21 იანვარს ვაშინგტონში ვიზიტისას, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council-ის) ორგანიზებულ დისკუსიაში, Fire Side Chat, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„სტრატეგიული პარტნიორობის [დეკლარაციის ეს ტექსტი ხელმოწერამდე საქართველოს] პარლამენტისთვის არავის უჩვენებია, ამიტომ ის არის არაკონსტიტუციური“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ის [დეკლარაციის ტექსტი მაშინდელმა] პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] პირდაპირ ჩინეთში ჩაიტანა და ხელმოწერამდე არავის უნახავს“.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს მაინც ჰქონდა ნანახი“, - თქვა მან.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულებების გამო და განაცხადა:
„პარტნიორობის ტექსტს აქვს პუნქტი, რომლითაც საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ხოლო ჩინეთი აღიარებს მთელი მსოფლიოს [ქვეყნების] ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს, - მაგრამ არა კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
„ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი იმისა, თუ როგორ ... როგორ იყენებს ჩინეთი [„ქართული ოცნების“] მთავრობის სისუსტეებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი, - რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობს ოპოზიციასთან და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად, - ვაშინგტონში აშშ-ის ახალი, 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე კვირაში შეხვედრებს მართავს იქაურ კვლევით ცენტრებსა და პოლიტიკოსებთან.
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნეს. ანალიტიკოსების ნაწილმა ეს ფაქტი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებად შეაფასა.
მას შემდეგ საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კავშირები გაღრმავდა, აშშ-საქართველოსი კი - გაუარესდა.
პროევროპული დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დარბევისა და დაშლის შემდეგ, 2024 წლის ნოემბერში აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, - რომელიც 2009 წლის იანვრიდან არსებობდა ოფიციალური ქარტიის სახით, - შეაჩერა.
„ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ღალატს. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც პროტესტის უფლებას იყენებენ და შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
ფორუმი