Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის კოდექსის მოსალოდნელი მეტამორფოზა


შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.
შრომის კოდექსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 29 თებერვალი 2012წ.
ორიოდე დღის წინ ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ხელისუფლებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ შრომის კანონმდებლობის შეცვლისა და სოციალური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე. რას უწუნებენ მოქმედ შრომის კოდექსს და რა ცვლილება შეიძლება განიცადოს შრომის კანონმდებლობამ?

1 ოქტომბრის არჩევნების, ანუ ხელისუფლების შეცვლის, შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების რაოდენობა. ამასთან, შრომის პირობებითა და ანაზღაურებით უკმაყოფილო ადამიანთა გამოსვლებმა ლამის მთელი საქართველო მოიცვა.
გაფიცულთა შორის არიან რკინიგზელები, მაღაროელები, მეტალურგები, ფოთის პორტისა და სხვა საწარმოების თანამშრომლები, რომლებიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში განიცდიდნენ დისკრიმინაციას:
2005 წელს საქართველო მიუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ წინა ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი, რომლის გადაკეთებასა და შესწორებას ახლა ვაპირებთ ...
კახა საკანდელიძე

„დღეს რაც ხდება, დავუშვათ, ფოთის პორტში, რომელმაც 9 დღიანი გაფიცვით საქართველოს ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენა და მეზობელი სახელმწიფოებიც კი შეაშფოთა, სწორედ უუფლებობიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ დასარქველებული უუფლებობის შემდეგ, როცა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაშანტაჟებულმა დასაქმებულებმა თავისუფლება იგრძნეს, ამოხეთქა პროტესტმა. და ეს გამოსვლები ხდება იქ, სადაც ყველაზე მეტად ებრძოდნენ და დევნიდნენ პროფკავშირებს“.

მართალია, ამგვარი ურთიერთობის პარალელურად, პროფკავშირები, დამსაქმებელთა ასოციაცია და მთავრობა გაერთიანებული იყვნენ სოციალურ პარტნიორთა კომისიაში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით შეიქმნა და რომლის მიზანი შრომის კანონმდებლობისა და შრომითი ურთიერთობების დახვეწა იყო, მაგრამ, როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები ამტკიცებენ, კომისია, ხელისუფლების პოზიციის გამო, მხოლოდ ფორმალურად არსებობდა, რამაც, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კახა საკანდელიძის თქმით, სავალალო შედეგი გამოიღო:

„აღმოჩნდა ისე, რომ სამინისტროს, რომლის დასახელებაა „შრმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, მხოლოდ სათაურში დარჩა „შრომა“. მართალია, 2005 წელს საქართველო მიუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ წინა ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი, რომლის გადაკეთებასა და შესწორებას ახლა ვაპირებთ. ვცდილობთ ჩვენი შრომის კანონმდებლობა მოვიყვანოთ შესაბამისობაში არსებულ საერთაშორისო ნორმებთან“.

თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშა
თბილისის ერთ-ერთი ბაზრობის მუშა
კახა საკანდელიძის თქმით, პირველ რიგში საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოსაყვანია შრომის კოდექსი, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ია თიკანაძის თქმით, შრომითი ურთიერთობის ყველა მონაწილეს აზარალებს:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მეწარმე მიიღებს შედეგს, როცა მისი დასაქმებულები იმყოფებიან მუდმივ შიშში დაკარგონ სამუშაო. არ მგონია, რომ ასეთი ადამიანი იყოს მოტივირებული. არ მგონია, რომ დასაქმებული შეძლებს სათანადოდ დახარჯოს სახსრები ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგანაც მათთან გაფორმებული აქვთ მოკლევადიანი კონტრაქტები“.

