გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის ორ ბავშვს. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტლის დაინფიცირებული ექთნის შვილები არიან. მესამე პაციენტი ოჯახის ახლობელია.
ჰოსპიტლის ექთანს COVID-19-ის დიაგნოზი გუშინ, 29 აპრილს დაუსვეს. იმავე დღეს კლინიკამ განაცხადა, რომ ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ვარაუდობენ, რომ ექთანი ჰოსპიტალში COVID-19-ის დიაგნოზით მყოფი ერთ-ერთი პაციენტისგან დაინფიცირდა.
ამჟამად ეპიდემიოლოგები მუშაობენ გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში -კარალეთში, თერგვისსა და ფლავში, სადაც დაინფიცირებულ ექთანს კონტაქტები ჰქონდა. სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ ამ დრომდე გაგზავნილი 8 ნიმუშიდან, დადებითი პასუხი სამ შემთხვევაში მიიღეს.
30 აპრილის 12:30 საათის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის საერთო ჯამში, 539 შემთხვევა. მათგან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.