Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი საპენსიო რეფორმის დეტალები და წინაპირობები


ავტორი: ირინა გურული

ხელისუფლება საპენსიო რეფორმას აანონსებს. მთავრობა აცხადებს, რომ მომავალი 2017 წლის მეორე ნახევრიდან (სავარაუდოდ, ოქტომბრიდან) დაგროვებითი სისტემა ამოქმედდება.ეს სისტემა, წინასწარი გეგმით, იარსებებს დღევანდელი საპენსიო სისტემის პარალელურად და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება. ნებაყოფლობითი იქნება მომავალი პენსიონერისთვის, თუმცა არა მისი დამსაქმებლისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში, თუ მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2 %-ის გადარიცხვას გადაწყვეტს, 2 პროცენტს მას სახელმწიფო დაუმატებს, 2 პროცენტი კი დამსაქმებლის გადასახდელი იქნება. ანუ დამსაქმებელს საპენსიო პროგრამაში მონაწილე პირის დასაქმება 2 პროცენტით ძვირი დაუჯდება.

მთავრობა ამას დამსაქმებლის მიერ დამატებითი სოციალური პასუხისმგებლობის აღებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს დამატებითი ტვირთი არ იქნება, თუმცა რომელი მხრიდანაც უნდა მიუდგე, ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, ხელზე 1000-ლარიანი ხელფასის გასაწევად დამსაქმებელს აქამდე ლარიანი სახელფასო ფონდი უნდა ჰქონოდა 1250 ლარი, ამ შემთხვევაში იმავე ხელფასის გაწევა 1280 ლარამდე დაუჯდება.

მსგავსი რეფორმების დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ სად დაბანდდება ეს თანხები და რამდენად ეფექტურად, რადგან საპენსიო ფონდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ის, რომ იმ თანხების ინვესტირება, რომელიც სხვადასხვა ფორმულით ხვდება ხოლმე მათში, წარმატებით იქნეს ინვესტირებული. საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საინვესტიციო თანხების მობილიზებას.

საინტერესოა, რომ მოქალაქეს საკუთარ პენსიაზე ზრუნვა დღემდეც შეეძლო, ოღონდ კერძო საპენსიო დაზღვევის ფარგლებში. პირველი კერძო საპენსიო ორგანიზაცია, რომელმაც ქართულ საზოგადოებას კერძო საპენსიო დაზღვევაშესთავაზა, არის „ჯიპიაი ჰოლდინგი“. საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის პროდუქტს მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია სთავაზობს. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან (საქართველოს ეროვნული ბანკი) საპენსიო დაზღვევა გააჩნდა შემდეგ კომპანიებს: „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ალდაგი ბისიაი“. 2012 წლის მდგომარეობით, საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემით დაზღვეულთა რაოდენობა შეადგენდა 17 935 პირს. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 11 464 ადამიანი. „ალდაგი ბისიაის“ საპენსიო სქემაში დაზღვეული იყო 6 471 პირი. სქემის მონაწილეები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები.

შესაბამისად, კერძო საპენსიო სისტემა საქართველოში ვერ დამკვიდრდა, რასაც არაერთი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, საპენსიო ფონდებისადმი ნდობაც, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ვერშედგომაც და ა.შ.

შესაბამისად, თუ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ნებაყოფლობით საფუძველს დაემყარება, საკმაოდ ძნელი სათქმელია, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან მათში მოქალაქეები, რადგან ამ ფონზე მნიშვნელოვანი განაცხადია, რომ საბაზისო პენსიის სისტემის გაუქმება არ იგეგმება, თუმცა აქვე ხელისუფლება ამბობს, რომ პენსია ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ინფლაციის მაჩვენებელს, გამოდის, რომ პენსიაზე დანამატი ყოველწლიურად, დაახლოებით, 5-7 ლარის ფარგლებში იქნება.

XS
SM
MD
LG