Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისის საკითხს პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლის


"თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას, შეიქმნას საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ამ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას საკანონმდებლო ორგანოში 58 დეპუტატი მიემხრო, 14 კი მის წინააღმდეგ წავიდა. საგამოძიებო კომისიის მომხრეებს შორის იყვნენ ფრაქცია „რესპუბლიკელები“ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრები, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ფრაქცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი. კომისია პარლამენტის 12 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

25 დეკემბრის პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც დეპუტატებმა „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ მხარი დაუჭირეს, უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ „პარლამენტი ვერ დარჩება მხოლოდ ზედამხედველის როლში და ის უნდა გახდეს საყდრისის გარშემო განვითარებული მოვლენების მონაწილე“. ამ პროცესში მონაწილეობისა და საკითხის უფრო ღრმად შესწავლის სურვილი კი საკანონმდებლო ორგანოში 58-მა დეპუტატმა გამოხატა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ მედიასთან საუბრისას ამ გადაწყვეტილებისთვის უმრავლეობის წევრებს მადლობაც გადაუხადა და თქვა, რომ ეს საზოგადოების წარმატებაა: „სწორედ ამ საზოგადოების ინტერესებშია გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში საყდრისშიო“, თქვა მან.

ბიუროზე ვიმსჯელეთ და გაირკვა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ორშაბათის ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, შემდეგ განსახილველად შესაბამის კომიტეტსაც გადაეგზავნება...
დავით უსუფაშვილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა 26 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მოითხოვა პარლამენტის დღის წესრიგს დამატებოდა უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვის საკითხიც, რომლითაც ოპოზიცია მთავრობას რეკომენდაციას აძლევს შეწყდეს საყდრისში დღეს მიმდინარე სამუშაოები.

თუმცა რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისგან უარი მიიღო.

„ბიუროზე ვიმსჯელეთ და გაირკვა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის პროცესშია. ორშაბათის ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, შემდეგ განსახილველად შესაბამის კომიტეტსაც გადაეგზავნება. დღეს სწორედ ამ მიზეზით არ შეგვაქვს ეს საკითხი დღის წესრიგში“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ბიუროზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე დეპუტატებმა კომისიის დაუყოვნებლივ დაკომპლექტება და პარლამენტის მიერ მისი დღესვე დამტკიცება მოითხოვეს, რაზეც დეპუტატების მეორე ნაწილის პასუხი იყო, რომ აჩქარება საქმეს ავნებს. ასე მიიჩნია, მაგალითად, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმაც: „რაღაცას თუ ვაკეთებთ, ლაზათიანად მაინც გავაკეთოთ, მით უმეტეს, როცა ასეთ საგანგებო საკითხს ვეხებით. არ შეიძლება, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ცეცხლი ავანთოთ“.

3000 ოჯახი სასოწარკვეთილია და გაურკვეველ მდგომარეობაშია - არ იციან, რა ელით. ახალი წელი მოდის. ამაზე იფიქრეთ ყველამ - პოლიტიკოსებმა კი, პირველ რიგში. ემოციების დრო ახლა არ არის. კაზრეთიდან ჩამოსული ათასზე მეტი ადამიანი იყო კანცელარიასთან მოსული...
ირაკლი ღარიბაშვილი

სანამ პარლამენტი კომისიის დაკომპლექტების პროცესშია, კომპანია RMG-ის თანამშრომლები კაზრეთში შიმშილობას განარძობენ. ისინი კომპანიისათვის ლიცენზიის გაგრძელებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია,RMG-ის კაზრეთში სამუშაოების გაგრძელების ლიცენზია 2014 წლის დეკემბრის ბოლოს ეწურება. RMG ამტკიცებს, რომ თუ საყდრისს არ აითვისებს, მის მიერ დასაქმებული 3 000 ადამიანი უმუშევრად დარჩება.

სწორედ ამ 3 000 ადამიანის უფლების დაცვა მიაჩნია საკუთარ მოვალეობად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც 26 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზეც განაცხადა, რომ ის ბოლომდე დაიცავს ამ ოჯახების ინტერესებს:

„3000 ოჯახი სასოწარკვეთილია და გაურკვეველ მდგომარეობაშია - არ იციან, რა ელით. ახალი წელი მოდის. ამაზე იფიქრეთ ყველამ - პოლიტიკოსებმა კი, პირველ რიგში. ემოციების დრო ახლა არ არის. კაზრეთიდან ჩამოსული ათასზე მეტი ადამიანი იყო კანცელარიასთან მოსული. მე მათ პასუხი უნდა გავცე. ვისაც პასუხისმგებლობა არ გააჩნია, მათთვის ასეთი განცხადებების გაკეთება ადვილია. და მე მათ წინაშე ვალდებულება მაქვს. მე არ ვიცი, თუ გნებავთ, შევინარჩუნოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი, დავაკონსერვოთ და 3 000 ადამიანი სახლში გავუშვათ. მე ამის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მე ვიღებ მათი დაცვის პასუხისმგებლობას და, დიახაც, შევუქმნით მათ იქ პირობებს, რომ იქ კომპანიამ მუშაობა გააგრძელოს“.

მიუხედავად ამისა, საყდრისის დამცველების პროტესტი გრძელდება. ამ პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ RMG კანონის დარღვევით მუშაობს, რისი უფლებაც მას არ აქვს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, როგორც ცნობილია,ადმინისტრაციული საჩივარი კულტურის სამინისტროშიც შეიტანა და საყდრის-ყაჩაღიანის აფეთქების საქმის საბოლოო შესწავლამდე განხილვების შეჩერება მოითხოვა. საიას უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციისთანავე კანონი კომპანიას ავალდებულებს მაღაროზე სამუშაოები შეაჩეროს, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

26 დეკემბერს პრესკონფერენცია კაზრეთის საჯარო სკოლის პედაგოგების ერთმა ნაწილმაც გამართა. პედაგოგები შიშობენ, რომ თუ დაბაში საწარმო მუშაობას შეწყვეტს და იქ მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა უმუშევარი დარჩება, მშობლები უსახსრობის გამო ბავშვების სკოლაში ტარებას ვეღარ შეძლებენ.

ახლა სიტყვა პარლამენტის 12-წევრიან საგამოძიებო ჯგუფზეა, რომელიც ცალკეული ფრაქციების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს და საყდრის-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი, მათ შორის, საყდრისში მიმდინარე სამუშაოების კანონიერება შეისწავლოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG