Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა - ერთი დაკარგული და 27 დაკავებული


ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა

“ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სამშაბათს, დილიდანვე, ერგნეთის პოლიციის საგუშაგოსთან ხალხმრავლობა იყო. ერთი თვის წინ სოფელ ქორდიდან დაკარგული 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები სამართალდამცავებისგან დაკარგულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, საღირაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სარწყავი წყლის გამოსაშვებად წავიდა და მისი კვალი გაქრა. ქორდელების აზრით, დაკარგული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჰყავთ და მას არ აჩენენ. დააკრგულის დედა, ინგა საღირაშვილი, სამართალდამცავებს მოუწოდებს ძებნა გაააქტიურონ.

ნიკოლოზ საღირაშვილის ნათესავი, როლანდ პურიჭამიაშვილი, აცხადებს, რომ 28 მაისს, იმ დროს, როცა საღირაშვილი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, მეორე მხრიდან სროლის ხმა ისმოდა, რაც, მისი აზრით, აძლიერებს ეჭვს, რომ ამ საქმეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არიან გარეულნი.

ქართულმა მხარემ ოსურისგან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის შესახებ ინფორმაციის მოძიება მოითხოვა. ქართული მხარე ითხოვს, რომ გამყოფ ხაზთან არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ. ოსური და რუსული მხარეების წარმომადგენლები დათანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ახლო მომავალში ვიდეოჩანაწერებს გაშიფრავენ და ქართულ მხარეს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით კობახიძემ, ეს ინფორმაცია დაკარგულის ოჯახის წევრებსა და თანასოფლელებს გადასცა.

ერგნეთის შეხვედრა - ერთი დაკარგული და 27 დაკავებული
please wait

No media source currently available

0:00 0:02:07 0:00

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა, თავის მხრივ, ქართველი სამართალდამცავები დაადანაშაულა ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევაში და ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა სადემარკაციო კომისიის შექმნისკენ, რაზეც უარი მიიღო. სანაკოევი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ ნიკოლოზ საღირაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ:

„ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, მივიღეთ არა მარტო ახლა, არამედ ჟენევის დისკუსიის დროსაც და ჩვენ გადავეცით ქართულ დელეგაციას, რომ ასეთი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, თუ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა, აუცილებლად შევატყობინებთ ცხელი ხაზის მეშვეობით ან მომდევნო შეხვედრის დროს“.

ამ საკითხის გარდა, ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მავთულხლართების, ღობეებისა და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ადგილობრივი მოქალაქეების სასოფლო-სამეურნეო ფართობებში, რუსეთის მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც ათეულობით ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებიც გააპროტესტა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 27 მოქალაქე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, აქედან 22 უკვე თავისუფალი, 5 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები გრძელდება. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG