29 ივლისს ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალმა „სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ყოველთვიური ცნობები“ საინტერესო აღმოჩენის შედეგები გამოაქვეყნა. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნით, ჩვენი გალაქტიკის „ირმის ნახტომის“ წონა, მეზობელი „ანდრომედის“ წონის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, „ანდრომედა“ მზეზე 800 მილიარდჯერ მეტს იწონის.
„ანდრომედის“ გალაქტიკა დედამიწისგან დაახლოებით 2,6 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მის ბევრად უფრო დიდ წონას გალაქტიკის ბნელი მატერია განაპირობებს. ბნელი მატერია შედარებით ნაკლებად შესწავლილი უჩინარი ნივთიერებაა, რომელსაც გალაქტიკის შიდა სივრცის უდიდესი ნაწილი უჭირავს. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ხორხე პენიარუბიას თქმით, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, თუ რას წარმოადგენს ეს ბნელი მატერია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს. თუმცა, მათ მიერ ჩატარებული უახლესი გამოკვლევა "საშუალებას იძლევა, ამ მოუხელთებელი ნივთიერების ქცევა უკეთ აიხსნას".
ძირითადად, ასტრონომებისა და ასტროფიზიკოსებისგან შემდგარი სამეცნიერო ჯგუფის გამოანგარიშებით, „ანდრომედის“ გალაქტიკაში ორჯერ მეტი ბნელი მატერიაა, ვიდრე „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში. ამ ორ გალაქტიკას შედარებით მსგავსი, სპირალისებური ფორმა და სტრუქტურა აქვს. ჩვენს "სამეზობლოში", ანუ იმ რეგიონში, რომელსაც ასტრონომები „ადგილობრივ ჯგუფს“ უწოდებენ, ისინი ზომით ყველაზე დიდებიც არიან. ბნელი მატერია ამ ორივე გალაქტიკის დაახლოებით 90 პროცენტს შეადგენს, სამყაროში კი, მეცნიერების ვარაუდით, ის 27 პროცენტს არ აღემატება.
გამოკვლევაში წარმოდგენილია გალაქტიკების წონის გაანგარიშების ახალი, ბევრად უფრო ზუსტი მეთოდი, რომელიც მომავალში გააიოლებს ახლოს თუ შორს მდებარე გალაქტიკების შესწავლას. მეთიუ უოკერი, სამეცნიერო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორია, ამბობს, რომ მათ რამდენიმე სახის მონაცემი შეაჯერეს.
„შევისწავლეთ არა მარტო ეს ორი გიგანტური გალაქტიკა, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს არიან, არამედ მათ გარშემო განლაგებული 'ადგილობრივი ჯგუფის' დანარჩენი გალაქტიკებიც, რომელთაც ხშირად ჯუჯა-გალაქტიკებსაც უწოდებენ. შემდეგ ეს ინფორმაცია შევაჯერეთ გრავიტაციის მონაცემებს და ასევე გავითვალისწინეთ სამყაროს გაფართოების მონაცემებიც. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მონაცემი შეჯერდა“ - აღნიშნავს პროფესორი უოკერი.
„ადგილობრივ ჯგუფში“, რომელშიც ჩვენი გალაქტიკა, „ირმის ნახტომიც“ ერთიანდება, სულ 54 გალაქტიკა შედის. ის ბევრი სხვა ჯგუფისგან გამოირჩევა. მთავარი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: გალაქტიკების უმეტეს ნაწილში, მათ შორის „ადგილობრივი ჯგუფის“ ირგვლივ, მეზობლად მყოფ გალაქტიკებში, გაფართოების და ერთმანეთისგან დაცილების ტენდენცია შეინიშნება. „ადგილობრივ ჯგუფში“ კი კოლექტიური გრავიტაციის წყალობით, გალაქტიკები ერთმანეთს, პირიქით, თანდათან უფრო უახლოვდებიან.