გორის მუნიციპალიტეტში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად სამი შემთხვევა აქამდე არ გამოვლენილა. დაინფიცირებული მოქალაქეები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უფროსი მედდის კონტაქტები არიან.
ჰოსპიტლის ექთანს COVID-19-ის დიაგნოზი გუშინ, 29 აპრილს, დაუსვეს. იმავე დღეს კლინიკამ განაცხადა, რომ ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველას პასუხი უარყოფითია. სოფელ თერგვისში, სადაც ექთანი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობდა, ვარაუდობენ, რომ ისჰოსპიტალში COVID-19-ის დიაგნოზით მყოფი ერთ-ერთი პაციენტისგან დაინფიცირდა.
ამჟამად ეპიდემიოლოგები მუშაობენ გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში -კარალეთში, თერგვისსა და ფლავში, სადაც დაინფიცირებულ ექთანს კონტაქტები ჰქონდა. კარალეთში მისი მშობლები და ძმა ცხოვრობს. ამ დღეებში მედდა მშობლებთან სტუმრად იმყოფებოდა. გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მომუშავე ეპიდემიოლოგები ახლა მედდისა და მისი ოჯახის წევრების კონტაქტებს სწავლობენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გორის ოფისის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი, აცხადებს, რომ ამჟამად დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირებისგან მასალას იღებენ, რომელიც გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.
სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილმა, განაცხადა, რომ ამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ ამ დრომდე გაგზავნილი 8 ნიმუშიდან სამი დადებითი პასუხი მიიღეს. მათ შორის ინფიცირებული მედდის ორი ბავშვია.
„დღეს გაირკვა, რომ არის კიდევ სამი დამატებითი ინფიცირებული. სამივე ადამიანი არის ნათესაურ კავშირში მყოფი პირი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად, ასევე მოხდება დამატებითი ანალიზების აღება და დაველოდებით პასუხებს. სოფლების ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არსებობს ამ დროისთვის“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
29 აპრილს გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 8 ნიმუშიდან COVID-19-ით დაინფიცირება სამ პირს დაუდასტურდა.
შიდა ქართლში COVID-19-ით ინფიცირების სულ 7 შემთხვევაა გამოვლენილი: ორი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, ერთი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში და ოთხი - გორის მუნიციპალიტეტში.