„ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან”, - დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში, 22 იანვარს, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.
თავდასხმის საქმის გამოძიება პროკურატურამ შს სამინისტროსგან სრულად გადაიბარა, როგორც ამას მანამდე გახარიას მხარე მოითხოვდა, მაგრამ შემდეგ უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ პროკურატურამ სასტუმრო „შერატონიდან“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სერვერიანად წაიღო.
ამ ჩანაწერების მოპოვებას გახარიას პარტია 14 იანვრის შემდეგ უშედეგოდ ცდილობს.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ საკუთარი ძალებით წამოწყებული „გამოძიება“ მათ უძლიერებს ეჭვს, რომ - პოლიტიკოსზე თავდასხმა იყო წინასწარ განზრახული, ორგანიზებული დანაშაული და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც მალე გამოაქვეყნებენ.
რა ეჭვებს აჩენს „შერატონ ბათუმის“ გადაწყვეტილებები
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში მოეწყობოდა [გიორგი გახარიაზე] თავდასხმისთვის ჩასაფრება“, - თქვა 22 იანვარს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, გახარიას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.
ამგვარი ეჭვების საფუძველს პარტიას შემდეგი გარემოებები აძლევს:
- გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, იმავე ფოიეში, იმავე ჯგუფისგან დაზარალებული ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მოაშორეს შემთხვევის ადგილს, პოლიცია არ გამოიძახეს და თავდამსხმელები ადგილზე დატოვეს;
- პოლიცია სასტუმროში დაგვიანებით მივიდა, მის მისვლამდე კი პერსონალმა შემთხვევის ადგილი დაასუფთავა, რითაც განადგურდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები [მაგალითად, სისხლის კვალი];
- სასტუმრომ, დაუსაბუთებელი მოტივით, ერთი კვირის განმავლობაში არ მიაწოდა დაზარალებულ მხარეს თავდასხმის ამსახველი კადრები [გადაღებული სათვალთვალო კამერებით], ამასობაში კი - ჩანაწერები, სერვერიანად, გამოძიებამ წაიღო.
მანამდე, პირველი დღიდან, სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ ადასტურებდა, რომ ვიდეოჩანაწერები არსებობდა, მათ სერვერზე ინახავდა და კანონის შესაბამისად გასცემდა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა Sheraton Hotels and Resorts-ს, - ამერიკულ სასტუმროთა ქსელს, რომლის ნაწილიცაა „შერატონ ბათუმი“, - თუმცა მომხდართან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი არ მიუღია.
რადიო თავისუფლებას „შერატონ ბათუმში“ უთხრეს, რომ, რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, მენეჯმენტის შესაბამისი წარმომადგენლები სამსახურში არ იმყოფებიან.
ბერდია სიჭინავამ 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ასევე, რომ კამერების ჩანაწერები, ერთი განჩინებით, უკვე გამოთხოვილი ჰქონდა პროკურატურას; მაგრამ, მეორე განჩინებით, „სახელდახელოდ“ ამოიღეს სრული სერვერული ინფრასტრუქტურაც, „რათა ხელმიუწვდომელი გამხდარიყო ის კადრები საზოგადოებისთვისაც და პერსონალურად - გიორგი გახარიასთვის“.
გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ „შერატონ ბათუმიდან“ 21 იანვარს ნამდვილად გაიტანეს სერვერი, რომელზეც ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ინახებოდა, მაგრამ მანამდე, ცალკე ვიდეოჩანაწერი მათ არ მოუთხოვიათ და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
რა საჭირო იყო სერვერის წაღება?
„დავნიშნეთ ექსპერტიზა სერვერზე არსებულ სრულ ჩანაწერზე, იმის დასადგენად - ხომ არ მომხდარა ტექნიკური ჩარევა“, - გვიპასუხეს პროკურატურაში.
ვიდეოჩანაწერის ამოღებასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
ბათუმის „შერატონში“ მომხდარ ინციდენტს თავდაპირველად შს სამინისტრო იძიებდა, მაგრამ შემდეგ პროკურატურას გადაეცა. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს 20 იანვარს, როდესაც შს სამინისტროს გახარიას გამოკითხვა შესთავაზეს, ხოლო პასუხი სამი საათის დაგვიანებით მიიღეს.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, - რაც ძალადობას გულისხმობს.
