Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრის კორნელი


18 მაისს ამერიკელმა მომღერალმა, გიტარისტმა და სიმღერების ავტორმა კრის კორნელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. "უეცარი და თავზარდამცემი" - ასე შეაფასა ეს ტრაგიკული ამბავი მუსიკოსის მენეჯერმა. მართლაც, არტისტის ამგვარი აღსასრული ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - მით უმეტეს, რომ წინა დღეს დეტროიტში ჯგუფ "საუნდგარდენთან" ერთად დიდებული კონცერტი გამართა.

კრის კორნელი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:50 0:00
გადმოწერა

ჟურნალ "ბილბორდის" მიმომხილველ გარი გრაფის თქმით, არტისტს ოდნავი დაღლილობა კი ეტყობოდა, მაგრამ მაინც შესანიშნავ ფორმაში გახლდათ და მისი ვოკალიც ძველებური სიეტლური პერიოდის შემართებით ჟღერდა.

80-იანი წლების შუა ხანებში, როცა 20 წლის კრის კორნელმა ჯგუფი "Soundgarden"-ი ჩამოაყალიბა, ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ მოკლე ხანში ბენდი ცნობილ "სიეტლურ ბგერას" შექმნიდა და ისეთი ფენომენის ნაწილი გახდებოდა, როგორიცაა "გრანჟი". ჯერ კიდევ სადებიუტო ალბომ "Ultramega OK"-ში გამოჩნდა, რომ პროექტს წარმატებას ლიდერი მოუტანდა. კრიტიკოსები ერთხმად ალაპარაკდნენ ორიგინალური ხელწერის მომღერლის გამოჩენაზე - ფართო დიაპაზონის მქონე, მძლავრი და, ამავე დროს, საოცრად მგრძნობიარე ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული კორნელი რობერტ პლანტსაც კი შეადარეს.

Soundgarden-ის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად 1991 წლის "Badmotorfinger"-ი მიიჩნევა. ალბომი იმ 100 დისკს შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი მყიდველი ჰყავდა, თუმცა პოპულარობის მხრივ კონკურენცია ვერც კობეინის "Nevermind"-ს გაუწია და ვერც "Pearl Jam"-ის სადებიუტო პროექტს. დიახ, იმ წელს "Smells Like Teen SpiriT" მეფობდა, რომელმაც გარკვეულწილად ჩაახშო Soundgarden-ი და ჩრდილში მოაქცია, ჩემი აზრით, არანაკლებ ძლიერი ნამუშევარი - "Jesus Christ Pose". რაც შეეხება სიმღერას "Black Hole Sun", როგორც ამბობენ, კორნელმა ის სულ რაღაც 15 წუთში დაწერა და დარწმუნებული იყო, რომ მეგობრებიც დიდად არ მოიწონებდნენ, თუმცა 1994 წელს, კობეინის გარდაცვალების ფონზე, ნამუშევარსა და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად.

მეოთხე სტუდიური ალბომის - "Superunknown"-ის - შემდეგ კრის კორნელმა გრანჟის ჩარჩოებში შეზღუდულად იგრძნო თავი და ახალი აკუსტიკური ექსპერიმენტების კეთება გადაწყვიტა. მისი იდეები ჯგუფის წევრებმა არ გაიზიარეს და ერთი ალბომის შემდეგ ბენდიც დაიშალა. არტისტი სოლო პროექტებზე გადაერთო, თუმცა ალბომმა "Euphoria Morning" მსმენელის გული ვერ მოიგო. სწორედ ამ დროს იმედგაცრუებული კორნელით სახელოვანი პროდიუსერი რიკ რუბინი დაინტერესდა, რომელიც ვოკალისტის გარეშე დარჩენილი ჯგუფის, Rage Against The Machine-ის, მომავალზე ზრუნავდა. კალიფორნიელებმა "Audioslave" დაირქვეს და ბენდის ახალ წევრთან ერთად სრულიად განსხვავებულ ბგერასა და ესთეტიკაზე დაიწყეს მუშაობა. ამის დასტური გახლდათ პირველი სინგლი, რომელსაც ინდიელთა დაუმარცხებელი და თავისუფლების მოყვარე ლეგენდარული ბელადის სახელი- "Cochise" დაარქვეს.

"Audioslave"-მა კრის კორნელთან ერთად სამი ალბომი გამოსცა. 2007 წელს კი მუსიკოსი ჯგუფიდან წავიდა და რიგით მეორე სოლო პროექტზე გადაერთო. მუშაობის პროცესში გახლდათ, როცა ერთი მეტად უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს: მოტოციკლეტით მგზავრობისას სატვირთო მანქანას შეეჯახა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როგორც თავად ამბობდა, მიღებულმა სტრესმა კარგა ხნით გამოიყვანა მწყობრიდან, რაც მის შემოქმედებით საქმიანობაზეც აისახა. 2008 წელს მან ცნობილ რეპერსა და პროდიუსერ ტიმბალენდთან დაიწყო თანამშრომლობა. შედეგად გამოიცა ალბომი "Scream", რომელიც მსმენელებმა იაფფასიან, კომერციულ მოგებაზე ორიენტირებულ "პაპსად" მონათლეს.

2010 წელს კრის კორნელმა "Soundgarden"-ი კვლავ აღადგინა. ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, ჯგუფის წევრები მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს და გამოუშვეს ალბომი "King Animal", რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ძველ, კლასიკად ქცეულ, ნამუშევრებს. 2017 წელს ბენდი საკონცერტო ტურნეში გაემგზავრა და ახალი დისკის გამოცემასაც გეგმავდა. საინტერესოა ისიც, რომ კორნელი ტომ მორელოსთან თანამშრომლობაზეც ფიქრობდა "Audioslave"-ის ფორმატში. სამწუხაროდ, მისი იდეები განუხორციელებელი დარჩა. დეტროიტში გამართული კონცერტი ბოლო აღმოჩნდა როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტის ცხოვრებაში.

XS
SM
MD
LG