თუმცა მოქმედი ხელისუფლება შრომის კოდექსის მხოლოდ კრიტიკით არ შემოიფარგლება. პარლამენტი უკვე განიხილავს ცვლილებათა პროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნა გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ახალი ხელისუფლება შრომითი კანონმდებლობის საფუძვლიან შეცვლას აპირებს:
თუ კვალიფიკაციასა და შრომის დისციპლინას არ ავამაღლებთ, ჩვენთან ინვესტორები არ წამოვლენ, ხოლო თუ მათ კიდევ იმით შევაშინებთ, რომ არ ექნებათ უფლება დაითხოვონ არაკვალიფიციური და უდისციპლინო შრომის ძალა ...
გია ჯანდიერი

„ჩვენს შრომის კოდექსს სჭირს ის, რომ ის არის შრომის კოდექსი იმის თაობაზე, რომ საქართველოში არ არსებობს შრომის კანონმდებლობა, რადგანაც არ არის დარეგულირებული არც ერთი ის ურთიერთობა, რომელიც ნორმალურ, თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოში უნდა იყოს დარეგულირებული. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად შეუსაბამო ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

ამგვარ კრიტიკას არ იზიარებენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთა შორიისაა ვახტანგ ლეჟავა, მოქმედი შრომის კოდექსის ერთ-ერთი ავტორი.

„ჩვენი შრომის კოდექსი არის შესაბამისობაში ყველა საერთაშორისო ნორმასთან, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“. - ეს განმარტება ვახტანგ ლეჟავამ რამდენიმე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში გააკეთა. მის ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს ეკონომისტი გია ჯანდიერი, რომლის თქმითაც, საქართველოს პრობლემა მშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია და დისციპლინაა და არა შრომის კოდექსი.

„თუ კვალიფიკაციასა და შრომის დისციპლინას არ ავამაღლებთ, ჩვენთან ინვესტორები არ წამოვლენ, ხოლო თუ მათ კიდევ იმით შევაშინებთ, რომ არ ექნებათ უფლება დაითხოვონ არაკვალიფიციური და უდისციპლინო შრომის ძალა, მაშინ, უფრო მაღალი ალბათობით, არჩევენ სხვაგან წასვლასა და ისეთი ადგილების მოძებნას, სადაც მსგავსი პრობლემები არ ექნებათ. თუ ჩვენ დავემუქრებით, რომ მეტი შეზღუდვები ექნებათ დამსაქმებლებს, მაშინ ისინი, უბრალოდ, წავლენ. ამაში რაიმე ტრაგიკული და კატასტროფული კი არ იქნება, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც ვითომდა გული შესტკივათ დასაქმებულებზე, უბრალოდ, უმუშევრად დატოვებენ მათ“, უთხრა გია ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, პასუხად, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამბობს, რომ დისკრიმინაციულმა შრომის კოდექსმა ვერც ინვესტორების მოზიდვა და, შესაბამისად, ვერც უმუშევრობის შემცირება შეძლო:

ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.
ქუთაისში პარლამენტის დამხმარე ნაგებობის მშენებლობაზე ერთი მუშა დაიღუპა. 7 ივნისი 2012 წ.
„ტარანი ხომ არის თვლით? მოდი, დავითვალოთ! როგორი იყო უმუშვერობის მაჩვენებელი 2004 წელს და როგორი არის ახლა? „საქსტატის“ მონაცემებით, იყო 12,6%, ამჟამად კი არის 15,6%. ანუ გვაქვს უმუშევრობის მინიმუმ 3%-იანი მატება! ესე იგი, შრომის კოდექსმა ვერ მოიტანა სამუშაო ადგილები და ვერ შემოიტანა მეტი ინვესტიცია“.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2004 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა, 2011 წელს კი - 1 მილიარდ 100 მილიონი. შესაბამისად, რომ არა ინვესტიციების ამგვარი ზრდა, უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამგვარი სტატისტიკა ვერ შეაჩერებს შრომის კოდექსის შეცვლის დაწყებულ პროცესს, რასაც, როგორც ირკვევა, რადიკალურად არც დამსაქმებლები ეწინააღმდეგებიან. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის თქმით, მთავარია ხელისუფლებამ გადაწყვეტილება როგორც პროფკავშირების, ასევე დამსაქმებლების ინტერესთა გათვალისწინებით მიიღოს.

„ორივე მხარის არგუმენტები უნდა იყოს მოსმენილი! ასევე გასაანალიზებელია მოქმედი შრომის კოდექსის როლი ინვესტიციების მოზიდვაში. რამდენი მოიზიდა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამის შემდეგ, ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთად უნდა განვსაზღვროთ ის მიდგომები, რომელიც სჭირდება შრომის კოდექსის ცვლილებას“, უთხრა ელგუჯა მელაძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG