Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუროკრატია - არჩევნების მძევალი


მთავრობის კანცელარიის შენობა
მთავრობის კანცელარიის შენობა
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლამ ნეგატიური გავლენა იქონია საჯარო მოხელეების მნიშვნელოვანი ნაწილის კარიერაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ორ თვეში სამსახური დაკარგა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამასთან, გაირკვა, რომ საჯარო მოსამსახურეების დიდმა ნაწილმა თვითონ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ნაწილი კი შესაბამისი დასაბუთების გარეშე გათავისუფლდა.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო როგორც საჯარო სამსახურში მყოფი, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, თუმცა, საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი დონის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს ადამიანები აიძულეს განცხადებები დაეწერათ:

„ხშირ შემთხვევაში მათზე ხორციელდება ზეწოლა, ასევე ადგილი აქვს იმას, რომ თანამდებობის პირები სთხოვენ, დაწერონ განცხადებები. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ თვითონ ეს თანამდებობის პირები აღიარებენ ამას და ეუბნებიან მედიის წარმომადგენლებს, ანუ ეს ფაქტები არ იმალება“.

ეკა გიგაურის თქმით, ხელქვეითზე ზეწოლის მოხდენა და სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თუმცა, ამგვარი გაფრთხილების მიუხედავად, მთელი რიგი თანამდებობის პირები მაინც აგრძელებენ ზეწოლას საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე. ნიმუშად სახელდება კასპის გამგებელი ოლეგ იაძე, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორებს სამსახურიდან წასვლას აიძულებს:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური (მარჯვნივ)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური (მარჯვნივ)
„დირექტორები, რომლებიც არჩევნების დროს ჯოხს ურტყამდნენ მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს, არსად გაიხედოთო და ცხვრებივით მიერეკებოდნენ სააკაშვილთან შეხვედრაზე, შვილებს ვერ გაგვიზრდიან და სკოლაში წესრიგს ვერ დაამყარებენ. ყველა ასეთ დირექტორს შევხვდები და იმედი მაქვს, რომ თავისით დაწერენ განცხადებას გადადგომის თაობაზე“.

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ კასპის გამგებელი იშვიათი გამონაკლისი არაა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მასობრივ გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი „საქართველოს ფოსტაში“, როცა ახალმა ხელმძღვანელმა არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერთა დასაქმება გადაწყვიტა. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ორგანიზაციას სულ ახლახან დახმარებისათვის მიმართეს სამსახურიდან დათხოვნილმა ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

„პატრულის თანამშრომლებს დააწერინეს განცხადებები კადრების განკარგულებაში გადასვლის შესახებ, შემდეგ კი გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან დათხოვნილები ხართ საკუთარი განცხადების საფუძველზე და სამომავლოდ პრეტენზია არ უნდა გქონდეთო“, უთხრა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას:

ამ და სხვა მსგავს ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ასრულებს დანაპირებს და არ ცდილობს სამინისტროს გაწმენდას ძველი კადრებისგან:

„მე არ გამითავისუფლებია მასობრივად თანამშრომლები. თანამშრომლების ნაწილმა თავისი სურვილით დატოვა ეს სამინისტრო, თუმცა, ბუნებრივია, იყო გადაადგილებები და საკადრო ცვლილებებიც და ეს არის ბუნებრივი პროცესი“.
გასაგებია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად გვცემდნენ ხოლმე ქუჩაში, დღეს პრობლემა ჰქონდეთ ...
თინა ხიდაშელი

თუმცა მინისტრის ამ განცხადებას მნიშვნელოვანწილად ეწინააღმდეგება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყველაზე მეტი - 493 ადამიანი - სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იქნა გათავისუფლებული; თითქმის ორჯერ მეტი - 1115 ადამიანი - კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ. საყურადღეობა ისიც, რომ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური პროკურატურიდან და იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლების 70-მა პროცენტმა. ამ ფაქტის კომენტირებისას მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნების“ - ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, განაცხადა, რომ ამაში გასაკვირი არც არაფერია:

„გასაგებია, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც სეზონურად გვცემდნენ ხოლმე ქუჩაში, დღეს პრობლემა ჰქონდეთ და ვერ მუშაობდნენ „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებთან, რომლებსაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ“.

თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც არჩევნების პერიოდში კანონი დაარღვიეს, სამსახურიდან უნდა დაითხოვონ არა პირადი განცხადების საფუძველზე, არამედ კანონის შესაბამისად და სათანადო დასაბუთებით. არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ ხელმძღვანელის ნინო ლაპიაშვილის თქმით, ახალ ხელისუფლებას უჭირს ბიუროკრატიის პოლიტიკური ნიშნით დევნის შეჩერება იმის გამო, რომ მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს დასასაქმებელი.

„უამრავი მხარდამჭერი დგას მათ უკან და ითხოვს იმ მატერიალური თუ სხვა სახის კეთილდღეობის დაპირებების ასრულებას, რომელიც არჩევნების დროს მიიღეს. ხელისუფლება ვალშია ამ ხალხთან. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ მაღალი რეიტინგი აქვს და, ამ ფაქტის გათვალისწინებით, ცდილობენ მოასწრონ ახლობლებისა და ნათესავების დასაქმება, ვიდრე მათ მიმართ საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურია“, უთხრა ნინო ლაპიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური ნიშნით ცვლა ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას და რომ 1 ოქტომბერს დაწყებული პროცესის შესაჩერებლად აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა სათანადო რეაგირება მოახდინონ საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ დათხოვნის, მათ შორის, განცხადების დაწერის იძულების გახშირებულ ფაქტებზე. გარდა ამისა, საჯარო სამასახურების ხელმძღვანელმა პირებმა გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელონ მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით და მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად დაასაბუთონ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს და მომხრეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და საჯარო სამსახურებისათვის მუშაობის ხელის შეშლისგან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ასევე მიიჩნევენ, რომ სასურველია პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს საჯარო სამსახურებში მიმდინარე პროცესებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG