Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა შრომის კოდექსის შეცვლას არ აპირებს


საქართველოში შრომითი ურთიერთობები 2006 წელს მიღებული შრომის კოდექსით რეგულირდება. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი მიიჩნევს, რომ მოქმედი კოდექსი შესაბამისობაშია ყველა საერთაშორისო ნორმასთან, თუმცა კოდექსს მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც იმედოვნებს, რომ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას შეძლებს. რას უწუნებენ საქართველოს შრომის კოდექსს და მისი შეცვლის რა პერსპექტივა არსებობს?

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის მოქმედ კოდექსს მიღების დღიდან აკრიტიკებს. კოდექსის დისკრიმინაციულ ხასიათსა და მისი შეცვლის აუცილებლობაზე იყო საუბარი პროფკავშირების უკანასკნელ ყრილობაზეც.

“როდესაც საქართველოს სასამართლო აღიარებს, რომ კოდექსი არის დისკრიმინაციული, მაინტერესებს რა დიდი დებატები და დიალოგი სჭირდება ამ საკითხის პარლამენტში შეტანას?! ეს სიმახინჯე, რასაც საქართველოს შრომის კოდექსი ჰქვია, უნდა შეიცვალოს!“ - ეს განცხადება პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ორი წლის წინ გაკეთა. დაახლოებით იმავე პერიოდში პროფკავშირმა ასი ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტს, საკანონმდებლო ინიციატივის სახით, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, თუმცა, როგორც გაერთიანების წარმომადგენელი პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ქსელში რაისა ლიპარტელიანი ამბობს, ამ გარემოებას ვითარება ოდნავადაც არ შუცვლია:

ნებისმიერ მომენტში დამსაქმებელს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზის გარეშე შეუძლია დაითხოვოს დასაქმებული ...
„დღემდე საქართველოს პარლამენტმა, რეგლამენტის დარღვევით, არ განიხილა აღნიშნული კანონპროექტი. ამის შემდეგ რა დიალოგზე შეიძლება საუბარი?“

თუმცა გარკვეული სახის დიალოგი შრომის კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის მაინც მიმდინარეობს. ლაპარაკია სამმხრივ კომისიაზე, რომელშიც, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, მესამე წევრის სტატუსით დამსაქმებელთა ასოციაცია მონაწილეობს.

„კომიტეტის გეგმაში დევს, როგორც კი იქნება კომისიის გადაწყვეტილება, მაშინვე განვიხილავთ. ასე რომ, მოლოდინის რეჟიმში ვართ, თორემ ერთი წლის წინაც განვიხილავდით“, უთხრა ოთარ თოიძემ რადიო თავისუფლებას.

მოლოდინის რეჟიმი, რომლის შესახებაც ოთარ თოიძე ლაპარაკობდა, ორ წელზე მეტია გრძელდება და ეს მაშინ, როცა პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ შრომის მოქმედი კოდექსი დისკრიმინაციულია და მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებს შეესაბამება. რაისა ლიპარტელიანი განმარტავს:

ჩვენი შრომის კოდექსი არის შესაბამისობაში ყველა საერთაშორისო ნორმასთან - მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლურ ორგანიზაციებთან ...
„ამ კოდექსის მიხედვით, აბსოლუტურად უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდა დასაქმებული დამსაქმებელთან მიმართებით. ნებისმიერ მომენტში დამსაქმებელს ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და მიზეზის გარეშე შეუძლია დაითხოვოს დასაქმებული. ამის გარდა, აღნიშნული კოდექსით დაშვებულია ზეპირი, მოკლევადიანი ხელშეკრულებები, რომლის ზღვარი არ არის დაწესებული. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ორთვიანი ან ერთკვირიანი. ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად დაუცველია დასაქმებული, რადგანაც დავის შემთხვევაში ვერ ასაბუთებს დასაქმების ფაქტს.“

საქართველოს შრომის კოდექსის ამ მუხლებს უცხოელი ექსპერტების ერთი ნაწილიც აკრიტიკებს. საქმე ისაა, რომ გასულ კვირაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ უმასპინძლა ამერიკელ კოლეგას, შეერთებული შტატების პროფკავშირების კონფედერაციის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეფ ვოთს, რომელმაც ვიზიტის მსვლელობისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეშფოთებას იწვევს საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული ვითარება და რომ ამის გამო შესაძლოა ამერიკის პროფკავშირების კონფედერაციამ შტატების ხელისუფლებას მიმართოს თხოვნით, შეაჩეროს "ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა".

"საჩივრის მიზანია, დავიწყოთ დიალოგი საქართველოს მთავრობასთან, რათა მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სიტუაციის გამოსასწორებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერს გააკეთებენ, მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, მოუხსნას შეღავათები საქართველოს", განაცხადა ჯეფ ვოთსმა.

თუმცა მთავრობაში არ იზიარებენ კრიტიკას. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა დარწმუნებულია, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოს შრომის კოდექსს დახვეწა არ სჭირდება.

„ჩვენი შრომის კოდექსი არის შესაბამისობაში ყველა საერთაშორისო ნორმასთან - მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლურ ორგანიზაციებთან - და არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებდეს. გარკვეულ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი აზრი ჰქონდეთ, რაც ჩვენს პლურალისტურ საზოგადოებაში მიღებულია“, უთხრა ვახტანგ ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს მთავრობაში იმასაც ამტკიცებენ, რომ შრომის კოდექსის გამო არც ევროკავშირთან პრეფერენციების განზოგადებული სისტემის გაუქმებაა მოსალოდნელი, როგორც ამას ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ. ვახტანგ ლეჟავას თქმით, ევროკავშირს შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინსტიტუციური კომპეტენცია არ გააჩნია და, შესაბამისად, არც დოკუმენტი არსებობს, რომელშიც ევროკავშირი საქართველოს შრომის კოდექსის შეცვლას მოითხოვდეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG