ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
მხარეებმა რიგით 69-ე შეხვედრაზე რვა საკითხი განიხილეს, რომლებიც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს ეხებოდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მომხდარი შემთხვევა იყო, როცა ადგილობრივ ფერმერს, შალვა ჩილინდრიშვილს, საკუთარ მიწაზე მოყვანილი ქერის მოსავლის ნაწილი იმ მოტივით წაართვეს, რომ მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე დათესა მარცვლეული.
შალვა ჩილინდრიშვილი აცხადებს, რომ 12 ჰექტარ მიწას დიდი ხანია ამუშავებს და აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ოსურმა მხარემ მისი ნაკვეთის ნახევარი მიიტაცა და ფერმერს მოსავლის გამოტანის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად შეძლო მან ნაკვეთში კომბაინის შეყვანა. შეხვედრის ბოლოს ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ მოსავალი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იყო მოყვანილი და მომავალში ამის უფლებას არავის მისცემდა. სანაკოევმა ვერ ახსნა, როგორ მიეცა ფერმერს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწის დამუშავების, ქერის დათესვისა და მოვლის საშუალება. მან ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად სადემარკაციო კომისია შექმნან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ სადემილიტარიზაციო-სადემარკაციო კომისიის შექმნა ერგნეთის შეხვედრის განსახილველი თემა არაა. მისი თქმით, ოსური მხარე მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟით საოკუპაციო გამყოფ ხაზზე პრობლემებს უქმნის და უფლებებს უზღუდავს როგორც ქართულ, ისე ოსურ საზოგადოებას.
ქართულმა მხარემ მოითხოვა გაათავისუფლონ გიორგი გიუნაშვილი, რომელსაც ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გიუნაშვილი სოფელ მერეთთან დააკავეს და 2008 წელს სოფელ დისევთან ცეცხლსასროლი იარაღით ცხინვალის მოქალაქის დაჭრის ბრალდებას უყენებენ, თუმცა ასეთ შემთხვევას ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს, ერგნეთში იმყოფებოდა დაკავებულის ძმა, რევაზ გიუნაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ იმ დღეებში მისი ძმა საერთოდ თბილისში იმყოფებოდა და სოფელ დისევთან ვერავის დაჭრიდა.
ერგნეთის შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხსაც შეეხნენ. მესამე თვეა ოჯახის წევრები და თანასოფლელები სოფელ ქორდის მცხოვრებ ნიკოლოზ საღირაშვილს ეძებენ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიისკენ წყლის გამოსაშვებად წავიდა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ საღირაშვილი დატყვევებული ჰყავთ, რასაც ოსური მხარე კატეგორიულად უარყოფს. 69-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საერთაშორისო დამკვირვებლებს და შეხვედრის მონაწილეებს დოკუმენტური მასალა წარუდგინა საქართველოს მოქალაქეების დაკავებისას მათზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შესახებ და ადამიანის უფლებების შელახვა გააპროტესტა. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ მომდევნო შეხვედრა 28 სექტემბერს გაიმართება.