გახარია გამოკითხვაზე და პარალელური გამოძიება
22 იანვარს, გახარია გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს. ეს იყო პირველი გამოკითხვა თავდასხმის შემდეგ. როგორც პარტიაში აცხადებენ, მისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.
„მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“, - წერს გიორგი გახარია გამოძიების შესახებ, ფეისბუკპოსტში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გახარია გამოკითხვაზე მანამდეც დაიბარეს, როცა გამოძიების პროცესს შს სამინისტრო უძღვებოდა, თუმცა მაშინ მისვლა ვერ შეძლო, რადგან ექიმის დანიშნულებით სახლში მკურნალობდა.
სამედიცინო შემოწმების შედეგად, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა - მას შემდეგ, რაც 14 იანვარს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელებს შორის სახელდებიან „ოცნების“ წარმომადგენლები - დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ოფიციალურად მიმდინარე გამოძიების პარალელურად, საკუთარი რესურსებით ატარებენ „გამოძიებას“ - მოიპოვეს მტკიცებულებები, იდენტიფიცირებულები ჰყავთ დამნაშავეები.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უკვე შეგროვებულია არაერთი მტკიცებულება, რაც გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტის წინასწარ დაგეგმვასა და ორგანიზებას ადასტურებს.
„თვითონ თავდამსხმელები იღებდნენ ყველაფერს, რაც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. მათ იცოდნენ, რომ გიორგი გახარია ამ სასტუმროში ჩერდებოდა... "შერატონ ბათუმის" რეპუტაციის სრული განადგურება ხდება და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ არ უნდა აწყობდეთ ჩვენთვის სრული ვიდეოჩანაწერის გადმოცემა, რომ ამაზე მიდიან... თუ ჰგონიათ, რომ ეს შერჩება ვინმეს, წარმოუდგენელია“, - გვეუბნება ბუჩუკური და ამატებს, რომ უკლებლივ ყველა მტკიცებულებას საზოგადოებას წარუდგენენ.
გიორგი გახარიას ზარის შემდეგ, ანა ბუჩუკური „შერატონ ბათუმში“ ტაქსით, 6 წუთში მივიდა და ორჯერ თავად მან დაურეკა პოლიციას: 01:44 საათზე და 02:10 საათზე. „შერატონიდან“ პოლიციის სამმართველომდე მანძილი დაახლოებით ერთი კილომეტრია.
ბუჩუკური გვეუბნება, რომ მეორე ზარის შემდეგ, პოლიციას ადგილზე მისასვლელად კიდევ გარკვეული დრო დასჭირდა, რაც მათთვის შეგნებული დაგვიანების ეჭვებს აღძრავს.
გახარიაზე - საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში. პოსტიდან ის 2021 წლის თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან” უთანხმოების შედეგად გადადგა და შემდეგ - საკუთარი პარტია შექმნა.
გადადგომის შემდეგ, გახარია მუდმივად არის ყოფილი თანაგუნდელების აგრესიის სამიზნე. მას ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალებაში სდებდნენ ბრალს, რაც სამართლებრივად დადასტურებული არ არის.
2024 წლის არჩევნების წინ, ტელეკომპანია „იმედთან” ინტერვიუში, „ქართული ოცნების” მილიარდერმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაასამართლებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას, მისი პარტიის წარმომადგენლებიანად და, რომ - „სასამართლოს დონეზე ყველა დოკუმენტი დალაგებულია“.
„წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიების” დამკვეთად გიორგი გახარია და მისი პარტია სწორედ ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.
„გარდა იმისა, რომ [თავდასხმის] ფაქტი არის მძიმე, გზავნილიც იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, რიგითი მოქალაქეებისათვის, რომ აი, მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვესხმი თავს და შენ საერთოდ დაუცველი ხარ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანა ბუჩუკური.
„ოცნება“ აცხადებს, რომ ჩხუბი გახარიამ დაიწყო.
„გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქიანი ფურცელი თუ პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. მაგრამ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით აღქმა ვერ გაიღუნება“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ და დაამატა, რომ დეტალები გამოძიების პროცესში დადგინდება.
