინ? მთელი ჩემი ცხოვრება მე ახლა ერთ მშვენიერ წამად მეჩვენება. მთელი განვლილი ცხოვრება, ყველა ჩემი ნაბიჯი იყო განვლილი და გადადგმული ამ წუთისათვის.”

უნდა აღინიშნოს, არის მოსაზრება, რომ გაგარინის ყოველი ფრაზა, გაფრენამდე და გაფრენის შემდეგ, მკაცრად მოწმდებოდა და რედაქტირდებოდა. შესაბამისად, ეს იყო არა გაგარინის ინდივიდუალური მესიჯი, ინდივიდუალური მიმართვაა სამყაროსადმი, არამედ იყო საბჭოთა სისტემის გზავნილი მსოფლიოსადმი ცივი ომის დროს, როცა ორი სუპერსახელმწიფო დედამიწის დომინაციისთვის პაექრობდა. გაგარინი, ამ გაგებით, ბევრმა აღიქვა როგორც სისტემის პროდუქტი, ერთ-ერთი მილიონებს შორის. თავად გაგარინი ამბობდა, მე არაფრით განვსხვავდები მილიონობით პროლეტარისგანო…ღიმილიანი ბიჭი, რომელსაც სისტემამ კონკრეტული დავალება მისცა…თუმცა გაგარინის უკან იყვნენ კოსმოსის დაპყრობის სურვილით შეპყრობილი მეცნიერები, მაგალითად, სერგეი პავლოვიჩ კოროლიოვი, იური გაგარინისა და პირველი ფრენის, ასე ვთქვათ, მამა, წამყვანი კოსმოსური დიზაინერი საბჭოთა სისტემაში, რომელიც საბჭოთა სისტემამ ექვსი წელი გულაგში განამწესა, ცხოვრებაში კი მისი იდენტობა გაასაიდუმლოვა. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაცხადდა, რომ კოსმოსური წარმატების უკან, ჩრდილში, სწორედ ის იდგა. დიახ, ბევრის აზრით, ადამიანები აქ მეორეხარისხოვანნი იყვნენ, სისტემები იყვნენ ჩაბმულნი კოსმოსურ მარათონში. ამ პერიოდს ისტორიაში სწორედ ასე ეწოდა- ’კოსმოსური მარათონი’(Space Race). ვიკიპედიაში ეს ტერმინი ასეა განმარტებული:

”1957-1975 წლებში ცივი ომის ორი მეტოქე (იგულისხმება ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი) ფოკუსირებული იყო პირველობაზე კოსმოსურ აღმოჩენებში, რაც მიჩნეული იყო ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებლობად და ასევე ტექნოლოგიური და იდეოლოგიური უპირატესობის სიმბოლოდ.”

ამიტომაც მუშაობა ორ ფლანგზე ძირითადად საიდუმლოდ მიმდინარეობდა. ახლახან „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბლოგზე ავტორი, ჯემი დორანი, კომუნისტურად განწყობილი ამერიკელი, თავის მამაზე წერს, რომელსაც თურმე უხაროდა საბჭოთა წარმატება, რადგან ამას იმპერიალიზმისგან ამერიკის განკურნების მეთოდად მიიჩნევდა… ასეა თუ ისე, დორანის მამას, გაგარინის წარმატებით გახარებულს, უთქვამს: ის, ვინც მთვარეზე ფეხს პირველი დადგამს, სწორედ ის მართავს მომავალში მსოფლიოსო.

გადის შვიდი წელიწადი. 2:56 კოორდინირებული უნივერსალური დედამიწის დრო, 21 ივლისი, 1969. კოსმონავტი ნილ არმსტრონგი კაფსულიდან გამოდის და მთვარეზე ფეხს დგამს. ამ წამის არმსტრონგისეული შეფასებაა:

“ეს არის პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის და უზარმაზარი ნახტომი კაცობრიობისთვის.”

ჯემი დორანის მამას მთვარეზე არსმტრონგისა და ამერიკელების გამარჯვების შემდეგ შვილისთვის უთქვამს, ეტყობა, შენ კარგად ვერ გაიგე - მე არა მთვარე, არამედ მარსი ვიგულისხმეო. დიახ, შემდეგი სამიზნე სისტემებისთვის სწორედ მარსი გახდა. თუმცა სანამ სისტემები მარსისთვის იდეოლოგიურ თუ ტექნოლოგიურ მარათონში ბრძოლას გააგრძელებდნენ, დედამიწაზე რაღაცები შეიცვალა. მაგალითად, საბჭოთა კავშირი დაიშალა. წესით და რიგით, სიმშვიდეში, ცივი ომის ზეწოლის გარეშე, ამერიკის შეერთებულ შტატებს და არსებითად სხვა ქვეყნებსაც ამ მიმართულებით პროგრესი მალევე უნდა ეჩვენებინათ. თუმცა მთვარის შემდეგ 42 წელი გავიდა და ადამიანს მარსზე ფეხი ჯერ არ დაუდგამს და დღემდე გრძელდება სპეკულაცია მარსის კლიმატის, ქანების შემცველობის, მისი წარსულის თაობაზე… რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მანძილი დღეებიდან თვეებამდე გაიზარდა, გაიგზავნა ბევრი კოსმოსური ხომალდი, გადაღებულია კოსმოსური ფოტოები, ორბიტებზე კოსმოსური თანამგზავრები დაფრინავენ და ადამიანებს კომუნიკაციაში ეხმარებიან…

