Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს


ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაახლოებით, 6 საათს გაგრძელდა. მხარეებმა, ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, ღობეებისა და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟის საკითხი განიხილეს. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულს სადემარკაციო-სადემილიტიზაციო კომისიის შექმნისკენ, რაზეც უარი მიიღო. ქართული მხარე საოკუპაციო გამყოფ ხაზს საზღვრად არ აღიარებს და, შესაბამისად, ვერანაირ კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ერგნეთის შეხვედრაზე გაირკვა, რომ 8 ივნისს სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევში საკუთარ სახლში გადასვლას აპირებდა, როცა დააკავეს. ოსური მხარე მას დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებას უყენებს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გიუნაშვილს პროკურატურა სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაშიც ედავება და ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

ერგნეთის 68-ე შეხვედრა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:43 0:00
გადმოწერა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე აცხადებს, რომ გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს მოლაპარაკების ყველა ფორმატში დააყენებენ, ვიდრე ცხინვალი მას არ გაათავისუფლებს.

ერგნეთში შეხვედრის დასრულებას ელოდებოდნენ გიორგი გიუნაშვილის ნათესავები. მათი თქმით, დაკავებული სამოქალაქო პირი იყო და არასოდეს უმსახურია არც პოლიციასა და არც შეიარაღებულ ძალებში. დაკავებულის ძმის, რევაზ გიუნაშვილის, განცხადებით, ცხინვალის იზოლატორიდან ძმის წერილიც მიიღო, სადაც ბევრი არაფერია ნათქვამი და მხოლოდ იმას იწერება, რომ არა უშავს.

ცოტა ხნის წინ დაკავებულის ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში ნაცემია, რის შემდეგაც საქმეში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჩაერთო და ამ ორგანიზაციის დახმარებით ცხინვალის ციხეში მყოფი ოჯახთან კონტაქტს ინარჩუნებს. ერგნეთის შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგული ნიკოლოზ საღირაშვილის საკითხიც განიხილეს. დაკარგულის ნათესავების თქმით, 27 ივნისს საღირაშვილი წყლის გამოსაშვებად საოკუპაციო გამყოფი ხაზისკენ გაემართა, საიდანაც მისი კვალი გაქრა. ოჯახი იმ კამერების ვიდეოჩანაწერების ამოღებას მოითხოვდა, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივაა დამონტაჟებული. რუსეთის მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს დღეს შეატყობინეს, ის ადგილები, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა დაასახელეს, ჩანაწერებში ცუდად ჩანს, ოსური მხარე კი ნიკოლოზ საღირაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობსო.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. ივლისში ერთი მოქალაქე დააკავეს, ივნისში კი - 27. საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი 4 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით აგრძელებს მოლაპარაკებას. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG