მაშინ როცა 5 წლით გახანგრძლივებული ლიცენზიით აღჭურვილი კომპანია RMG Gold-ი აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე, პროცესის შესაჩერებლად სამოქალაქო საზოგადოების ერთადერთ იარაღად სასამართლო რჩება. საყდრისის მცველთა ძველ სარჩელებს ახლებიც ემატება, თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, უკვე გამოვლინდა სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ამასთან, საიას აქვს ეჭვი, რო, მთავრობის პოლიტიკური ნების ზეგავლენით, სახელდახელოდ შეიცვალა სამართლებრივი რეგულაციები უშუალოდ RMG Gold-ის სასარგებლოდ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, შპს RMG Gold-მა,არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების ეგიდით, უკანონოდ განაახლა ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროზე. საქმე ის არის, რომ კომპანიას ეს უფლება ამ დრომდე შეჩერებული აქვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30 მაისის გადაწყვეტილების თანახმად. სასამართლოს ამავე განჩინების გათვალისწინებით, საია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის 5 წლით გაგრძელება შპს RMG Gold-ს ავტომატურად არ ანიჭებდა ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლებას.
მორიგ განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 12 იანვარს საზოგადოების ინფორმირების მიზნით გამოაქვეყნა, ასევე დასმულია შეკითხვები RMG Gold-ისთვის ლიცენზიის 5 წლით გახანგრძლივების თაობაზე. როგორც საიას იურისტმა სულხან სალაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომპანია RMG Gold-მა 2-ჯერ მიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გარგძელების თაობაზე. 23 დეკემბრის განცხადებაზე მიღებული უარის შემდეგ, თხოვნა 29 დეკემბერს გამეორდა, რაც 6 იანვარს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის გაგრძელებით დასრულდა. საიას იურისტი სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამოთქვამს ეჭვს, რომ, „მაღალი ალბათობით“, სამართლებრივი რეგულაციები იმგვარად შეიცვალა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო RMG Gold-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება:
„რა თქმა უნდა, ეს არის უარყოფითი მოვლენა, რადგანაც მსგავსი ტიპის სამართლებრივი რეგულაციების ცვლილებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ დროს ამა თუ იმ კომპანიის მიმართ. ამავე დროს, ეს, გარკვეულწილად, შესაძლოა არათანაბარ პირობებში აყენებდეს ერთ კომპანიას სხვა კომპანიებთან მიმართებით... რეალურად, როგორც წესი, მნიშვნელოვანია სტაბილური და დროზე გათვლილი რეგულაციები და არა ინდივიდუალურად, კონკრეტული შემთხვევების მიხედვით, ამა თუ იმ რეგულაციაში ცვლილების შეტანა“.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი RMG–სთვის არ შეცვლილა. ლიცენზიანტმა თავად შემოიტანა განსხვავებული წინადადება, რამაც საშუალება მისცა სამინისტროს წარედგინა საკითხი მთავრობაზე განსახილველად...თეიმურაზ მურღულია
სულხან სალაძე ვარაუდობს, რომ სამართლებრივი რეგულაციები შესაძლოა პოლიტიკური ზეგავლენის შედეგად შეცვალეს, რადგანაც 30 დეკემბერს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოხატა პოზიცია, რომ RMG Gold–ს სამუშაოები უნდა გაეგრძელებინა.
რატომ მიიღო კომპანიამ პირველ შემთხვევაში უარი ლიცენზიის გაგრძელებაზე და შემდეგ რატომ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა? – ამის გარკვევას რადიო თავისუფლება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 12 იანვარს დილიდან ცდილობდა. საღამოს 6 საათისთვის სამინისტრომ მოგვაწოდა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას ჩაწერილი კომენტარი. მასში უარყოფილია საიას ეჭვი:
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი მარეგულირებელი ნორმატიული აქტი RMG–სთვის არ შეცვლილა. ლიცენზიანტმა თავად შემოიტანა განსხვავებული წინადადება, რამაც საშუალება მისცა სამინისტროს წარედგინა საკითხი მთავრობაზე განსახილველად. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ კვლავაც ძალაშია წიაღის შესახებ კანონის მე-13 მუხლი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებს ლიცენზიანტს, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, შეაჩეროს სამუშაოები და მიმართოს შესაბამის ორგანოებს“.
