Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქცია სანაკოევის განცხადებაზე


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის დავით სანაკოევის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ გამოხმაურება მოჰყვა პანკისის ხეობიდან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან. მეორე დღეა სოციალურ ქსელში მოქალაქეები იმის გარკვევას ცდლობენ, რას გულისხმობდა სანაკოევი და ხომ არ იგეგმება ახალი პროვოკაციები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას პანკისის ხეობიდანაც უპასუხეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი პანკისის ხეობაში სულხან ბორძიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ დროს, როცა საქართველო ვიზალიბერალიზაციას ელოდება, სანაკოევის განცხადება ემსახურება წინასწარი ფონის მომზადებას იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფმა სპეცსამსახურებმა თვითონ მოაწყონ პროვოკაციები. ბორძიკაშვილის თქმით, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და იქ რადიკალური დაჯგუფების მებრძოლთა მობილიზაცია არ ხდება:

„იმ ფონზე, როცა ჩვენ უკვე ველოდებით ევროკავშირისგან ვიზის ლიბერალიზაციას და ეს არ აწყობთ იქით, აპირებენ რაღაცებს და წინასწარ ფონს ამზადებენ, რომ, აი, პანკისში აისელები არიან და იმათ გააკეთეს ეს. სხვა რა უნდა იფიქრო, ხო? ყველაზე მთავარი ის არის, რომ სადღაც თვითონ აპირებენ ამის გაკეთებას. თან კონკრეტულად როცა ამბობს, რომ, აი, თავდასხმები პოლიციაზე, სადამკვირვებლო მისიაზე და რაღაც... ნამდვილად აისისის მებრძოლებიც რომ იყვნენ, არაფერში არ აწყობთ ეს“.

დავით სანაკოევმა მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება ოთხშაბათს ერგნეთში გამართული „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. სანაკოევის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის. სანაკოევის ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფება„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან. ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია შეხვედრისმონაწილეებს გადასცა, ჟურნალისტებთან საუბარში კი ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია:

დავით სანაკოევი
დავით სანაკოევი

„პანკისის ხეობაში ხდება კონცენტრაცია მეომრების, რომლებიც აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურად იბრძოდნენ სირიაში. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე და მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე. და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება“.

სანაკოევის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაშინვე უარყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ. მისი თქმით, ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ და ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

სანაკოევის განცხადებას წუხელვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. მაგალითად, ახალგორის მცხოვრებლები წერდნენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება ნიშნავს იმას, რომ საახალწლოდ დაბაში შესასვლელი გზა ჩაიკეტება, როგორც ეს სხვა სადღესასწაულო დღეებში ხდება ხოლმე, და ნათესავებს ერთმანეთის მონახულების შესაძლებლობა არ ექნებათ. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ სანაკოევის განცხადება იყო წინასწარგანზრახული პროვოკაციული გამოხდომა, რომელიც საქართველოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ბენდიანიშვილის აზრით, სანაკოევის განცხადებას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები ყურადღებას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებენ. მათი აზრით, ქართული სოფლების თავზე გამოჩენილი რუსული სამხედრო ვერტმფრენები და ცხინვალში დაწყებული სამხედრო სწავლებები პროვოკაციების ალბათობას ზრდის.

XS
SM
MD
LG