Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიოჩანაწერი СТРАНА.ua -ზე - ელოდება თუ არა მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს?


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება СТРАНА.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც რუსი სატელეფონო ხულიგნების, იმავე პრანკერების, მორიგი მსხვერპლი თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა? ამ კითხვაზე საქართველოში ორი ურთიერთსაპირისპირო პასუხი არსებობს. აუდიოჩანაწერში სატელეფონო ხულიგნები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის, სახელით ელაპარაკებიან, მოლაპარაკების საგანი კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ექსტრადირებაა, რის სურვილსაც ქართველი მინისტრი არ გამოხატავს. რუსი პრანკერები მზად არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრის ნამდვილობის დასამტკიცებლად ჩანაწერი „ნებისმიერ ექსპერტიზას“ გადასცენ. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამასვე ითხოვს პოლიტიკური ოპოზიციაც საქართველოში.

აუდიოჩანაწერი, რომელიც СТРАНА.ua-მ 12 აგვისტოს გაავრცელა, ახლაც ვებსაიტის პირველ გვერდზეა გამოქვეყნებული. ჩანაწერში, რომლის ნამდვილობას გამოძიების გარეშეც უარყოფენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენი ავაკოვს, რეალურად კი პრანკერ „ლექსუსს“, სთხოვს, უკრაინაში დაკავების შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს არ გადასცენ. ჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილის ეს პოზიცია შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მათ ურჩევნიათ მიხეილ სააკაშვილმა „ბომჟივით“ იაროს მთელ მსოფლიოში, ვიდრე საქართველოში იჯდეს ციხეში. ჩვენ არ გვინდა მისგან გმირი შევქმნათ, აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი, რომელიც მოსაუბრესთან აზუსტებს, რომ თუ ექს-პრეზიდენტი საქართველოში გამოჩნდება, ქვეყანაში მღელვარება დაიწყება, არადა, „აქ ყველაფერი დასტაბილურდა და მის გარეშეც კარგად ვცხოვრობთ“.

თითქოსდა გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულნი არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. როგორც დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, ჩანაწერით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს მხოლოდ პოლიტიკური ელფერი აქვს:

გუშინ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც, პრინციპში, ვეთანხმები, გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება...
მამუკა მდინარაძე

“დაუყოვნებლივ მოხდეს ექსპერტიზა მინისტრ მღებრიშვილის ხმის და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ამ საუბრის ავთენტურობა, მომენტალურად გადადგეს მინისტრი მღებრიშვილი და ასევე შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არის პოლიტიკური“.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ჩანაწერი ავთენტურობის დასადგენად უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებენ, აღნიშნულ ორგანოს თავად მიმართონ. გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ „ევროპულ საქართველოშიც“, სადაც აღნიშნავენ, რომ დევნას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, მთლიანად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის კამპანიის ნაწილადაც კი შეიძლება განიხილებოდეს, რაც დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის. ამ ინტერესებიდან, თავის მხრივ, უსაფრთხოების ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე. იგი აღნიშნავს, რომ ამ გადმოსახედიდან ჩანაწერის ავთენტურობაზე ლაპარაკი ძნელია, თუმცა ორივე შემთხვევაში რისკები აშკარაა. თუ ჩანაწერი ავთენტურია, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ეს მიანიშნებს უზარმაზარ შავ ხვრელზე ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს შეუძლია სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გაცემა გადამოწმების გარეშე:

“თუ ავთენტური არ არის, ესეც გარკვეულ რისკებზე მიუთითებს, საფრთხეებზე, უფრო ზუსტად - კერძოდ, იმაზე, რომ ვიღაცები ამ გზით ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას ისევ და ისევ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის ხუმრობა, ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში მიზანმიმართული - როგორც ავთენტურობის შემთხვევაში, ისევე არაავთენტურობის შემთხვევაში - და მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის შეტანას“.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ თუნდაც პროვოკაცია იყოს, ამ ტიპის საქმეებს გამოძიება სჭირდება და მაღალი ლეგიტიმაციისთვის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო რეიტინგის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. ექსპერტთა და პოლიტიკური ოპოზიციის ამ მოსაზრების მიუხედავად, ეგრეთ წოდებულ პროვოკაციაზე პასუხის გაცემას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი ჭირს:

“გუშინ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც, პრინციპში, ვეთანხმები, გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება და როდესაც არ შეიძლება სერიოზულად საუბარი რაიმე ჩანაწერის ავთენტურობაზე, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით უკვე შინაარსს დიდი მნიშვნელობა არა აქვს“.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკითხი, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული. განსხვავებულია „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელის, თორნიკე შარაშენიძის, აზრი. იგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება, გარდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა, სააკაშვილის ექსტრადირებაზე აღარც კი ლაპარაკობს და ექს-პრეზიდენტის გადმოცემა მისთვის პრიორიტეტული არ არის:

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

“2012 წელს „ოცნება“ მოვიდა იმის ლოზუნგით, რომ ძირს დამნაშავე კრიმინალური ხელისუფლება, გავასამართლოთ ყაჩაღები, სააკაშვილი, მისი ბანდა და ასე შემდეგ. ანუ თუ არ გაასამართლებენ, ამომრჩეველთან შერცხვებიან და თუ გაასამართლებენ, ახლა არავინ არ დაიჯერებს მთელს მსოფლიოში, ცივილიზებულ მსოფლიოში იმას, რომ სასამართლო მიუკერძოებელი იქნება. სასამართლო პოლიტიზებული იქნება, უკვე გასაგებია, აქედან ჩანს. ასე რომ, ორი პრობლემაა: ან საკუთარ ამომრჩეველთან უნდა შერცხვე, ან უნდა შერცხვე ცივილიზებულ სამყაროსთან. და არც ერთი არ უნდათ. არც ერთის თავიდან არიდება შეიძლება, თუ სააკაშვილს საქართველოში, ასე ვთქვათ, არ ჩამოიყვანენ. ვერც ჩამოიყვანენ, ისედაც გასაგებია“, ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია კი აზუსტებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 4 უმძიმესი ბრალდებით აქვს წარდგენილი და მას მართლმსაჯულება ელოდება.

XS
SM
MD
LG