არდგენილი საჩივრით, მოქალაქეები სამინისტროსაგან იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა განახორციელა...კულტურის სამინისტრო
მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო უარყოფს საიას მიერ გამოთქმულ ეჭვს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საკითხის შესწავლას განაგრძობს. თუმცა მანამდე, როგორც სულხან სალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას ნანახი აქვს RMG Gold–ის ორივე განცხადება (როგორც 23 დეკემბრის, ასევე 29 დეკემბრისა) და ტექსტებს შორის პრინციპული განსხვავება არ ყოფილა.
კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციის განცხადებაში იკვეთება, კულტურის სამინისტროს უკავშირდება და ამ შემთხვევაში საუბარია უწყების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის (კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურისთვის) ნათქვამ უარზე – განხილულიყო მათი ადმინისტრაციული საჩივარი. „წარდგენილი საჩივრით, მოქალაქეები სამინისტროსაგან იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავდაპირველად საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა განახორციელა, ხოლო შემდგომ, არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით, კომპანია „RMG Gold”-ს შესაბამისი თანხმობა განუცხადა“, – იტყობინება საია.
მსგავსი უარი კულტურის სამინისტროსგან ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა და საყდრისის სხვა მცველებმაც მიიღეს და ამ ფაქტის კვალდაკვალ მათ 12 იანვარს უკვე მიმართეს სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს. სამინისტროსგან მიღებული წერილის შინაარსი ადრესატებს აბსურდულად მიაჩნიათ.
სამართალი მოდის ურმით... აქ არის სამი ინსტანცია და თუ ამ სამ ინსტანციაში სამართალს ვერ ვიპოვით, წავალთ სტრასბურგში... ვიცი, მეტყვით, რომ ამასობაში საყდრისს გაასწორებენ მიწასთან, მაგრამ იმ მიწასთან გასწორებულმა საყდრისმა სხვა ძეგლები შეიძლება გადაარჩინოს...ნინო მიქიაშვილი
„მართალია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და ვალდებულება – უზრუნველყოს მისი დაცვა და შენარჩუნება, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს ნებისმიერ პირს აქვს უფლება გაასაჩივროს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სამინისტროს ან სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია სამინისტროს საპასუხო ტექსტში.
საყდრისის მცველები – ნინო მიქიაშვილი, მამუკა ნოზაძე, ირაკლი ლომიძე და გაიოზ მეხრიშვილი – 12 იანვარს სასამართლოში შეტანილ სარჩერლში მოითხოვენ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, ხოლო მანამდეამ აქტების მოქმედების შეჩერებას. აქვეა კიდევ ერთი შუამდგომლობა: აეკრძალოს RMG Gold–ს საყდრისზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
მართალია, მაგალითად, სასამართლოს 30 მაისის გადაწყვეტილება უგულებელყოფილია და პროკურატურაში შეტანილ უამრავ განცხადებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბრძოლას წინასწარ წაგებულად მაინც არ მიიჩნევს საყდრისის მცველი – ნინო მიქიაშვილი:
„სამართალი მოდის ურმით... აქ არის სამი ინსტანცია და თუ ამ სამ ინსტანციაში სამართალს ვერ ვიპოვით, წავალთ სტრასბურგში... ვიცი, მეტყვით, რომ ამასობაში საყდრისს გაასწორებენ მიწასთან, მაგრამ იმ მიწასთან გასწორებულმა საყდრისმა სხვა ძეგლები შეიძლება გადაარჩინოს. ამიტომ აქვს სამართლებრივ ბრძოლას აზრი. აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“.
კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გეგმავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს საია მიმდინარე კვირაში მიმართავს.