Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვეველი დარჩა სალოცავებისა და საფლავებისკენ გადაადგილების საკითხი


ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 65-ე შეხვედრა ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა ბოლო დროს ჩატარებულ შეხვედრებს შორის. ამ შეხვედრაზე სიახლე ისიც იყო, რომ მხარეებმა სპეციალურად მოწყობილ კარავში ადგილები შეიცვალეს.

ოთხკუთხედ მაგიდასთან აქამდე რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები პირისპირ ისხდნენ, ოსური ჯგუფი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ერთმანეთს უყურებდნენ. დღეს ოსური მხარე ქართული მხარის პირისპირ აღმოჩნდა, რუსეთის წარმომადგენლებმა კი ევროპელების პირისპირ გადაინაცვლეს.

შეხვედრა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ პირთა საქმეების განხილვით დაიწყო. საქართველოს 13 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოხვდა. აქედან 11 უკვე გათავისუფლებულია, 2 დაკავებულის - ბალიაშვილისა და შუბითიძის -გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება გრძელდება. ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, რომ დაკავებულებს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ გაათავისუფლებენ. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კიდევ ერთხელ გააპროტესტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სალოცავებისა და საფლავების მონახულების საკითხი დააყენა და ოსურ და რუსულ მხარეებს დევნილთა უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზება სთხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული საკონტროლო გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება და ქართულ მხარეს მოქალაქეთა გადაადგილების თაობაზე დამატებითი შეთანხმება მოსთხოვა, თუმცა ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ისედაც სარგებლობენ სპეციალური საშვებით. სხვა შემთხვევაში დავით სანაკოევი საქართველოს მოქალაქეების დაკავებით დაიმუქრა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართული მხარე სააღდგომო დღესასწაულის დღეებში ყოველწლიურად ითხოვს მოქალაქეთა გადაადგილების უზრუნველყოფას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სალოცავებისა და საფლავების მოსანახულებლად, თუმცა ამ მოთხოვნას ტრადიციული უარი მოსდევს ხოლმე. ოსური და რუსული მხარეები ამის მიზეზად უსაფრთხოების გარანტიის არარსებობას ასახელებენ. მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ გორი-ატენის მიტროპოლიტს, ანდრიას (გვაზავა), მრევლთან ერთად ცოტა ხნით აძვის სალოცავში მისვლის უფლება მისცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ამ საკითხზე ოსურ მხარესთან მოლაპარაკება ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება.

ერგნეთის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ტირიფონის სარწყავი სისტემის ამოქმედების საკითხი. სამელიორაციო სისტემების სპეციალისტის გელა ზოზიაშვილის თქმით, არხის გარკვეული მონაკვეთები ოსურ სოფლებში უკვე გაწმენდილია და ტექნიკური სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რათა საირიგაციო სისტემა რწყვის სეზონს მომზადებული შეხვდეს.

შეთანხმების მიხედვით, სარწყავმა არხმა, რომელიც სრული დატვირთვით ერთ თვეში ამოქმედდება, როგორც ქართული, ისე ოსური სოფლების სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთები უნდა გაასარწყავოს.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG