საყდრისის საბადოების გადასარჩენად აქციები გრძელდება. 30 მარტს საყდრისის გადარჩენის კომიტეტი მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ისინი საყდრისის განადგურებაში მთავრობას ადანაშაულებენ და მისი აუფეთქებელი ნაწილის ძეგლად შენარჩუნებას მოითხოვენ.
მთავრობის კანცელარიასთან საყდრისის გადარჩენის მოთხოვნით ორასამდე ადამიანი შეიკრიბა ტრანსპარანტებით: „შეწყდეს მსოფლიოში უძველესი მაღაროს ნგრევა“, „ბიძინა, ნუ ანგრევ საყდრისს“ და ა.შ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტთან ერთად აქციაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრებიც იყვნენ, თუმცა, როგორც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ამბობს, შეკრებას პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონია:
„საყდრისს ვინ დაიცავს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, დავიცვათ და ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ ჩაიდინა უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე“.
უმძიმეს დანაშაულში ირაკლი მამალაძე საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს აფეთქებას გულისხმობს. კომპანია „RMG Gold-მა“ მაღარო 13 დეკემბერს, გვიან ღამით, ააფეთქა. ის მიიჩნევს, რომ ტერიტორიის ისტორიული ნაწილის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია:
„ჯერ კიდევ არსებობს კულტურული ფენები, რომლის გადარჩენა შესაძლებელია და შესაძლებელია იქიდან უნიკალური არტეფაქტები ამოვიღოთ“.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს კულტურულ ღირებულებაზე ლაპარაკობდნენ გერმანულ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები. ექსპედიციის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე ამბობს, რომ 2014 წლის დეკემბერში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ძნელია ითქვას, შენარჩუნდა თუ არა ძეგლის ნაწილი მაინც. ბოლო ექსპედიცია იქ 2014 წლის ზაფხულში ჩატარდა:
„უკვე დაზიანებული იყო საყდრისის ზედაპირი. მიწისქვეშ დაზიანებული არ იყო. ახლა იქ ორ დღეში ერთხელ აფეთქებენ და რა გადარჩა და რა შენარჩუნდა, ვერაფერს გეტყვით“.
საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, ხოლო 2013 წელს მოეხსნა. მოგვიანებით, რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანია „RMG Gold“-ს იქ სამუშაოების შესრულების უფლება არ ჰქონდა, სანამ ძეგლის სტატუსი საბოლოოდ გაირკვეოდა. 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლს სტატუსი მოუხსნა, მეორე დღეს კი კომპანიამ ტერიტორიაზე აფეთქება დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის მტკიცებით, იქ შესანარჩუნებელი არაფერია, რადგანაც კულტურული ღირებულება არ არსებობს:
„მუდმივად მიმდინარეობს იქ ჩვენგან მონიტორინგი, რამე ახალი გარემოება ხომ არ გამოიკვეთა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი აღმოჩენილა“.
მისი თქმით, მთელი ყურადღება ახლა ბოლნისში მუზეუმის მშენებლობაზეა გადატანილი. სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმება სულხან სალაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი. ასოციაციამ საყდრისი-ყაჩაღიანისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნის გამო საქალაქო სასამართლოს მიმართა, მაგრამ სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებას ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს:
„ჩვენი ინფორმაციით, საერთოდ არ მიდის გამოძიება 2014 წლის 13 დეკემბრის ფაქტებზე, აფეთქებას ვგულისხმობ. კანონმდებლობის თანახმად, „RMG გოლდს“ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურისთვის არ მიუმართავს, რომ აფეთქებები დაეწყო. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს: იყო თუ არა ეს ყველაფერი შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან“.
როგორც სულხან სალაძე ამბობს, სასამართლო ამ შემთხვევაში ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება პირდაპირი პასუხების მიღება „RMG Gold“-ის ან სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როდის დაიწყება სასამართლო განხილვა. დრო კი საყდრისის წინააღმდეგ მუშაობს.