Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევის შედეგები


ცნობილი გახდა შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით არსებულ 63,387 ორგანიზაციაში დასაქმებულია, სულ, 908 374 ადამიანი. კვლევამ აჩვენა, რომ დაქირავებით დასაქმებულებისა და ორგანიზაციების რაოდენობა, რეგიონების მიხედვით, ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.

დასაქმების მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულთა ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე - 497 135 ადამიანი, რასაც მოჰყვება აჭარა - 78 766 დასაქმებული, იმერეთის რეგიონი - 78 303 დასაქმებული, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი- 73 279 დასაქმებული. კვლევაში მონაწილე ორგანიზაციების იურიდიული სტატუსი განაწილდა შემდეგნაირად: კომერციული ტიპის ორგანიზაციები - 56528, არაკომერციული ტიპის ორგანიზაციები - 6 859.

კვლევის შედეგად, დაქირავებით დასაქმებული ქალების რაოდენობამ შეადგინა 448689, რაც მთლიანი დასაქმებულების 49 %-ია, ხოლო დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა 459 349-ია, რაც მთლიანი დასაქმებულების 51 %-ს შეადგენს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ეკონომიკურ საქმიანობათა პრიორიტეტული სახეები: განათლება, ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებელთა მომსახურება, მშენებლობა და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება ის ეკონომიკური სფეროებია, სადაც დღესდღეობით დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი მოდის. დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მცირე რაოდენობა აღმოჩნდა ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოების, თევზჭერა-მეთევზეობის, სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში. კვლევის ავტორთა აზრით, ზემოაღნიშნული მოწმობს იმას, რომ ამ დარგებში შრომის ძალაზე მოთხოვნა საგრძნობლად ნაკლებია.

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებელთა მომსახურება და მშენებლობის სფერო მოწინავე პოზიციებს იკავებს როგორც ორგანიზაციათა რაოდენობის კუთხით, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ.

კვლევის შედეგად, ორგანიზაციებში დაკავებულ პოზიციებზე ყველაზე მეტად წარმოდგენილები არიან უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები - 451 237; პროფესიული და საშუალო განათლების მქონე დასაქმებულთა რაოდენობა კი, შესაბამისად, შეადგენს - 133 165 და 290 109 ადამიანს. 33 862 დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებლებს გაუჭირდათ კონკრეტული პოზიციისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო დონის დასახელება.

პროფესიული განათლების მხრივ, დაფიქსირდა პროფესიონალი ექთნების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი. პროფესიული განათლების მქონე კადრების მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები თითქმის მსგავსია უმაღლესი განათლების მქონე კადრების მიერ დაკავებული პოზიციებისა და მოიცავს: პროფესიონალ ექთნებს, ბუღალტრებს, პედაგოგებისა და ფარმაცევტის პოზიციებს.

საშუალო განათლების მქონე ადამიანები დასაქმებულები არიან იმ პოზიციებზე, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადად ფიზიკური სამუშაოების შესრულებასთან.

ეს კვლევა ნაწილია იმ პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას გეგმავს. ამ პროგრამის სხვა კომპონენტებზე საუბარი, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მომავალშიც გვექნება, მით უმეტეს, რომ, სტატისტიკური მონაცემების საპირისპიროდ, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი მიიჩნევს თავს დაუსაქმებლად, ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.

XS
SM
MD
LG