თუმცა თავად ადამიანების კოსმოსური მოგზაურობის გარშემო სკეფსისი სულ უფრო იზრდება. ჩვენ ბევრ ფულს ვხარჯავთ და ღირს კი ეს ამდენად? ხომ არ ჯობია ფული აქვე, პლანეტაზე, გადავანაწილოთ, ადამიანებზე... ვინც სიღატაკეში ცხოვრობს, იმათ დავეხმაროთ. რისთვის მივილტვით კოსმოსისკენ? დედამიწას ვაბინძურებთ და მერე გადარჩენისთვის კოსმოსისკენ გავრბივართ? იქნებ ჯობია მეტი დრო და ენერგია ადგილზევე ჩვენს ცხოვრებას მოვახმაროთ? მსგავსი შეკითხვა ბევრი დაისვა. ერთ-ერთ სამეცნიერო ბლოგზე ნასას სივრცული ბიოლოგი კეის კოვინგი ამ კითხვებზე შემდეგნაირად პასუხობს:

”ამწუთას ამერიკის მთელი კოსმოსური ფრენების პროგრამა ჯდება 7 მილიარდი დოლარი წელიწადში. ეს მხოლოდ ცენტებია თითოეულ ადამიანზე დღეში. მაგალითად, 2006-ში ამერიკელებმა დახარჯეს 154 მილიარდი დოლარი ალკოჰოლზე. ჩვენ ვხარჯავდით 10 მილიარდ დოლარს თვეში ერაყის ომში და ა.შ.. არის ეს რაღაცები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კოსმოსის ათვისების პროგრამები მხოლოდ იმის გამო, რომ მათზე მეტი ფული იხარჯება? …. ამიტომ მხოლოდ ფული ვერ დაგვეხმარება იმის გააზრებაში, ღირს თუ არა კოსმოსის კვლევა.”

თუმცა, შეიძლება ითქვას, სურვილი იყოს, თორემ ციფრებით ან რეალობის ფრაგმენტებით რაციონალიზაცია ადვილია. მაგალითად, რუსეთის იმ სოფელში, სადაც გაგარინი დაეშვა, ასფალტის გზა გაგარინის დაშვების 50 წლის თარიღის აღსანიშნავად დააგო ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ სოფელს კი დღესაც, 21-ე საუკუნეში, სკოლა არა აქვს…

თუმცა კოსმოსის დაპყრობა მარტო ზესახელმწიფოების ამბიცია როდია. ბევრის აზრით, ესაა ის ფუნდამენტური ადამიანური ინსტინქტი, რომელმაც კაცობრიობა დღემდე მოიყვანა. ბერტ რუტანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინდუსტრიული დიზაინერია. მისმა ორმა კომპანიამ, სხვადასხვა წყაროებით, უფრო მეტი კოსმოსური ხომალდი შექმნა მეოცე საუკუნეში, ვიდრე მთელმა ამერიკის კოსმოსურმა ინდუსტრიამ, ერთად აღებულმა. აი, რას ამბობს იგი ტედ-ის საერთაშორისო კონფერენციაზე:

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ჩვენ, კაცობრიობა, ყოველთვის ვაკეთებდით და რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინსტინქტურად ვეჭიდებოდით სირთულეებს, ვძვრებოდით რთულ ადგილებში, მივდიოდით რთულ გარემოში და მხოლოდ გვიანღა აღმოვაჩინეთ, ალბათ ჩვენდა გასაკვირად, რომ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ჩვენ, როგორც კაცობრიობა, გადავრჩით.”

რუტანი ამაზე შორს მიდის და ავითარებს კოსმოსური ტურიზმის იდეას და ამ სფეროში განსაკუთრებულ მნიშვნელობას კერძო ინიციატივების არსებობას ანიჭებს. სახელმწიფო, მისი აზრით, არაეფექტურია, რადგან მას ახლავს ბევრი რეგულაცია და ბევრიც იდეოლოგიური ჩარჩო…

ახლა კი დავბრუნდეთ ისევ იქ, საიდანაც დავიწყეთ… ხვალ რომ სერიოზულმა მედიასაშუალებამ გვაუწყოს, იცით, მთელი ეს კოსმოსური ტრიადა ვიდეოინსტალაციების ნაკრები იყოო, რა არგუმენტს დავუპირისპირებდით ამას? დიახ, რამდენს გვინახავს ჩვენი თვალით ნამდვილი რაკეტა, რომელიც გაფრინდა?...არ ვამბობ, რომ კოსმოსური ოდისეა ფიქციაა, უბრალოდ, კითხვას ვსვამ, რომელიც, ალბათ, საკითხის ნაკლებად იდეოლოგიური კუთხით ჭვრეტაში დაგვეხმარება.
XS
SM
MD
LG