მდინარაძის ინფორმაციით, სამხარაძე გამოკითხვაზე ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, 14 იანვარს, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც. ის შემთხვევის ადგილს სასტუმროს დაცვამ განარიდა ისე, რომ პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ. ქორიძე თავდამსხმელებად იგივე ხალხს ასახელებს.
22 იანვარს პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო.
ჩანაწერებზე წვდომის უფლება - რას ამბობს კანონი?
გიორგი გახარიას თანაპარტიელები თავდასხმის კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე არ ლაპარაკობენ, ვიდრე მათთვის ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია ხელმიუწვდომელია. გამოძიების მიერ „შერატონ ბათუმიდან“ სერვერის წაღების შემდეგ, ვიდეოჩანაწერები შესაძლოა კიდევ კარგა ხანს დარჩეს ხელმიუწვდომელი.
იურისტები განმარტავენ, რომ ამ მასალების მოპოვების შესაძლებლობა გიორგი გახარიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი დაზარალებულის სტატუსს მიიღებს. ამასთან, მასალების სანახავად - სერვერის ექსპერტიზა უნდა დასრულდეს და ვიდეოჩანაწერი საქმის ნაწილი გახდეს.
ვიდრე სერვერს სასტუმროდან გაიტანდნენ, არსებობდა კანონიერი შესაძლებლობა, რომ, როგორც გიორგი გახარიას, ასევე ზვიად ქორიძეს, ვიდეოჩანაწერები პერსონალური ინფორმაციის სახით მოეთხოვათ.
ჩანაწერები ბათუმის „შერატონმა“ არც გახარიას მისცა და არც ქორიძეს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გეძლევა უფლება, რომ კერძო ობიექტიდან მიიღო ის ვიდეოჩანაწერები, სადაც შენ ხარ ასახული. შეიძლება დანაშაულიც არც იყოს მომხდარი, მაგრამ რაღაც ფაქტი იყოს, შენი მონაწილეობით და გსურდეს, რომ გქონდეს ეს ჩანაწერი.
ამ შემთხვევაში, კერძო ობიექტებს კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ დაიცვას მესამე პირების პერსონალური მონაცემები და ასეთ დროს შესაძლებელია, მაგალითად, მესამე პირების სახეების დაბლარვა [დაფარვა], რათა შეუძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, ადვოკატის პრაქტიკის მქონე იურისტი, ედუარდ მარიკაშვილი.
მისი განმარტებით, არ არსებობს სერვერებისთვის ექსპერტიზის ჩატარების კონკრეტული ვადები, ხოლო ადვოკატების პრაქტიკა ექსპერტიზის პროცესის გაჭიანურების მრავალ მაგალითს იცნობს.
15 იანვარს, ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა, სავარაუდოდ, დამონტაჟებული, ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ, შელაპარაკების შემდეგ, გახარია სამხარაძეს სითხეს ასხამს, სამხარაძე კი მისკენ იწევს. ამ კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე და არც შემდეგ, ვიდრე სცენამდე - როცა უკვე სასტუმროს შესასვლელ კართან, ძირს დავარდნილი გიორგი გახარია წამოდგომას ცდილობს, დიმიტრი სამხარაძე კი ყვირის: „ხელი როგორ დამარტყი“ და იქაურობას ტოვებს.
სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ მენეჯმენტმა მაშინ განაცხადა, რომ ეს კადრები სასტუმროს სათვალთვალო კამერებით არ არის გადაღებული.
ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, გამოძიებას დამნაშავეების დასჯის რეალური ინტერესი რომ ჰქონდეს, „სამართლებრივად აქვთ უფლებაც და შესაძლებლობაც, რომ ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროონ”, რაც მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ.
„გახარია ყოფილი პრემიერ-მინისტრია და ამხელა საჯარო ინტერესის მიუხედავად როცა ამას არ აკეთებენ [არ ასაჯაროებენ ჩანაწერს], ჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებას შესაძლოა არ ჰქონდეს რეალური ინტერესი, გამოავლინოს ობიექტური ჭეშმარიტება და მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია”, - ეუბნება ედუარდ მარიკაშვილი რადიო თავისუფლებას.
იურისტის შეფასებით, გახარიას საქმის გამოძიების ძალადობის მუხლით დაწყება არასაკმარისია, რადგან უკვე ცნობილი გარემოებები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე მიანიშნებს.
ფორუმი