Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში ოსური მხარეც აქტიურდება


მორიგი შეხვედრა ერგნეთში
მორიგი შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 63-ე შეხვედრა ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო, რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაშლილ კარავში დილიდან ადგილი ცხინვალის პროკურატურის თანამშრომლებმა დაიკავეს. მათ 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის მამა დაკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესში გააქტიურებას აპირებს.

ნალბანდოვის მამის დაკითხვის დასრულების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას მხარეების წარმომადგენლები მიუსხდნენ. ქართულმა მხარემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისთვის მოქალაქეების დაკავების ფაქტები გააპროტესტა. ამ ხნის განმავლობაში 10 მოქალაქე იქნა დაკავებული, 8 მათგანი უკვე თავისუფალია. საუბარი შეეხო გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პასუხების გადმოცემას, თუმცა ოსური ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ამას მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართვის შემთხვევაში გააკეთებენ.

შეხვედრის შემდეგ დავით სანაკოევმა ქართველი სამართალდამცავები ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვაში დაადანაშაულა და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ ეს ინფორმაცია უარყო. მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები მოლაპარაკებას პოზიტიური მიმართულებით აგრძელებენ, ესაა ტირიფონის სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები. დავით სანაკოევის აზრით, სარწყავი სისტემით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ. ამ აზრს ყველა ეთანხმება.

ტირიფონის სარწყავი სისტემა სათავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებს, შემდეგ ქართულ სოფლებში შემოდის და, ბოლოს, ისევ საოკუპაციო ხაზს სოფელ წინაგართან კვეთს. დე ფაქტო ხელისუფლება არხიდან წყლის მიწოდებას ოსური სოფლებისთვისაც ითხოვს. ირაკლი ბერაიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არხის მონაკვეთების გაწმენდა წყლის გამტარობას გაზრდის და ყველა სოფელი ისარგებლებს.

შეხვედრას ესწრებოდა წყლის სისტემების სპეციალისტი გელა ზოზიაშვილი, იგი ცხინვალელ კოლეგებთან ტექნიკურ საკითხებზე აწარმოებდა მოლაპარაკებას. მისი თქმით, კონკრეტული გეგმა ჯერ არ არსებობს, მაგრამ მხარეები თანამშრომლობაზე თანახმანი არიან.

მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ შეხვედრა ერთი თვით აღარ გადადონ და მორიგი მოლაპარაკება უკვე 15 მარტს გაიმართება. ამ დროს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყება და დღის წესრიგში ფერმერთა უსაფრთხოების გარანტიები დადგება.

XS
SM
MD
LG